დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-650-2025
28 მაისი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ი.ჯ–მა“ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“,) მიმართ თანხის, 21923.18 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „ი.ჯ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შპს „ი.ჯ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა - 21923.18 ლარის გადახდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოპასუხე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 2019 წლის 27 ნოემბერს, მოსარჩელეს, როგორც მიმწოდებელს და მოპასუხეს, როგორც შემსყიდველს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4.2.2 ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო, სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 73 077 497.50 ლარს. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული რიცხვი შესაძლებელია იყოს უფრო ნაკლები ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფრო მეტი. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას ყოველდღიურად (არაუგვიანეს 18:00 საათისა) კომპანიას მიაწოდოს დაწესებულებაში არსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღეს არ განხორციელდა ამ პუნქტში მითითებული ინფორმაციის შეტყობინება, მიმწოდებელმა უნდა იხელმძღვანელოს ბოლო დღეს მიწოდებული ინფორმაციით.
4.2.3 ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, მისთვის მიწოდებული ამ ხელშეკრულების 5.3 მუხლში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, მოამზადოს საჭირო რაოდენობის კვების ულუფა და შემსყიდველის მხრიდან უფლებამოსილ პირს გადასცეს სათანადო დოკუმენტაციის თანხლებით. აღნიშნული დოკუმენტაცია გამოიყენება მიმწოდებელთან ანგარიშსწორებისას.
4.2.4 ხელშეკრულების 9.13 პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისთვის არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს, მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით.
4.2.5 მოპასუხის 2020 წლის 02 ნოემბრის №264035/01 წერილით დგინდება, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს №14 პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 100 მსჯავრდებულისთვის ქათმის ჩახოხბილის ულუფის დაკლების გამო მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 21 923.25 ლარის ოდენობით.
4.2.6 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ჯამში 672 675.3 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურება, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 650 752.12 ლარი, ხოლო 21 923.25 ლარი გაუქვითა 02.11.2020 წლის №264035/01 წერილით დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში.
4.2.7 №14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 25 აგვისტოს, მსჯავრდებულთა ვახშმობის დროს დაახლოებით 100 მსჯავრდებულს დააკლდა კუთვნილი ქათმის ჩახოხბილის ულუფა, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული დანაკლისის გარკვეული რაოდენობით სხვა საკვებით, კერძოდ, საქონლის ხორცით ჩანაცვლება.
4.2.8 2020 წლის 25 აგვისტოს №14 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 767 მსჯავრდებული. პენიტენციურ დაწესებულებებში კვებით დიეტაზე მყოფი პატიმრებისთვის ცალკე მზადდება სპეციალური დიეტური საკვები.
4.2.9 მოსარჩელის მხრიდან საკვების დამზადებისა და მისი კონტეინერებით მოპასუხისთვის გადაცემის შემდეგ, მის ულუფებად დაყოფასა და მსჯავრდებულებისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, კერძოდ, პენიტენციურ სამსახურთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პატიმრები.
4.2.10 მოწმეთა: გ.ჯ–ძის და გ.ო–ძის ჩვენებების, ასევე, მხარეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ №14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 25 აგვისტოს დიეტაზე იმყოფებოდა დაახლოებით 200-220 პატიმარი, რომლებისთვისაც ვახშამზე ქათმის ჩახოხბილის ნაცვლად მოსარჩელემ დაამზადა მოხარშული საქონლის ხორცის ულუფები.
4.3 სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია და შესაბამისად, არც პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოშობილა, რის გამოც საფუძველს მოკლებული იყო მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი მომსახურების საფასურის ნაწილის (21 923.18 ლარის) პირგასამტეხლოს ანგარიშში დაკავება.
4.4 სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელის საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლოს შესაფასებელია ჯეროვნად შეასრულა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აქედან გამომდინარე, რამდენად არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
4.5 დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტის დასამტკიცებლად მოპასუხემ მიუთითა 2020 წლის 26 აგვისტოს მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ N14 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში შედგენილ ოქმს, რომლის თანახმად, 2020 წლის 25 აგვისტოს, მსჯავრდებულთა ვახშმობის დროს, სადაც უნდაც დარიგებულიყო ჩაი და ქათმის ჩახოხბილი კარტოფილით, დაახლოებით 100 მსჯავრდებულს დააკლდა კუთვნილი ქათმის ჩახოხბილის ულუფა, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული დანაკლისის გარკვეული რაოდენობის სხვა საკვებით ჩანაცვლება.
4.6 სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ აღნიშნულ დღეს მოპასუხეს მიაწოდა საკვების იმაზე ნაკლები მოცულობა/რაოდენობა, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული. პალატის მოსაზრებით, ამგვარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება 2020 წლის 26 აგვისტოს შედგენილი ზემოაღნიშნული ოქმი, რომელიც იმ ფაქტის კონსტატაციას ახდენს, რაც 2020 წლის 25 აგვისტოს მოხდა და მასში არაფერია ნათქვამი აღნიშნულის გამომწვევ მიზეზზე. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი არსებითი გარემოების სამტკიცებლად რელევანტური მტკიცებულება იქნებოდა მიღება- ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ მოწოდებული საკვები ულუფის ოდენობის შესახებ - შესაბამის ერთეულებში, რომელიც სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ პირობითად, ნაცვლად შეთანხმებული 100 ერთეულისა, მოსარჩელის მიერ მოწოდებული იქნა 80 ერთეული კვების ულუფა და დანაკლისი იყო 20 ერთეული. ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, რაც მოპასუხის პოზიციას დაუსაბუთებლად აქცევს.
4.7 სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ჯამში - 672 675.3 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურება, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 650 752.12 ლარი, ხოლო 21 923.25 ლარი გაუქვითა 02.11.2020 წლის №264035/01 წერილით დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში. ვინაიდან მოპასუხემ უსაფუძვლოდ განახორციელა 21 923.25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა და გაქვითვა მოსარჩელისთვის გადასახდელი საზღაურიდან, სახეზეა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 21 923.25 ლარის დაკისრების წინაპირობა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5.2 კასატორის განმარტებით, 2020 წლის 25 აგვისტოს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ვახშმის დარიგებისას აღმოჩენილ იქნა დარღვევა და მსჯვარდებულთა გარკვეულ ნაწილს (დაახლოებით 100 მსჯავრდებულს) დააკლდა კუთვნილი კვების ულუფა, კერძოდ ქათმის ჩახოხბილი. (დაწესებულებაში იმყოფებოდა767 მსჯავრდებული, ხოლო კომპანიის მიერ მომზადებული ულუფის რაოდენობა იყო - 667). ზემოაღნიშნულზე 2020 წლის 26 აგვისტოს დაწესებულების თანამშრომლების მიერ შედგა ოქმი. პენიტენციური სამსახურის მხრიდან მსჯავრდებულთათვის შეცდომით პროდუქტის დარიგებას ადგილი არ ჰქონია და შპს "ი.ჯ–მა" დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულების 5.4 პუნქტით განსაზღვრული პირობა: მიმწოდებელი ვალდებულია მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად მოამზადოს საჭირო რაოდენობის კვების ულუფა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 2019 წლის 27 ნოემბრის N11/66 ხელშეკრულების მე-9 მუხლით. ამავე მუხლის 9.13 პუნქტის შესაბამისად, "იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისთვის არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,03%-ის ოდენობით."
5.3 კასატორის განმარტებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სახეზე არის შპს" ი.ჯ–ის" მიერ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება. არათუ, არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ი.ჯ–ის მიერ, არამედ არ მომხდარა სხვა საკვებით ჩანაცვლებაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შპს "ი.ჯ–ის" წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე თვითონვე განმარტა, რომ საქონლის ხორცით ჩანაცვლება არ მომხდარა, ვინაიდან აღნიშნული პროცედურა დაკავშირებული იყო სირთულეებთან და პენიტენციურმა სამსახურმა ხელთარსებული მოხარშული ხორცით თვითონ ჩაანაცვლა დანაკლისი ულუფები.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.
11. მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია 2019 წლის 27 ნოემბერს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა (,,შემსყიდველი’’) და შპს ,,ი.ჯ–ს’’ (,,მიმწოდებელი’’) შორის დადებული N11/66 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების შესაბამისად, ჯეროვნად შესრულების ფაქტი და აქედან გამომდინარე, რამდენად არსებობდა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა კვებითი მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საგანი, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას. ხსენებული ხელშეკრულებით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულების/ მსჯავრდებულების, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეების კვებითი მომსახურება.
13. სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია მისი არსებითი პირობების განსაზღვრა, ის თუ ხელშეკრულების ფარგლებში, რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მხარეებს იმ არსებითი პირობების მიხედვით, რაზეც მოხდა მხარეთა ნების თანხვედრა და რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების დადებას.
14. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული რიცხვი შესაძლებელია იყოს უფრო ნაკლები ან განსაკუთრებულ შემთხვევებში უფრო მეტი. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას ყოველდღიურად (არაუგვიანეს 18:00 საათისა) კომპანიას მიაწოდოს დაწესებულებაში არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღეს არ განხორციელდა ამ პუნქტში მითითებული ინფორმაციის შეტყობინება, მიმწოდებელმა უნდა იხელმძღვანელოს ბოლო დღეს მიწოდებული ინფორმაციით.
15. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, მისთვის მიწოდებული ამ ხელშეკრულების 5.3 მუხლში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, მოამზადოს საჭირო რაოდენობის კვების ულუფა და შემსყიდველის მხრიდან უფლებამოსილ პირს გადასცეს სათანადო დოკუმენტაციის თანხლებით. აღნიშნული დოკუმენტაცია გამოიყენება მიმწოდებელთან ანგარიშსწორებისას.
16. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულების 6.1 მუხლით განსაზღვრული შემაჯამებელი მიღება-ჩაბარების აქტის და წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის დადასტურებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
17. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის. კერძოდ, 9.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევდა პასუხისმგებლობას თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამავე ხელშეკრულების 9.13 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა/არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისთვის არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება აქვს, მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით.
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს №14 პენიტენციურ დაწესებულებაში, დაახლოებით 100 მსჯავრდებულისთვის, ქათმის ჩახოხბილის ულუფის დაკლების გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 21 923.25 ლარის ოდენობით (იხ. 02.11.2020წ. N264035/01 წერილი, ტ.I, ს.ფ. 128-129)
19. 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ჯამში 672 675.3 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურება, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 650 752.12 ლარი, ხოლო 21 923.25 ლარი გაუქვითა 02.11.2020 წლის №264035/01 წერილით დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში.
20. კასატორი სადავოდ ხდის შპს" ი.ჯ–ის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას და მიუთითებს მოპასუხის უფლებამოსილი პირის მიერ, 2020 წლის 26 აგვისტოს შედგენილ ოქმზე, რომელიც იმ ფაქტის კონსტატაციას ახდენს, რაც 2020 წლის 25 აგვისტოს მოხდა. კერძოდ, 25 აგვისტოს, მსჯავრდებულთა ვახშმობის დროს, დაახლოებით 100 მსჯავრდებულს დააკლდა კუთვნილი ქათმის ჩახოხბილის ულუფა რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული დანაკლისის გარკვეული რაოდენობის სხვა საკვებით ჩანაცვლება.(ტ.1,ს.ფ.124) სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და კასატორის საყურადღებოდ განმარტავს, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს შედგენილი ოქმი, ახდენს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას და არ წარმოადგენს ჯეროვანი ან არაჯეროვანი შესრულების დასადასტურებლად, განკუთვნად მტკიცებულებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ისეთ პირობებში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში, 2026 წლის 25 აგვისტოს განხორციელებულ კვებით უზრუნველყოფაზე, სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით, შემკვეთმა, 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, გაწეული და დადასტურებული მომსახურებიდან(იხ. მიღება-ჩაბარების აქტი) დაქვითა პირგასამტეხლოს თანხა, აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად რელევანტური მტკიცებულება იქნებოდა მიღება- ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ მოწოდებული საკვები ულუფის ოდენობის შესახებ - შესაბამის ერთეულებში, რომელიც სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ მოწოდებული იქნა კონკრეტული ერთეული კვების ულუფა და დანაკლისი იყო გარკვეული ერთეული. ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, რაც მოპასუხის პოზიციას დაუსაბუთებლად აქცევს.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე №ას-13-2026, 30.04.2026წ.).
23. საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე, კასატორს არ მიუთითებია. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2020 წლის 25 აგვისტოს, ვახშამზე მიწოდებული საკვებიდან შესაძლებელი გახდა 100 მსჯავრდებულისთვის ქათმის ჩახოხბილის სხვა საკვებით, კერძოდ კი, საქონლის ხორცით ჩანაცვლება. სააპელაციო პალატამ, მართებულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ ქათმის ჩახოხბილის ულუფების დანაკლისი გამოიწვია დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან დიეტაზე მყოფ და ჩვეულებრივ პატიმრებს შორის საკვების არასწორმა განაწილებამ და ასეთი შეცდომის დაუშვებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს ჩასანაცვლებელი საკვები ფიზიკურად არ აღმოაჩნდებოდა, მით უმეტეს, 100 მსჯავრდებულისთვის სამყოფი ოდენობით.
24. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, შპს „ი.ჯ–ის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ დადასტურდა, არ არსებობდა ამ უკანასკნელზე პირგასამტეხლოს დარიცხვისა და მისი გადასახდელი საზღაურიდან გამოქვითვის წინაპირობა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 21 923.25 ლარის გადახდა.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი