დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ას-388-2026
25 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - გ.მ–ვი, ვ.მ–ვა, ქ.მ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ–ვა (მოსარჩელე)
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა.მ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა გ.მ–ვის, ვ.მ–ვასა და ქ.მ–ვას (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) წინააღმდეგ და მოითხოვა: უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........., ს/კ №....... და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხე გ.მ–ვმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.
2.2. ვ.მ–ვასა და ქ.მ–ვას შესაგებლები არ წარუდგენიათ, თუმცა, სასამართლო სხდომებზე არ ცნობდნენ სარჩელს და მიუთითებდნენ, რომ არ ფლობენ სადავო ქონებას და მათ მიმართ ვინდიკაციური სარჩელი უსაფუძვლოა.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........., ს/კ №......... და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი - არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
4.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, კერძოდ, 102.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, .........., ს/კ №.......... რეგისტრირებულია ი.მ–ის საკუთრებად.
4.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი (დაზუსტებული ფართობი 181.00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა №1), მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ №........., რეგისტრირებულია ი.მ–ისა და შ.კ–ის თანასაკუთრებად.
4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/31621-18) ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 01 დეკემბრის ხელნაწერი/შინაურული/რუსულენოვანი ანდერძი, რომელიც ეხებოდა 2017 წლის 11 დეკემბერს გარდაცვლილი ი.მ–ის სამკვიდრო ქონების მიღებას და მოსარჩელე ცნობილ იქნა 11.12.2017 წ. გარდაცვლილი ი.მ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ........., ს/კ №.......... მესაკუთრედ.
4.5. მოსარჩელეზე, როგორც 11.12.2017 წ. გარდაცვლილი ი.მ–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეზე/შვილზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მიიღო გარდაცვლილის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდროში შედის ასევე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი და №.........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებიდან ი.მ–ის იდეალური წილი.
4.6. მოსარჩელის წარმომადგენელმა გ.მ–ვს უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით წერილი გაუგზავნა 22.09.2022 წელს, რომელიც ადრესატს ჩაჰბარდა 26.09.2022 წელს, მისამართზე: ქ. თბილისი, ........
4.7. ვ.მ–ვა არის გ.მ–ვის დედა, ხოლო ქ.მ–ვა - მისი და.
4.8. ი.მ–ის (მემკვიდრე ა.მ–ვა) საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. თბილისი, ........., ს/კ №.......... - ფაქტობრივად მოპასუხეები ფლობენ, უკანონოდ.
4.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა - ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აქვს. მოპასუხემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ მას ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი აქვს. აღნიშნული წინაპირობები უნდა არსებობდეს კუმულატიურად, ანუ სახეზე უნდა იყოს სამივე წინაპირობა. ამ სამი წინაპირობის ერთდროული არსებობა წარმოადგენს ვინდიკაციური მოთხოვნის საფუძველს.
4.10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლი. სსკ-ის 172-ე მუხლი უზრუნველყოფს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა განაპირობოს.
4.11. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
4.12. სსკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
4.13. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. სუსგ №ას-320-2020, 18.02.2021წ.).
4.14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი რეესტრში არ არის რეგისტრირებული, დადასტურებულია და ეფუძნება მემკვიდრეობით-სამართალურთიერთობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება წარმოედგინა ვინდიკაციური სარჩელი საჯარო რეესტრში მამკვიდრებელ ი.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ ქონებასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით (საქმე №2/31621-18), მოსარჩელე ცნობილ იქნა 11.12.2017წ. გარდაცვლილი ი.მ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, .........., ს/კ №......... მესაკუთრედ. სწორედ მის სასარგებლოდ გასცა ნოტარიუსმა №240153845 სამკვიდრო მოწმობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე აღიარებულ იქნა 11.12.2017წ. გარდაცვლილი ი.მ–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ, რომელმაც მიიღო გარდაცვლილის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად, მათ შორის სადავო უძრავი ნივთი (ს/კ №...........). აღსანიშნავია, რომ სამკვიდრო მოწმობა კონკრეტულად უთითებს სადავო ქონებაზე, ის არ არის ზოგადი ხასიათის.
4.15. სსკ-ის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სამკვიდროს მიღებით მემკვიდრე მოიპოვებს საკუთრების უფლებას მიღებულ სამკვიდროზე.
4.16. პალატამ განმარტა, რომ მემკვიდრეს წარმოეშობა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, თუმცა, რეგისტრაციის განუხორციელებლობის გამო მას არ ჩამოერთმევა მემკვიდრეობის უფლების განხორციელების შესაძლებლობა და არ ქარწყლდება საკუთრების უფლება. სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრეს აქვს უფლება დაიცვას მიღებული სამკვიდრო, ისარგებლოს სამკვიდრო ქონებით, ასევე აქვს მესამე პირების მიმართ ვინდიკაციური მოთხოვნების უფლება.
4.17. შედარებისთვის, სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოქმედი კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის შეძენისათვის გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მაგრამ რეგისტრაციისათვის არ არის დადგენილი ვადა და რეგისტრაციის დაუცველობა არ იწვევს გარიგების ბათილობას.
4.18. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება, რომელიც მიიღო მემკვიდრეობის გზით და დასტურდება სამკვიდრო მოწმობით და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში, არ აუქმებს თავად საკუთრების უფლებას და იმ უფლებამოსილებებს, რაც უკავშირდება მესაკუთრის მხრიდან საკუთრების დაცვისკენ მიმართულ ქმედებებს. ამდენად, აპელანტის განმარტება, რომ თითქოს მოსამართლის განმარტებით გამოდის, რომ ნებისმიერი უფლების დამდგენი დოკუმენტით, იქნება ეს მიღება-ჩაბარება თუ საკომლო ჩანაწერი, პირს შეუძლია საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს მის პოტენციურ საკუთრებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედებანი, გასხვისება, ქირავნობა, გირავნობა, მათ შორის გამოსახლება სადავო ფართიდან, არარელევანტურია და არ გამომდინარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან.
4.19. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ საქმეში სახეზეა არა მოსარჩელის პოტენციური საკუთრების უფლება, არამედ, მას სამკვიდროს გახსნის დღიდან უკვე წარმოშობილი აქვს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, რამდენადაც სწორედ მას აქვს კანონის დაცვით მიღებული სამკვიდრო და აღნიშნულს ადასტურებს სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით.
4.20. რაც შეეხება მოპასუხე გ.მ–ვის მითითებას მისი მფლობელობის მართლზომიერებაზე უშუალოდ სადავო უძრავ ქონებაზე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპისთვის არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ქონებაზე გ.მ–ვის უფლებამოსილ პირად მიჩნევის კუთხით, რაც ვინდიკაციურ სარჩელს მის წინააღმდეგ დასაბუთებულს ხდის. აპელანტის განმარტებით, ის არის ბინის (რომელიც ამჟამად დავის საგანი არ არის) მართლზომიერი მოსარგებლე და ისევე როგორც სხვა მეზობლები იყენებს სადავო ეზოს მხოლოდ სახლში შესვლისთვის, ვინაიდან სხვა შესასვლელი სახლს არ გააჩნია. პალატამ განმარტა, რომ შესასვლელის არქონის გამო, სადავო ნაკვეთის გავლით გზით სარგებლობის უფლებას შეიძლება უკავშირდებოდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული აუცილებელი გზის ინსტიტუტის გამოყენება, რაც მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს. გ.მ–ვი ფაქტობრივად არ უარყოფს, რომ იყენებს სადავო მიწის ნაკვეთს, სარგებლობს მისით, რისი აკრძალვის უფლებაც მესაკუთრის პრეროგატივაა, თუკი სათანადო წესით არ იქნება დადგენილი მისი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ბოჭვის საფუძველი.
4.21. რაც შეეხება ვ. და ქ. მ–ის მფლობელობას სადავო მიწის ნაკვეთზე, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებების გზით იქნა დადასტურებული, ხოლო გ.მ–ვისა და მისი ოჯახის წევრების მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობა, როგორც სახლში შესასვლელი გზა, ფაქტობრივად აღიარებულია და სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მინიმუმ ქმნის მათ მიერ სადავო ნაკვეთით, როგორც სახლამდე მისასვლელის, სარგებლობას სათანადო სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების გარეშე.
4.22. სასამართლომ მართებულად შეაფასა ქ. და ვ.მ–ვების მხრიდან ქ. თბილისში, ........... მდებარე სადავო ქონების (ს/კ №...........) ფლობის ფაქტობრივი გარემოება მათ მიერ სადავოდ იყო გამხდარი არა ქონების ფლობის კანონიერება, არამედ ქონების ფლობის ფაქტი ზოგადად.
4.23. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში, რომელშიც მოპასუხეთათვის სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ........ ქუჩაზე ცხოვრება, თავად ქ. და ვ.მ–ვებმა მათ მიერ 2024 წლის მაისის თვეში წარდგენილ შესაგებელში ძირითად მისამართად (ფაქტობრივ ადგილსამყოფელად) მიუთითეს: ქ. თბილისი, .......... მნიშვნელოვანია იმ გარემოების აღნიშვნაც, რომ შესაგებლის წარდგენის დროს წინამდებარე ვინდიკაციური სარჩელის თაობაზე მოპასუხეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან, სარჩელი თანდართული მასალებით გ.მ–ვს (როგორც პირადად, ისე დედისთვის და დისთვის გადასაცემად) ჩაჰბარდა 09.10.2024 წელს. იმავე საქმეში, გ.მ–ვისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატის დამ - ქ.მ–ვამ ჩაიბარა 2024 წლის მაისის თვეში, მისამართზე: ქ. თბილისი, ........... აღნიშნულს, ვერ აბათილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი, რადგან, ფაქტი, რომ საკუთრებაში რეგისტრირებული ჰქონდეს პირს უძრავ ქონება (ერთი ან რამდენიმე) არ გამორიცხავს სხვა უძრავ ქონების ფლობას. აღნიშნულს მით უფრო ვერ გამორიცხავს მეზობლების წერილობითი განცხადებები, რომლებიც ცხადია დასაშვებ მტკიცებულებათა რიგში შედის, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საპირწონე არ არის.
4.24. სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამდენად, მფლობელობა წარმოადგენს იმ ფაქტობრივ პროცესს, რომელიც გარეგნულად აღქმადი მოვლენაა. ფლობა ნივთთან ფიზიკურ და სივრცობრივ კავშირს ნიშნავს, მფლობელობა ნიშნავს ნივთის პყრობას, მასზე ზემოქმედების შესაძლებლობას.
4.25. მოცემულ შემთხვევაში, წერილობითი მტკიცებულებების გარდა, მხარეთა განმარტებები ასევე აძლევდა სასამართლოს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. მაგალითისთვის, ფაქტი, რომ მოპასუხე ვ.მ–ვს სადავო ქონებასთან შეუფერხებელი წვდომა აქვს, დასტურდება მისივე განმარტებით, რომ იგი ხშირად მიდის ......, რათა გამოკვებოს იქ მყოფი გ–ს ძაღლი. მოპასუხე გ.მ–ვმა ისიც დაადასტურა, რომ მას დედა და დაც ეხმარებოდნენ ბიძის მოვლაში მის სიცოცხლეში და აღნიშნული ასევე უქმნის სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ გ.მ–ვთან ერთად, დროში განგრძობად პერიოდში, ქონებასთან სივრცობრივ კავშირში იყვნენ და არიან ქ. და ვ.მ–ვებიც.
4.26. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებმა ვერ დაძლიეს კანონით მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ დაადასტურეს მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ახორციელებს მოსარჩელის საკუთრების ფაქტობრივ ფლობას და ფლობის მართლზომიერების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს.
5. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
5.2. კასატორთა განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ ვინაიდან მოსარჩელის სახელზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, იგი არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. კასატორთა განმარტებით, საჯარო რეეტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის გარეშე, შეუძლებელია უძრავი ქონების გასხვისება. ამასთან, შეუძლებელია ვინდიკაციური სარჩელის აღძვრაც.
5.3. კასატორებმა ვ. და ქ. მ–მა განმარტეს, რომ ისინი სადავო უძრავ ქონებას არ ფლობენ. ისინი ცხოვრებენ სხვა მისამართზე, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ. მიწა, საიდანაც გ.მ–ვის გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე, არის მეზობლების საერთო სარგებლობაში. კასატორთა განმარტებით, გ.მ–ვი არის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, შესაბამისად მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება დაუშვებელია.კასატორები შუამდგომლობენ საქმეს დაერთოს 2025 წლის 11 დეკემბერს გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ახლად აღმოჩენილი გარემოებაა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს სწორად განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ ას-1471-2024, 04.03.2024წ., ას-1035-2024. 18.12.2024წ.).
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა წინააღმდეგაც კასატორებს საფუძვლიანი შედავება არ წარმოუდგენიათ:
12.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, კერძოდ, 102.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, .........., ს/კ №......... რეგისტრირებულია ი.მ–ის საკუთრებად.
12.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/31621-18) ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 01 დეკემბრის ხელნაწერი/შინაურული/რუსულენოვანი ანდერძი, რომელიც ეხებოდა 2017 წლის 11 დეკემბერს გარდაცვლილი ი.მ–ის სამკვიდრო ქონების მიღებას და მოსარჩელე ცნობილ იქნა 11.12.2017 წ. გარდაცვლილი ი.მ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, .........., ს/კ №......... მესაკუთრედ.
12.3. მოსარჩელეზე, როგორც 11.12.2017 წ. გარდაცვლილი ი.მ–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეზე/შვილზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მან მიიღო გარდაცვლილის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდროში შედის ასევე №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი და №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებიდან ი.მ–ის იდეალური წილი.
12.4. სამკვიდრო მოწმობა №240153845 კონკრეტულად უთითებს სადავო ქონებაზე და ის არ არის ზოგადი ხასიათის.
12.5. ვ.მ–ვა არის გ.მ–ვის დედა, ხოლო ქ.მ–ვა - მისი და.
12.6. ი.მ–ის (მემკვიდრე ა.მ–ვა) საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. თბილისი, ........., ს/კ №......... - ფაქტობრივად მოპასუხეები ფლობენ.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და რაც მთავარია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №29979/04, სტრასბურგი, 20.01.2012).
14. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად, კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ. №ას-709-2022, 30.09.2022წ; ას-451-2024, 30.09.2024წ; #ას-1551-2025, 07.04.2026 წ.).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი ადგილი ექნება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევას, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ. სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ.,245).
17. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორთა ძირითადი პრეტენზია მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობის ფაქტს შეეხება. ამასთან, კასატორები სადავო უძრავ ქონებაში არ ცხოვრობენ.
19. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან/და ორივე საფუძვლით. სსკ-ის 1433-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, „მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (სუსგ №ას-146-140-2012, 12.07.2012წ.).
21. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 312-ე მუხლით განსაზღვრული რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოპასუხის უფლებადამცავ ინსტრუმენტად მოცემულ შემთხვევაში ვერ გამოდგება, ვინაიდან ჩანაწერის უსწორობისას, იგი იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს, ანუ პირისას, რომელიც გარიგების საფუძველზე იძენს რეგისტრაციაუნარიან ქონებას (უძრავ ნივთს), მას გამოჩენილი აქვს წინდახედულობის გონივრული სტანდარტი და არ იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა უფლების ხარვეზის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საკითხი ოჯახის წევრთა მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს შეეხება და ბუნებრივია, სრულიად ალოგიკური იქნება იმის გაზიარება, რომ ამავე ოჯახის რომელიმე წევრისათვის უცნობი ყოფილიყო თანაბარი რიგის მემკვიდრეთა არსებობის ფაქტის შესახებ. ამასთანავე, რეგისტრირებული მონაცემის შედავების წინაპირობა, ასევე ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლიანობას მოკლებულია, რამეთუ, როგორც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, ისე ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი სამკვიდროს დადგენილი წესით მიღებას (მათ შორის ფაქტობრივი ფლობით) უკავშირებს საკუთრების უფლების წარმოშობას (სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან), საკუთრების სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, როდესაც იგი კანონის შესაბამისად წარმოშობილია, მის ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს რეგისტრირებული ჩანაწერების შედავების საკითხი (მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკუთრება წარმოიშობა მემკვიდრეობის საფუძველზე და სახეზე არ გვყავს კეთილსინდისიერი შემძენი)“ (იხ. სუსგ №ას-610-569-2017, 20.10.2017 წ.).
22. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. მოპასუხეები ფლობენ მას და მათ არ აქვთ სადავო უძრავი ნივთის ფლობის უფლება.
23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხეების მფლობელობაში და ისინი ვერ მიუთითებენ ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019 წ.).
25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს იმ გარემოების დამტკიცება, რომ ისინი მართლზომიერად ფლობდნენ სადავო უძრავ ქონებას.
26. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ უთითებენ უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე სამართლებრივად რელევანტურ გარემოებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტების/კასატორების არგუმენტები ვერ დაედება საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმებას.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლით. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლით, რომელიც იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის“.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემა (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. კასატორთა შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის მე-14 (ა) მუხლის თანახმად მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადია ქონებრივი დავა, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5 000 ლარს. სსსკ-ის 39.2-ე მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსსკ-ის 39.1-ე (გ) მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 %-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. სსსკ-ის 41.1-ე (კ) მუხლის თანახმად განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არის 4 000 ლარი. ზემოთ მოხმობილი ნორმების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 150 ლარს. კასატორებს გადახდილი აქვთ 300 ლარი. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 150 ლ. და 150 ლარის 70 % - 105 ლარი, სულ - 255 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ვის, ვ.მ–ვასა და ქ.მ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ.მ–ვს (პ/ნ .......), ვ.მ–ვასა (პ/ნ .........) და ქ.მ–ვას (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ქ.მ–ვას (პ/ნ .........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ 13.02.2026 წლის N31918455286 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან 255 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი