დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1242-2025 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი (მოპასუხე)
II კასატორი - დ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინების გაუქმება (I კასატორი), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.09.2024 წლის საოქმო განჩინების გაუქმება (II კასატორი)
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ა–მა“ (შემდეგში წოდებული: „მოსარჩელე“, „I კასატორ“ მხარედ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დ.მ–ის (შემდეგში წოდებული: „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე, „II კასატორ“ მხარედ) მიმართ, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. სარჩელის თანახმად, შპს „ა–ი“ წარმოადგენს ქ. თბილისში, ............, ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფარგლებში მდებარე 520 კვ.მ. ფართით რიცხული შენობა-ნაგებობისა და მასზე განთავსებული შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უკანონო პრივატიზაციის შედეგად, პარალელურად აღმოჩნდა მოპასუხე დ.მ–ის მფლობელობაში, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით წარმოებული დავის შედეგად ბათილად იქნა ცნობილი და ზემოხსენებულ ქონებაზე აღდგენილ იქნა შპს „ა–ის“ უფლებრივი მდგომარეობა. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 17.06.2021 წელს. მიუხედავად ამგვარი სამართლებრივი მოცემულობისა, მოპასუხე სარჩელის აღძვრის დროსაც სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთით.
2.2. მოპასუხის ქონება საკადასტრო და სტრუქტურული მახასიათებლებით იმგვარად არის განლაგებული და ემიჯნება შპს „ა–ის“ კუთვნილ შენობა-ნაგებობას, რომ ამ უკანასკნელს თავის საკუთრებასთან დამაკავშირებელი გზა არ გააჩნია და იგი სწორედ დ.მ–ის საკუთრებად შენარჩუნებულ მიწის ნაკვეთზე ექცევა.
2.3. სარჩელით მოთხოვნილია, ასევე საიჯარო თანხის დაკისრება, სახელდობრ, შპს „ა–ის“ საკუთრებაში არსებული, .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2021 წლის 17 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე 1677 აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, მითითებული მომენტიდან სარჩელის აღძვრის დღემდე განვლილი პერიოდი მოიცავდა 21 თვეს და 11 დღეს, რის შედეგადაც ყოველთვიური საიჯარო ქირის ჯამური ოდენობა სარჩელის აღძვრის მომენტისთვის 35831.90 აშშ დოლარს შეადგენდა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, შპს „ა–ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე (დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიწის ნაკვეთი სრულად არის ათვისებული შენობა-ნაგებობა N1-ის მიერ) მიდის სრულფასოვანი საჯარო გზა, რომელიც რამდენიმე მეტრის სიგანისაა (5-დან 7,5 მეტრამდე). შესაბამისად, შპს „ა–ს“ მიწის ნაკვეთამდე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N1-მდე მისვლა შეუძლია საჯარო გზის გამოყენებით (დ.მ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე, როგორც ფეხით, ისე ავტომობილით (მათ შორის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილით)). მოპასუხემ აღნიშნა, რომ შპს „ა–ის“ მოთხოვნა თავისი არსით იყო არა აუცილებელი გზის მოთხოვნა, არამედ დამატებითი გზების მოთხოვნა მისი დაზარალების ხარჯზე.
3.3. ვინდიკაციურ მოთხოვნასთან მიმართებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ შენობა-ნაგებობა N1, ისევე როგორც მთლიანი უძრავი ქონება დ.მ–ს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს მიერ მოწყობილ აუქციონში გამარჯვების შედეგად. მოპასუხემ საკუთარი ხარჯით უზრუნველყო სავალალო/გაპარტახებულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობა N1-ზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება და 2016 წლისათვის მოიყვანა გამართულ, გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში. უკვე წლებია, რაც დ.მ–ს აღნიშნულ შენობა-ნაგებობა N1-ში მოწყობილი აქვს სიმინდის ბურბუშელას წარმოება. ჯერჯერობით, მოპასუხისათვის არც სახელმწიფოს აუნაზღაურებია დამდგარი კოლოსალური ზიანი და არც შპს „ა–ს“ გადაუხდია იმ გაუმჯობესების ხარჯები, რაც შენობა-ნაგებობა N1-ში ჩატარდა.
3.4. საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ შპს „ა–ის“ მიერ 2021 წლის 17 ივნისიდან საიჯარო ქირის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო იყო შემდეგი მიზეზების გამო: ა) მოსარჩელე შენობა-ნაგებობა N1-ის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა 2022 წლის 16 მარტს და ბ) შპს „ა–მა“ შენობა-ნაგებობა N1-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის შემდეგ მოსთხოვა დ.მ–ს საიჯარო ქირის გადახდა 2022 წლის 01 აპრილიდან. შესაბამისად, შესაგებლის თანახმად, სულ მცირე 2021 წლის 17 ივნისიდან 2022 წლის 01 აპრილამდე პერიოდისათვის (9 თვე და 14 დღე) თანხის გადახდის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო იყო. ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა-ნაგებობა N1-ის საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება დადგენილია 2022 წლის 8 დეკემბრამდე. 2022 წლის 8 დეკემბრის შემდგომ პერიოდზე საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დადგენილი არ იყო. შესაბამისად, 2022 წლის 8 დეკემბრის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელის მიერ თანხის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ა–ს“, ქ. თბილისში, ............. მდებარე, N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (შენობა ნაგებობა N1 საერთო ფართით 520.00 კვ.მ. შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი) ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, მიეცა უფლება ესარგებლა მოპასუხე დ.მ–ის საკუთრებაში არსებული, N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 18/11/2022 წლის N008054022 ექსპერტიზის დასკვნის დანართი N4 ის ლურჯი ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად. დ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ............., შენობა ნაგებობა N1 (ს/კ .............) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე შპს „ა–ს“. მოპასუხე დ.მ–ს, მოსარჩელე შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად - 1677 აშშ დოლარის გადახდა, 2021 წლის 17 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრა დ.მ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, დ.მ–ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. დ.მ–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებას, შეწყდა. დ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და შპს „ა–ის“ სარჩელი დ.მ–ისათვის აუცილებელი გზის თმენის ვალდებულების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დ.მ–ის მფლობელობიდან N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში შპს „ა–ის“ სარჩელთან დაკავშირებული საქმის წარმოება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ა–ის“ სარჩელი დ.მ–ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ.მ–ს შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 54 054 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დ.მ–ს შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2828.44 ლარის გადახდა.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინდიკაციურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, დასტურდებოდა, რომ 2025 წლის 16 ივნისის „მიღება-ჩაბარების“ აქტის შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება ნებაყოფლობით შეასრულა და სადავო ქონება დააბრუნა, რის გამოც, არსებობდა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი (იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-773 730-2015, 8.09.2015წ.; №ას-155-2024, 13.05.2024 წ.; (სუსგ. ას-1284-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი, პ. 38-39).
5.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის არამართლზომიერი ქმედებით მიყენებული კონდიქციური ზიანი 2022 წლის აპრილიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდისათვის უნდა აენაზღაურებინა, ვინაიდან ამ დრომდე, სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს მართლზომიერად ეკუთვნოდა და ვინაიდან იგი ამ თანხით უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა და არც მისი გათანაბრების ვალდებულება არ ეკისრებოდა.
5.4. სააპელაციო პალატამ მოიხმო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 12 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო ქონების 1 კვ.მ-ის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2021 წლის 17 ივნისიდან 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით 2,7 აშშ დოლარი იყო. პალატამ მიუთითა, რომ ამ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია მასზე. მას არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ სადავო ქონების ქირავნობის ფასი სარჩელის აღძვრის შემდეგ შეიცვალა, რის გამოც, პალატამ დასკვნა გაიზიარა.
5.5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული საიჯარო ქირა გამოითვალა სადავო შენობის საერთო ფართიდან, რომელიც მიეთითა არა 520 კვ.მ., როგორც ეს სინამდვილეშია, არამედ 621,28 კვ.მ. შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი ქირის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო შემდეგი კალკულაციით: 2022 წლის აპრილიდან 2025 წლის 16 ივნისამდე ყოველთვიურად, 2,7X520=1404 აშშ დოლარი, ანუ სულ - 1404X38+1404/2=54054 აშშ დოლარი.
5.6. სააპელაციო პალატამ აუცილებელი გზის უზრუნველყოფის საჭიროების დასადგენად მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და განმარტა, რომ საქმის მასალებით უტყუარად მტკიცდებოდა, რომ სადავო ქონება, ფაქტობრივად, საჯარო გზას ემიჯნებოდა და ამ გზიდან შენობაში მოხვედრა სარდაფის სართულზე არსებული შესასვლელი კარის ღიობითა იყო შესაძლებელი. პალატამ ასევე მიუთითა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ ექსპერტიზაზე, რომელმაც ეს საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლა და განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთებოდა მოსარჩელისთვის მოპასუხის თმენის სანაცვლოდ აუცილებელი გზის უფლების მინიჭების წინაპირობები, ვინაიდან ექსპერტთა დასკვნებით დგინდებოდა, რომ აპელანტის კუთვნილი ნაკვეთის გავლის გარეშე, სადავო ქონებასთან მოხვედრა შესაძლებელია, როგორც სამხრეთ ნაწილში არსებული მოხრეშილი საავტომობილო გზის, ისე ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაურეგისტრირებელი ტერიტორიის გავლით.
5.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრეს დ.მ–მა და შპს „ა–მა“.
6. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. I კასატორი - შპს „ა–ი“ ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოთვალა მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა, სარჩელით მოთხოვნილია 1677 აშშ დოლარის ყოველთვიურად, 2021 წლის 17 ივნისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული თარიღი მოსარჩელემ დაუკავშირა, იმ დროს, როდესაც საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მოსარჩელის საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც რეალურად მოპასუხის მფლობელობაში იმყოფებოდა. ნაცვლად ამისა, სააპელაციო პალატამ სრულიად უმართებულოდ, თანხის დაკისრების ათვლა დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც შპს „ა–მა“ მოპასუხეს წერილობით მიმართა. პირველი კასატორი ამტკიცებს, რომ ვინაიდან მოპასუხემ ვინდიკაციური მოთხოვნა ნებაყოფლობით დააკმაყოფილა, თანხის დაკისრება უნდა მომხდარიყო 2021წლის 17 ივნისიდან 2025 წლის 16 ივნისამდე სულ 80 496 აშშ დოლარი და არა 54 054 აშშ დოლარი, როგორც ეს გასაჩივრებული განჩინებით მოხდა.
6.3. I კასატორი, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს აუცილებელი გზის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შესახებ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მოთხოვნა მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით არ დააკმაყოფილა. ამ მიმართებით კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, რადგან დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე დისპოზიციურობისა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან ამგვარი მოთხოვნა მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია. რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერიალურ უსწორობებს, პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, შესაგებელს თან ერთვის არაერთი ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობას, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაა და რომელიც მოპასუხემ გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განახორციელა, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც იგი საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზეც აღირიცხა უკანონოდ ჩატარებული პრივატიზაციის შედეგად, სწორედ იმ მხარეს, რომლიდანაც აუცილებელი გზის დადგენასაც მოსარჩელე ითხოვდა, შეიცავდა შენობის პირველ სართულზე შესასვლელი კარის ღიობს, რაც იმ მოცემულობის უტყუარი დადასტურებაა, რომ ამ კართან დამაკავშირებელ ერთადერთ ლოკაციას მიწის ნაკვეთის სწორედ ის ნაწილი წარმოადგენდა, რომელზეც მოპასუხეს დღემდე უნარჩუნდება საკუთრების უფლება.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
7.1. II კასატორი - დ.მ–ი ითხოვს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
7.2. დ.მ–ი უკანონოდ მიიჩნევს მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 54 054 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას რამდენიმე გარემოების გამო: რომ არა დ.მ–ის ხარჯით „შენობა-ნაგებობა N 1“-ზე ნაწარმოები გაუმჯობესება, დღეს (ისევე როგორც 2021-2023 წლებში) შენობა-ნაგებობა N 1-ის საიჯარო ქირის ფასი ნული ლარი იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შენობა-ნაგებობა N1-ს იმ მდგომარეობით არავინ აიღებდა იჯარით, რა მდგომარეობაშიც აუქციონის პერიოდისათვის იმყოფებოდა, აღნიშნულის საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი კი, მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც არ დაუძლევია.
7.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მტკიცებით, შპს „ა–ის“ მიერ 2021 წლის 17 ივნისიდან საიჯარო ქირის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა ვინაიდან შპს „ა–ი“ შენობა-ნაგებობა N1-ის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა 2022 წლის 16 მარტს და მან შენობა-ნაგებობა N1-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის შემდეგ მოსთხოვა დ.მ–ს საიჯარო ქირის გადახდა 2022 წლის 1 აპრილიდან (მანამდე შპს ა–ს დ.მ–ისათვის საიჯარო ქირის გადახდა არ მოუთხოვია). შესაბამისად, კასატორი ამტკიცებს, რომ სულ მცირე, 2021 წლის 17 ივნისიდან 2022 წლის 01 აპრილამდე პერიოდისათვის (9 თვე და 14 დღე) საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი თანხის დაკისრების მართებულობის გამოსარიცხად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „შენობა-ნაგებობა N1“-ის საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება დადგენილია 2022 წლის 8 დეკემბრამდე. 2022 წლის 8 დეკემბრის შემდგომ პერიოდზე საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დადგენილი არ არის. შესაბამისად, 2022 წლის 8 დეკემბრის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელის მიერ თანხის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ცხადია, სრულიად უსაფუძვლოა აგრეთვე, სამომავლო პერიოდზე თანხების მოთხოვნა, ვინაიდან სამომავლო საიჯარო ქირის ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია.
7.5. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლი, რადგან იმ პირობებშიც, თუ მხედველობაში არ იქნებოდა ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი შედავება, კანონის თანახმად, ვინაიდან მოპასუხე სადავო ფართის არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი იყო მას მართლზომიერად ეკუთვნოდა სადავო ფართის ფლობის უფლება, რაც მოსარჩელეს მისგან ნაყოფის მიღების შესაძლებლობას უსპობდა.
7.6. მეორე კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით საპროცესო ხარჯების კალკულაციას, ვინაიდან აღნიშნული კალკულაცია წინააღმდეგობაში მოდის სარჩელთან/კორექტირებულ სარჩელთან. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ 1-ლი და მე-2 სასარჩელო მოთხოვნების ფასი განსაზღვრა 4000 - 4000 ლარით. 1-ლი და მე-2 სასარჩელო მოთხოვნების ფასი ამგვარად განსაზღვრა მოსარჩელემაც, თუმცა პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე 120 ლარის ნაცვლად გადაიხადა მხოლოდ 60 ლარი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის საერთო ღირებულება რა თქმა უნდა, 5000 ლარს აღემატება, შესაბამისად წინამდებარე საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმე არ არის და შესაბამისად არც ზემოაღნიშნული 120 ლარის განახევრების საფუძველი არსებობდა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ეს გარემოება სრულიად უკანონოდ არ მიიჩნია სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად. დ.მ–ი ასევე აცხადებს, რომ მას უკანონოდ დაეკისრა ბაჟის გადახდის ვალდებულება რადგან 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე არ იყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, დ.მ–ისათვის 2171,56 ლარის დაკისრება ცალსახად უკანონოა. მეორე კასატორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟის განაწილების კალკულაცია მოხდეს შემდეგი სახით: მე-3 სასარჩელო მოთხოვნის ფასად მიჩნეულ უნდა იქნეს 34 348,4 აშშ დოლარი, რაც მიღებულია შემდეგი კალკულაციით: მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 120 ლარი უნდა ჩაითვალოს პირველი სასარჩელო მოთხოვნის ბაჟად, რის შედეგადაც გამოდის, რომ მესამე სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელეს ბაჟის სახით გადაუხდია 2708,44 ლარი, რაც არის 90 281,33 ლარის 3%. თავის მხრივ, 90 281,33 ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ 2,6284 კურსზე გაანგარიშებით არის 34 348,4 აშშ დოლარი.
7.7. დ.მ–ი ასაჩივრებს სააპელაციო პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე. იდენტური არგუმენტაციით მეორე კასატორი, ასევე, შუამდგომლობს უზენაესი სასამართლოს წინაშე, რომ საქმისწარმოება შეჩერდეს N3/4532-23 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. დ.მ–ის მტკიცებით, მოცემული დავის განხილვა არ უნდა დასრულდეს, მანამ სანამ არ გადაწყდება დ.მ–ისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხი.
7.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, დ.მ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან დ.მ–ს ეკუთვნის 1507 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გარდა შენობა-ნაგებობა N1-სა საერთო ფართით 520 კვ.მ. თავის მხრივ, ამავე საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან შპს „ა–ს“ ეკუთვნის შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართით 520 კვ.მ. და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი;
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის N1/1-957 ბრძანებისა და 2014 წლის 27 მაისის N7/18384 წერილის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2014 წლის 30 მაისს, სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებად დაარეგისტრირა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა შიდა აზომვითი ნახაზების შესაბამისად;
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის ბრძანებით სადავო ქონების პრივატიზაციის მიზნით, გამოცხადდა აუქციონი. იგი გაიმართა 2014 წლის 11 ივლისს და მასში გაიმარჯვა მეორე კასატორმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე კასატორს შორის, 2014 წლის 6 აგვისტოს, დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მან სადავო ქონება სახელმწიფოსაგან 91000 ლარად შეიძინა. ამის საფუძველზე, დ.მ–ი საჯარო რეესტრში სადავო ქონების მესაკუთრედ აღირიცხა;
- 2017 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელემ აღძრა სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ.მ–ის წინააღმდეგ და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ადმინისტრაციული აქტები, რომლის საფუძველზეც დ.მ–ი სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა, ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ დაადგინა, რომ, სინამდვილეში, სადავო ქონება მოსარჩელეს ეკუთვნოდა და სახელმწიფოს მისი განკარგვის უფლება არ ჰქონდა;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში;
- 2022 წლის 16 მარტს, მოსარჩელე საჯარო რეესტრში სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა (ტ. 1-ელი, ს.ფ. 245), 2022 წლის 24 მარტს კი, მან დ.მ–ს მისწერა შემდეგი შინაარსის წერილი: „გაცნობებთ, რომ შპს „ა–ი“ დარეგისტრირდა თბილისში, ............. N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე 520 კვ.მ. N1 შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ, რომელიც დაკავებული გაქვთ თქვენ. ვინაიდან წარმოვადგენთ აღნიშნული ფართის სრულუფლებიან მესაკუთრეს, გთავაზობთ ჩვენს შორის შემდგომი ურთიერთობის მოწესრიგების ორ ალტერნატიულ ვერსიას: გადმოგვეცეს ზემოაღნიშნული შენობა- ნაგებობა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, არაუგვიანეს 2022 წლის 1 მაისისა; 2022 წლის 1 აპრილიდან გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განაგრძობთ ჩვენი კუთვნილი ფართით სარგებლობას, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება 1500 აშშ დოლარით (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიცია“. საბოლოოდ, აპელანტმა მოსარჩელეს სადავო ქონება 2025 წლის 16 ივნისს დაუბრუნა, რის გამოც ვინდიკაციური მოთხოვნის ნაწილში, საქმისწარმოება შეწყდა;
- სადავო ქონების 1 კვ.მ-ის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2021 წლის 17 ივნისიდან 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით 2,7 აშშ დოლარი იყო;
- სადავო ქონება განთავსებულია საჯარო საავტომობილო გზის მიმდებარედ და ამ გზიდან შენობაში შესვლა შენობის სამხრეთ ნაწილში მოწყობილი ლითონის კარით არის შესაძლებელი, გარდა ამისა, სადავო შენობას აქვს ორი კარი, რომლებიც აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის;
- 2023 წლის 16 ივნისს მეორე კასატორმა აღძრა სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მოსარჩელის მიმართ და მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამ სამართალწარმოებაში იგი მოსარჩელისაგან 71 103,45 ლარის გადახდას ითხოვს; დ.მ–ის სარჩელისა (ტ. მე-2, ს.ფ. 17-49) და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნის თანახმად, ეს ის თანხაა, რომელიც მან სადავო ქონების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის დახარჯა.
13. მოცემულ შემთხვევაში, I კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენაზე უარის თქმის კანონიერება და მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით, 54 054 აშშ დოლარის ნაცვლად 80 496 აშშ დოლარის დაკისრების მართლზომიერება. ხოლო, I კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს მისთვის ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, საქმისწარმოების შეჩერებაზე უარსა და სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების კალკულაციის კანონიერება, რასაც საბოლოო ჯამში გავლენა აქვს მეორე კასატორისთვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაზე.
14. I კასატორის საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.; სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
16. ხაზგასასმელია, რომ ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1901-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როცა აუცილებელ გზაზეა საუბარი, აქ, ცხადია, მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა არ იგულისხმება, მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 109; ასევე სუსგ საქმე №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007წ.).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები). აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 14 აპრილისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 18 ნოემბრის დასკვნები, რომლითაც უტყუარად მტკიცდება, რომ სადავო ქონება, ფაქტობრივად საჯარო გზას ემიჯნება და ამ გზიდან შენობაში მოხვედრა სარდაფის სართულზე არსებული შესასვლელი კარის ღიობითაა შესაძლებელი. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ამავე საექსპერტო ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, ეს საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლა და გამოარკვია: სახელდობრ, საქმის მასალებში მოთავსებული მტკიცებულებებით დგინდება რომ: „ა) - ე) ქ. თბილისში, ............. მდებარე N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა N1-ის პირველი სართულის (სარდაფის სართულის) სამხრეთ ნაწილში მოწყობილ შესასვლელ ლითონ კარს გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. კერძოდ, კარის ღიობთან მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მის სამხრეთ ნაწილში არსებული საავტომობილო მოხრეშილი გზიდან, რომელიც გადის დაურეგისტრირებელ სივრცეზე (იხ. დანართი N1 და ფოტოილუსტრაცია). აღნიშნული საავტომობილო გზის მაქსიმალური დახრილობა ფაქტობრივად შეადგენს 5%-ს, ხოლო მინიმალური სიგანე 3,5 მ-ზე მეტია, რაც შეესაბამება სამშენებლო ნორმებისა და წესების (СниП 2.07.01-89- ქალაქთმშენებლობა) მოთხოვნათა შესაბამისად ქალაქის მეორეხარისხოვან გასასვლელებში ავტო-სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისთვის დადგენილ მინიმალური სიგანეს. ბ) ქ. თბილისში, ............. მდებარე N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა N1-ის პირველი სართული სამშენებლო ნორმებისა და წესების (СниП 2.08.01-89 - საცხოვრებელი შენობები) შესაბამისად წარმოადგენს სარდაფის სართულს, რომლის ჭერის ამოწევის საშუალო სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ფაქტობრივად შეადგენს 0,64 მ-ს. გ) ქ. თბილისში, ............. მდებარე N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა N1-ის პირველი სართულის (სარდაფის სართულის) სამხრეთ ნაწილში მოწყობილი შესასვლელი ლითონის კარის ღიობის სიგანე შეადგენს 1,61 მ-ს, ხოლო სიმაღლე 2,63 მ-ს (იხ. დანართი N1 და ფოტოილუსტრაცია). დ) ქ. თბილისში. ............. მდებარე N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა N1-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია ლიფტი, რომელიც უკავშირდება სამივე სართულს (იხ. ფოტოილუსტრაცია), ხოლო რაც შეეხება არის თუ არა შესაძლებელი ხსენებული ლიფტის გამოყენებით გადაადგილება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ხსენებული საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს ლიფტის სპეციალისტის მიერ, რომელიც ამ ეტაპზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ჰყავს. ვ) ქ. თბილისში, ............. მდებარე N.............საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა N1-ის. ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე სართულის დონეზე, ფაქტობრივი მდგომარეობით მდებარეობს გრუნტის გასასვლელი, რომელიც გადის დაურეგისტრირებელ სივრცეზე ტერიტორიაზე (ის. დანართი N1 ფოტოილუსტრაცია). მხარეებს ეს დასკვნა სადავოდ არ გაუხდიათ.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ექსპერტთა დასკვნებით დგინდება, რომ მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გავლის გარეშე, სადავო ქონებასთან მოხვედრა შესაძლებელია, როგორც სამხრეთ ნაწილში არსებული მოხრეშილი საავტომობილო გზის, ისე ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაურეგისტრირებელი ტერიტორიის გავლით; სამხრეთის მხარეს, ანუ საავტომობილო გზის მიმდებარედ სადავო ქონებას აქვს 1,61 მ. სიგანისა და 2,63 მ. სიმაღლის ლითონის კარი, რომლითაც შენობაში შესვლაა შესაძლებელი. სადავო შენობა სამსართულიანია და აქვს ლიფტი, რომელიც სამივე სართულზე ადის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე დასაბუთებულად შეედავა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, მან უზრუნველყო იმის დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა მოსარჩელისთვის არ წარმოადგენდა ერთადერთ და აუცილებელ საჭიროებას. ამასთან, პალატის განსჯით, პირველი კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ გამოდგება ვერც კასატორის ის აპელირება, რომ შესაგებელს ერთვის არაერთი ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობას, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაა და რომელიც მოპასუხემ გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განახორციელა, სწორედ იმ მხარეს, რომლიდანაც აუცილებელი გზის დადგენასაც მოსარჩელე ითხოვდა, შეიცავდა შენობის პირველ სართულზე შესასვლელი კარის ღიობს, რაც იმ მოცემულობის უტყუარი დადასტურებაა, რომ ამ კართან დამაკავშირებელ ერთადერთ ლოკაციას მიწის ნაკვეთის სწორედ ის ნაწილი წარმოადგენდა, რომელზეც მოპასუხეს დღემდე უნარჩუნდება საკუთრების უფლება. აღნიშნული არგუმენტის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი უმთავრესად სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის სისტემურ ანალიზს ეფუძნება, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნის წარმატებულობისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს ისტორიულ ექსკურსს სადავო უძრავ ქონებებთან მისასვლელი გზის შესახებ, მთავარია სარჩელის აღძვრის დროს მოსარჩელეს არ გააჩნდეს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და იყოს იძულებული ისარგებლოს მოპასუხის უძრავი ქონებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურდა.
20. საკასაციო პალატა დასძენს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკაც, რომლის თანახმად, კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (სუსგ №ას-1513-2018, 8.02.2019წ.) შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმატებით ვერ დაადასტურა მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებები და სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი განკუთვნადი და რელევანტური მტკიცებულებები, რომლებიც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას - აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობა, დაადასტურა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1111-2024, 13.11.2024წ.).
21. საკასაციო პალატა ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს I კასატორის იმ არგუმენტსაც, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა არღვევდა მის უფლებებს, ასევე ხელყოფდა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აგრეთვე, ყურადსაღებია, რომ სააპელაციო წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს და მას საკუთარი ინიციატივით, დამატებითი ექსპერტიზის დასკვნის დანიშვნა შეეძლო, მით უფრო იმ პირობებში, რომ პირველი კასტორისთვის არ ყოფილა შეზღუდული მისი გასაჩივრების უფლება.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს I კასატორის არც იმ პრეტენზიას აქვს წარმატების პერსპექტივა, რომლის თანახმადაც მოპასუხისთვის, ზიანის ანაზღაურების სახით, არსებობდა 50 054 აშშ დოლარის ნაცვლად 80 496 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში არასწორადაა აღწერილი ის გარემოებები, რომელიც გახდა მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, სახელდობრ მოთხოვნილზე ნაკლები ოდენობით თანხის დაკისრება სააპელაციო პალატამ დაუკავშირა არა დროის პერიოდულობას (მესაკუთრედ აღრიცხვას, მოპასუხისთვის წერილის გაგზავნას თუ სხვა), არამედ მოსარჩელის მიერ საიჯარო ქირის არასწორ ფართობზე გამოთვლას. სახელდობრ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო პალატა სრულად იზიარებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტებმა მთელი ქონების ყოველთვიური ქირა 1677 აშშ დოლარად შეაფასეს, თუმცა მათ სადავო შენობის საერთო ფართად არა 520 კვ.მ. არამედ 621,28 კვ.მ. მიიჩნიეს. დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, ექსპერტები დამკვეთის, ე.ი. მოსარჩელის მიერ მიწოდებულ შენობის შიდა აზომვითი ნახაზს დაეყრდნენ, მაშინ როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, ნათელია, რომ სადავო ფართი არ აღემატება 520 კვ.მ.-ს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მთელი ქონების ყოველთვიური ქირა 1677 აშშ დოლარი სრულიად მართებულად გამოიანგარიშა არამართლზომიერად ფლობის მთელ პერიოდზე (2022 წლის აპრილიდან 2025 წლის 16 ივნისამდე) და ასევე მართებულად გაამრავლა 520 კვ.მ.ზე, რაც ნიშნავს, რომ პირველი კასატორისთვის მიკუთვნებული ზიანის ანაზღაურება მართებულია და სრულიად უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას (1404X38+1404/2=54054 აშშ დოლარი).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ I კასატორის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერი, რაც შეუძლებელს ხდის I კასატორის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს ცნობილი მის არსებითად განსახილველად.
24. რაც შეეხება II კასატორის საკასაციო საჩივარს, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების, როგორც მატერიალურ ასევე პროცესუალურ დარღვევებზე მითითებას შეიცავს, ამ მიმართებითაც პალატა მიიჩნევს, რომ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული შედავება, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო.
25. დაუსაბუთებელია მეორე კასატორის ის შედავება, რომ მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება საერთოდ უნდა გამორიცხულიყო, ვინაიდან იგი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ მართლზომიერ მფლობელს, რაც მოსარჩელეს სადავო ქონებიდან ნაყოფის მიღების შესაძლებლობას უკარგავდა მთელი იმ პერიოდის მანძილზე, რა დროითაც მოპასუხეს სადავო ქონება ჰქონდა დაკავებული. ამ მიმართებით საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს სამოქალაქო კოდექსის 163.2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები: ა) რა დროიდან წარმოადგენს მოსარჩელე ნივთის არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს; ბ) კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს გაწია თუ არა მან ხარჯები ნივთზე, დადებით შემთხვევაში - რას შეადგენდა ამ ხარჯების ოდენობა; გ) მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯი ხომ არ არის გადახდილი ამ ნივთით სარგებლობითა და ამ სარგებლობისგან მიღებული ნაყოფით.
26. საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს, მეორე კასატორის არაუფლებამოსილ მართლზომიერ მფლობელად მიჩნევას, თუმცა განმარტავს, რომ ნივთის დაკავების უფლება არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს რომ გააჩნდეს, უნდა არსებობდეს დადასტურებული ფაქტი მესაკუთრის მიერ ნივთზე გაწეული გაუმჯობესებისა და ხარჯების შესახებ, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. სასამართლომ აღნიშნა, მართალია, დ.მ–მა ამგვარი მოთხოვნა წარადგინა მათ შორის, შპს „ა–ის“ მიმართ, თუმცა განსახილველი დავის დასრულების დროისათვის არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდებოდა მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარისათვის ზიანის მიყენებისა და განცდილი ზიანის ოდენობის ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ დ.მ–ის მიერ დაყენებულია სოლიდარული მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ა–ის“ მიმართ. ასეთ პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს შპს „ა–ის“ წილი დამდგარ ზიანში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მეორე კასატორისთვის არსებობდა ზიანის ანაზღაურების სახით, 54 054 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლები ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ მეორე კასატორს სადავო ქონების ფლობასთან დაკავშირებული პრეტენზია 2022 წლის აპრილიდან წაუყენა. ეს კი სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნიშნავს, რომ 2022 წლის აპრილამდე სადავო ქონების ნაყოფი, მათ შორის, სავარაუდო ქირა მეორე კასატორს მართლზომიერად ეკუთვნოდა, იგი ამ თანხით უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა და არც მისი გათანაბრების ვალდებულება არ ეკისრებოდა. ამრიგად, პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა მართებულია და მეორე კასატორმა მოსარჩელეს არამართლზომიერი ქმედებით მიყენებული კონდიქციური ზიანი 2022 წლის აპრილიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდისათვის უნდა აუნაზღაუროს.
27. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მეორე კასატორის შუამდგომლობას საქმისწარმოების შეჩერების შესახებ და ამავე მოტივით სააპელაციო პალატის 2024 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ მოთხოვნას. საკასაციო პალატის განსჯით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირობებს, როდესაც სასამართლოს მოვალეობაა შეაჩეროს საქმის წარმოება. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ საქმის წარმოება უნდა შეაჩეროს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მეორე კასატორს აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ა–ის“ მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით, თუმცა პალატის განსჯით, წინამდებარე დავის გადაწყვეტა ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე შესაძლებელია და მეტიც, არ არსებობს მათი ცალ-ცალკე განხილვის დამაბრკოლებელი გარემოებები, ვინაიდან დადასტურების შემთხვევაში, მეორე კასატორისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება ადმინისტრაციული წესით, რაც არ ქმნის მისი უფლებების დარღვევის საშიშროებას.
28. საკასაციო საჩივრით დ.მ–ი აგრეთვე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯის კალკულაციას, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის ოდენობებს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს (შესაბამისად ვინდიკაციური მოთხოვნის ნაწილში სწორადაა ბაჟი განსაზღვრული), ხოლო, მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკური პირის მიერ გადასახდელ ბაჟის ოდენობას შეადგენს 5000 ლარი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აპელანტს გადახდილი აქვს მაქსიმალური ბაჟის ოდენობა, ამიტომ, სარჩელის ფასის განსაზღვრის მიუხედავად, მეორე კასატორს მართებულად აქვს დაკისრებული წაგებული მოთხოვნის პროპორციული სასამართლო ხარჯის გადახდის ვალდებულება.
29. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის (შპს „ა–ის“) პრეტენზიას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ - მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (ს.უ.ს.გ-ები:№ას-807-2020, 12.11.2020წ.; №ას-1150-2020, 29.11.2021წ.; Nას-1558-2022 1.03.2023წ.; Nას-654-2022, 2.03.2023წ. Nას-481-2023წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს, რის გამოც, შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საქმის განხილვაზე.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; დ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „ა–ის“ შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს. შპს „ა–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს პ.კ–ძის მიერ 3/11/2025 №1762172934 და 11/11/2025 №1762841750 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3786,46 ლარის 70% – 2650,52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; დ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ. ჭ–ის მიერ 13/10/2025წ. №29798017844 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი