დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 18.06.2026
საქმის ნომერი
ას-415-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-415-2026 18 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ნ–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ო–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „ნ–მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოსარჩელე კომპანია, კომპანია, სამშენებლო კომპანია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ო–ის (შემდგომში მოპასუხე ან კომპანიის დირექტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით, 50 000 ლარის, 80 000 ლარის, 185 656 ლარის, 178 536.4 ლარის, 238 693.48 ლარის, 18 629.38 ლარის, 49 093 ლარის 31 119.74 ლარის 58 111.53 ლარის, 71 850 ლარის, 6 700 ლარის, 6 350 ლარისა და 273 203 ლარის გადახდის დაკისრება.

1.2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ათეული წელია ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს და დამკვიდრებული აქვს მაღალი ხარისხის საქმიანი რეპუტაცია. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სპეციფიკაა კონკრეტული დამკვეთი კომპანიის/ფიზიკური პირის სასარგებლოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მოპასუხე მოსარჩელე კომპანიის დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა 2022 წლის 23 ივნისს. მისი დირექტორობის პერიოდში მოსარჩელეს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იყო კომპანიის არასათანადო მართვით. მოპასუხის მხრიდან გამოვლენილი დარღვევები იყო კომპლექსური სახის და მოიცავდა, როგორც კომპანიის საქმიანობის არაეფექტურ მართვას, ასევე, მოპასუხის მიერ კომპანიის კუთვნილი აქტივების მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებას, რამაც შედეგად მნიშვნელოვანი დანაკლისი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანო (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) აწარმოებს მოკვლევას. ამასთან, მოპასუხის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, კომპანიაში ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც, გამოვლინდა არაერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ბუღალტრულად არსებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად არსებულ ინვენტარს შორის (ინვენტარი გაცილებით ნაკლებია საბუღალტრო მონაცემებში მითითებულთან შედარებით). ამრიგად, დირექტორმა დაარღვია კომპანიის სათანადო ზრუნვის მოვალეობა, რაც მას პირდაპირ ევალებოდა. კომპანიაში ასევე გამოვლინდა სამშენებლო ვადების მნიშვნელოვანი გადაცილება უკლებლივ ყველა დამკვეთთან მიმართებით, რამაც, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განაპირობა მოსარჩელის დაჯარიმება სოლიდური თანხით. ამასთან, მშენებლობის ვადის გადაცილება, გარდა საჯარიმო სანქციებისა, იწვევდა კომპანიის დაზიანებას სხვა მიმართულებითაც, კერძოდ, მასშტაბური სამშენებლო საქმიანობის ჩასატარებლად მოსარჩელეს უწევს საკმაოდ ძვირადღირებული ინვენტარის ქირაობა, რომლის ღირებულებასაც იხდის ყოველდღიურად. ამდენად, მშენებლობის ვადის დარღვევა პირდაპირ ზიანს აყენებდა მოსარჩელეს.

1.3. მოსარჩელეს, თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად და დამკვეთების წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, მუდმივად უწევს სამშენებლო ინვენტარის შეძენა/ქირაობა. კომპანიის მიერ შეძენილი არმატურის ნაწილი, რომლის ღირებულებაც საკმაოდ სოლიდურია, „დაკარგულია“. აღნიშნული არმატურა სწორედ მოპასუხის მითითებით შეისყიდეს და უდავო ფაქტია, რომ ჯამურად შესყიდული არმატურიდან, ნაწილი არ გამოყენებულა მოსარჩელე კომპანიის მიერ წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებში. ასევე, მოპასუხე მოსარჩელე კომპანიის კუთვნილ სატვირთო მანქანებს იყენებდა არამიზნობრივად და პირადი სარგებლობისთვის. იგი თავად იღებდა ინდივიდუალურ შეკვეთებს ფიზიკური პირებისგან და ამ შეკვეთის შესრულების ფარგლებში იყენებდა კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომობილებს, რომელთა ექსპლუატაციის ხარჯებსაც ისევ მოსარჩელე იხდიდა, ისე, რომ ამით ის არანაირ სარგებელს არ იღებდა. ასევე, აღნიშნული სატვირთო ავტომობილების მომსახურებას, მოსარჩელე კომპანიის ხარჯზე, მოპასუხე იყენებდა იმ კონკურენტ კომპანიებში, რომელშიც კონკურენციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევით იყო და ამჟამადაც არის დასაქმებული. გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს საქვეანგარიშოდ გატანილი აქვს სოლიდური თანხები, რომლებიც კომპანიისთვის ამ ეტაპზე არ არის დაბრუნებული. ასევე, მოპასუხე მოსარჩელე კომპანიის დირექტორობის პერიოდში დასაქმებული იყო მოსარჩელის კონკურენტ კომპანიებში, კერძოდ, შპს „გ-ვ. უ.გ.ფ–ში“ და შპს „ს.კ.ა.დ–ში“. იგი იღებდა და ამჟამადაც იღებს ამ კომპანიებიდან სახელფასო ანაზღაურებას. მითითებულ ორ კომპანიაში მოპასუხე მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის ანალოგიური პროფილის ფარგლებში უწევდა და უწევს მათ მომსახურებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიის სარჩელი ემსახურება კომპანიის მოქმედი დირექტორისა და უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების მცდელობას უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ მოპასუხის ხარჯზე. მოპასუხე მისი დირექტორობის პერიოდში დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და კეთილსინდისიერად, იგი ყოველთვის ათანხმებდა გადაწყვეტილებებს პარტნიორებთან, აწვდიდა ინფორმაციას კომპანიაში არსებულ ვითარებაზე. კომპანიის სახსრების განკარგვის საკითხებს კი მოპასუხე ფაქტობრივად ჩამოცილებული იყო 2022 წლის მაისიდან. ამასთან, მოპასუხის განცხადებით, 2019 წლის 25 სექტემბერს, 9 ოქტომბერს, 4 ნოემბერს და 3 დეკემბერს კომპანიიდან მოპასუხის მიერ გატანილ თანხებთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო მოთხოვნა ხანდაზმულია, რამდენადაც სარჩელი აღძრულია 2022 წლის 30 დეკემბერს ანუ ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.2.1. მოსარჩელე კომპანია საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 26.02.2009 წ.), რომლის 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი იყო კ.ჩ–ძე, ხოლო დირექტორი - მოპასუხე;

5.2.2. 2020 წლის 3 თებერვლის წილის დათმობის (ნასყიდობის) თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიის პარტნიორები გახდნენ ზ.გ–ძე (25% წილის მფლობელი), ა.ე–ძე (25% წილის მფლობელი) და ე.ვ–ა (25% წილის მფლობელი);

5.2.3. 2022 წლის 22 ივნისს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე გათავისუფლდა კომპანიის დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად კომპანიის დირექტორად დაინიშნა კ.ჩ–ძე;

5.2.4. 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით სამშენებლო კომპანიის დირექტორს წარმოადგენდა კ.ჩ–ძე, ხოლო კომპანიის კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა განაწილებული იყო შემდეგნაირად: ზ.გ–ძე (25%), ა.ე–ძე (25%), ე.ვ–ა (25%) და კ.ჩ–ძე (25%);

5.2.5. შპს „ა.ს–ოს“ (დამკვეთი) და მოსარჩელე კომპანიას (მენარდე) შორის 2019 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქ. თბილისში, ........, „ც“ ბლოკის რკინაბეტონის მზიდი კარკასის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა განისაზღვრა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და საპროექტო დოკუმენტაციით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება უნდა დამთავრებულიყო მისი დაწყებიდან 16 კალენდარული თვის ვადაში; დამკვეთმა 2022 წლის 23 თებერვალს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მენარდეს, რომელსაც ნარდობის ხელშეკრულების 8.2 პუნქტზე მითითებით აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და განსაზღვრა სანქციის თანხა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს წარმოქმნილი დაბრკოლებების გათვალისწინებით სანქციის მოცულობა განსაზღვრა 528 693.31 ლარის ოდენობით; მენარდემ, თავის მხრივ, გაგზავნილ წერილში დამკვეთს მიუთითა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი რიგი სამუშაოების შესრულების შეფერხებაზე, რაც გამოწვეული იყო იმგვარი სამუშაოების (საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოები) შეუსრულებლობის მიზეზით, რომელიც გათვალისწინებული იყო პროექტით, მაგრამ არ იყო მითითებული ნარდობის ხელშეკრულებაში. ამავე წერილში, მენარდემ დამკვეთს მიუთითა შესრულებული აქტის მიხედვით დამკვეთის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე;

5.2.6. შპს „ა.ს–ოს“ და მოსარჩელე კომპანიას (დირექტორი კ.ჩ–ძე) შორის 2022 წლის 21 ივლისს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო დამკვეთმა მენარდეს დააკისრა პირგასამტეხლო 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მენარდე დაეთანხმა პირგასამტეხლოს ამ ოდენობით. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა დამკვეთისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების წესი;

5.2.7. შპს „ა.გ“-სა და მოსარჩელე კომპანიას შორის 2019 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა „ბ“ ბლოკის მონოლითური რკინა-ბეტონის სამშენებლო სამონტაჟო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარეობა: თბილისი, ..........) ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, პირობებით და ვადებში; შპს „ა.გ“-სა და მოსარჩელეს (დირექტორი კ.ჩ–ძე) შორის 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური და სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით; შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს ხელშეკრულების შესაბამისად დაკავებული აქვს საგარანტიო თანხა ჯამურად 618309.84 ლარი, რომლის ანაზღაურების პირობებზეც მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმებით. ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო დამკვეთმა მენარდეს დააკისრა პირგასამტეხლო 80 000 ლარის, ხოლო მენარდე დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაკისრებას ამ ოდენობით;

5.2.8. შპს „ე–ს“ (დამკვეთი) და მოსარჩელეს (მენარდე) შორის 2021 წლის 24 ნოემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდემ იკისრა ვალდებულება დამკვეთის მიერ დამტკიცებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და დამკვეთის მიერ მოწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ქ. თბილისში, ....... N19-ის მიმდებარედ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო-სამუშაოები. მენარდის მიერ დაირღვა სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, რის თაობაზეც დამკვეთმა აცნობა მენარდეს 2021 წლის 8 ოქტომბრის წერილით;

5.2.9. შპს „ე–ს“ და მოსარჩელეს შორის 2021 წლის 19 აპრილს და 2021 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც დამკვეთმა შესრულებული სამუშაოს მიხედვით მენარდეს ჩაურიცხა მომსახურების ღირებულება;

5.2.10.შპს „ე–ს“ და მოსარჩელეს (დირექტორი კ.ჩ–ძე) შორის 2022 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება 2021 წლის 4 მაისის ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთმა დააჯარიმა მენარდე 55 656.24 ლარითა და 60 000 ლარით. შეთანხმების გაფორმების დროისათვის ჯამურად დაკავებული საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენდა 221 574.2 ლარს, საიდანაც შეთანხმების მიხედვით, 71 574.2 ლარი დარჩა დამკვეთს იმ ზიანის საკომპენსაციოდ, რაც მენარდის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისა და მშენებლობის ვადების დაგვიანების შედეგად მიადგა დამკვეთს, ხოლო 150 000 ლარის ანაზღაურება დამკვეთის მიერ მოხდა შეთანხმების გაფორმების დღეს. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა შეთანხმების გაფორმების თარიღისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდის წესი და ასევე მენარდის მიერ ობიექტზე დამატებითი სამუშაოების შესრულების პირობები;

5.2.11.შპს „ხ–ს“ (დამკვეთი) და მოსარჩელეს შორის 2021 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მენარდემ იკისრა ვალდებულება შეთანხმებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და დამკვეთის მიერ მოწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ქ. თბილისში, .........., მე-14 კმ. მდებარე მიწის ნაკვეთზე შეესრულებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ,,ა“ ბლოკის რკინაბეტონის მზიდი კარკასის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები; აღნიშნულ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შპს ,,ხ–ს“ და მოსარჩელეს შორის 2021 წლის 30 დეკემბერს, 2022 წლის 31 იანვარს და 5 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე, სამშენებლო ობიექტის მისამართზე შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით განხორციელდა რამდენიმე ათეული ტონა არმატურის ტრანსპორტირება;

5.2.12.შპს „ხ–ს“ და მოსარჩელეს (დირექტორი მ.ო–ი) შორის 2022 წლის 25 მარტს გაფორმდა შეთანხმება, რომლის პრეამბულის თანახმად, მენარდის - მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2022 წლის თებერვალში სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული პარკინგის სართული და პირველი საცხოვრებელი სართულის ფრაგმენტების ნაწილი, რომელიც არ შესრულდა იანვარსა და თებერვალში სამუშაოების ჩამორჩენის გამო. მენარდის მიერ დაგვიანებით შესრულებული სამუშაოების გამო 2022 წლის 1 მარტიდან დამკვეთს უწევდა არმატურისა და გლინულის შეძენა გაზრდილი ფასბით, რაც სრულად უნდა ანაზღაურებულიყო მენარდის მიერ, თანახმად დამკვეთის 10.03.2022 წლის წერილისა; მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან, ყოველი თვის ვადამოსული ფორმა N2-ში პარკინგის სართულისა და პირველი საცხოვრებელი სართულის ფრაგმენტების ნაწილზე საჭირო არმატურისა და გლინულას ფასები დაანგარიშდება მხარეთა შორის იანვრისა და თებერვლის თვეში შეთანხმებული ფასების საშუალო შეწონილი ფასით - არმატურისთვის 2748.5 ლარი და გლინულასთვის - 2930 ლარი, რაზეც მენარდე წინასწარ აცხადებს თანხმობას. მენარდისათვის ვადამოსული გადასახდელი თანხიდან დამკვეთის მიერ გამოქვითული იქნება ჯარიმის სახით დარიცხული თანხა 18 629.38 ლარი, ხოლო 4000 ლარი წარმოადგენს ჯარიმას მენარდის მიერ ხელშეკრულების 3.2.13 და 3.2.14 პუნქტების დარღვევისათვის;

5.2.13.2022 წლის 17 ივნისს შპს „ხ–ს“ და მოსარჩელე კომპანიას (წარმოდგენილი დირექტორის მ.ო–ის, 25% წილის მფლობელი პარტნიორის ზ.გ–ძის, 25% წილის მფლობელი პარტნიორის ა.ე–ძის, 25% წილის მფლობელი პარტნიორის ე.ვ–ას და 25% წილის მფლობელი პარტნიორის კ.ჩ–ძის მიერ) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის პრეამბულის მიხედვით, მენარდეს (მოსარჩელეს) უნდა შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოების ვალდებულება დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ამასთან, დამკვეთს მენარდის 75% წილის მფლობელმა პარტნიორებმა (ზ.გ–ძე, ა.ე–ძე, კ.ჩ–ძე) მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის დირექტორის (მოპასუხის) გამოწვევის პროცედურების დაწყების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმებით, 2022 წლის 17 ივნისიდან დამკვეთმა აიღო ვალდებულება თავად გაეგრძელებინა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები, მენარდის მიერ სამშენებლო კომპანიის სამართლებრივი და ფინანსური პრობლემების აღმოფხვრამდე; შეთანხმება არ არის ხელმოწერილი დირექტორის (მოპასუხის) მიერ;

5.2.14.შპს „ხ–სა“ და მოსარჩელეს (წარმოდგენილი დირექტორის, კ.ჩ–ძის მიერ) შორის 2022 წლის 22 ივლისს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო ობიექტის მენარდისათვის გადაბარების აქტი. ამ აქტის გაფორმების შემდგომ მენარდეს საკუთარი ძალებითა და პასუხისმგებლობით უნდა განეხორციელებინა ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები მხარეთა შორის 15.10.2021 წლის ნარდობის ხელშეკრულებითა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებითა და წესით. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისა და დასრულების ვადები განისაზღვრა მხარეთა მიერ შეთანხმებული სამუშაოების წარმოების ახალი გეგმა-გრაფიკით, რომელიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას დანართი N1-ის სახით. 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეში, შპს „ნ–ის“ მიერ ე.წ. „ხ– ობიექტზე“ გაიცემოდა ხელფასები გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით;

5.2.15.2022 წლის 28 ნოემბრის შეთანხმებით, მოსარჩელესა (მენარდე, წარმოდგენილი დირექტორის კ.ჩ–ძის მიერ) და შპს „ხ–ს“ (დამკვეთი) შორის შეწყდა 2021 წლის 15 ოქტომბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პირობებითა და წესით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილ ხერვეზებს გამოასწორებდა დამკვეთი, რისთვისაც ხარვეზების გამოსწორების ღირებულებას 30 000 ლარს, დაუქვითავდა მენარდეს გადასახდელი საგარანტიო თანხიდან; წინამდებარე შეთანხმების დადების თარიღისათვის, 2021 წლის 15 ოქტომბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულების 4.2.3 მუხლის შესაბამისად დამკვეთის მიერ დაკავებული საგარანტიო თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 332 704 ლარს. დამკვეთმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად დაკავებული საგარანტიო თანხა მენარდისათვის სრულად აენაზღაურებინა არაუგვიანეს 2022 წლის 28 ნოემბრისა. ამასთან, დამკვეთის მიერ დაკავებული საგარანტიო თანხის გადახდისას დამკვეთმა მენარდეს დაუკავა შემდეგი თანხები: ა) ამ შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა, 55 000 ლარი; ბ) ამ შეთანხმების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, 30 000 ლარი; შესაბამისად, დამკვეთის მიერ მენარდისათვის ასანაზღაურებელი დაკავებული საგარანტიო თანხა შეადგენდა 247 704 ლარს;

5.2.16.კომპანიის დირექტორის 2022 წლის 27 ივნისის ბრძანებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ ჩაატარა ძირითადი საშუალებების, სამშენებლო მასალების, დანადგარების, ინვენტარის, ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია. მოსარჩელის საბუღალტრო მონაცემებისა და ფაქტობრივად არსებული ინვენტარის ურთიერთშეჯერებით დაადგინა ძირითადი საშუალებების დანაკლისი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 71 858 ლარი;

5.2.17.მშენებლობის სფეროში ბიზნეს სესხების ფარგლებში, 2019 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელის სახელზე სს „თ.ბ–მა“ გასცა სესხი, 200 000 ლარი. იმავე მიზნობრიობით, 2019 წლის 30 ოქტომბერს ბანკმა მოსარჩელის სახელზე გასცა სესხი 340 000 ლარი;

5.2.18.მოსარჩელე კომპანიის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 9 ოქტომბერს გადაირიცხა 31 968 ლარი (დანიშნულება: სამეურნეო ხარჯი);

5.2.19.მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 2 ნოემბერს გადაირიცხა 30 000 ლარი (დანიშნულება: დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხის უკან დაბრუნება);

5.2.20.მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 4 ნოემბერს გადაირიცხა 167 000 ლარი (დანიშნულება: დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხის უკან დაბრუნება);

5.2.21.მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 3 დეკემბერს გადაირიცხა 48 000 ლარი (დანიშნულება: დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხის უკან დაბრუნება);

5.2.22.მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2020 წლის 30 იანვარს გადაირიცხა 26 235 ლარი (დანიშნულება: სამეურნეო);

5.2.23.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე.ვ–ას (მოსარჩელე კომპანიის 25%-იანი წილის მესაკუთრე) სარჩელი სამშენებლო კომპანიის მიმართ საქმიანი დოკუმენტაციის მოთხოვნის თაობაზე;

5.2.24.თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ე.ვ–ას სარჩელი მოპასუხეების ზ.გ–ძის, ა.ე–ძის და კ.ჩ–ძის მიმართ 2022 წლის 8 ივნისის და 14 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია შპს „კ.დ–ის“ (დირექტორი და 100% წილის მესაკუთრე პარტნიორია მოპასუხე) სარჩელი სამშენებლო კომპანიის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოთხოვის თაობაზე;

5.2.25.მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული საბანკო კრედიტების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის მეუღლის, ე.ვ–ას (კომპანიის 25% წილის მესაკუთრე პარტნიორი) და შპს „კ.დ–ის“ (100% წილის მესაკუთრე პარტნიორია მოპასუხე) საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონება;

5.3. სააპელაციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განმარტა, თუ რას გულისხმობს დირექტორის ფიდუციური, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობები, ამასთან, აღნიშნა, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს ანუ კრედიტორს, რომელიც წინამდებარე საქმეში მოსარჩელე კომპანიაა. დირექტორის პასუხიმგებლობის საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ სარჩელის განხილვისას დირექტორს საწარმოსათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობისაგან იცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია. იგი წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ განხორციელებული მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყო. ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღნიშნული დაშვების/პრეზუმფციის გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალური პროცესის შედეგად იქნა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა.

5.4. სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ მოსარჩელე კომპანიის მიმართ გულისხმიერების/ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში დაცული ხელშეკრულებებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებების შინაარსზე. მითითებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „ა.ს–ოსთან“, შპს „ა.გ-თან“, შპს „ე–თან“ და შპს „ხ–თან“ გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელე კომპანიის დაჯარიმება სარჩელში მითითებული თანხებით და ამ ჯარიმის გადახდაზე შეთანხმება მოხდა მას შემდეგ, რაც მოპასუხე გათავისუფლდა კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციიდან. მოპასუხის განმარტებით, დამკვეთის პრეტენზიებთან და სარეკლამაციო თანხის დაკავებასთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიას (მოსარჩელეს) ჰქონდა შესაბამისი კონტრარგუმენტები. მოპასუხის მითითებით, დამკვეთი არასწორად იტოვებდა სარეკლამაციო თანხას და მოსარჩელე კომპანიის მიმართ ანაზღაურებას არაკეთილსინდისიერად ახორციელებდა. ამასთან, ობიექტებზე დამკვეთის ქვეკონტრაქტორები ასრულებდნენ დამატებით სამუშაოებს, რაც ასევე გავლენას ახდენდა სამუშაოების დროულად დასრულებაზე; თუმცა დაჯარიმების საკითხის გარკვევამდე მოპასუხე გათავისუფლდა ხელმძღვანელის პოზიციიდან (ფაქტობრივი მდგომარეობით 2022 წლის მარტიდან იგი აღარ ასრულებდა დირექტორის უფლებამოსილებას). ამასთან, მოსარჩელე კომპანიას არ გამოუყენებია ნარდობის ხელშეკრულებების 4.3.12, 4.3.10 და 4.3.9 პუნქტებით გათვალისწინებული პირობა, რაც საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ხარისხზე ან/და მოცულობაზე მენარდის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის დასკვნის მომზადების მიზნით ამ საკითხის გადაცემის სავალდებულოობას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით, პირდაპირ არ დასტურდებოდა, რეალურად მოხდა თუ არა სარჩელით მოთხოვნილი თანხების (რასაც დამკვეთის მხრიდან ჯარიმის სახით დასახელებული თანხის სახით ითხოვს მოსარჩელე) დაკავება დამკვეთი კომპანიების მიერ და არც ის გარემოება დგინდებოდა, რომ სარეკლამაციო თანხებიდან (რაც მხარეთა განმარტებით წარმოადგენდა შესრულების საგარანტიო თანხას) შემსრულებლისათვის რა ოდენობის თანხები იქნა გადარიცხული სამუშაოების დასრულების შემდეგ. შპს „ე–თან“ 04.05.2021 წელს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შინაარსი შპს „ე–ს“ ანიჭებდა უფლებამოსილებას მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ეტაპების ჩაბარებისას - გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ვადების (ჩამორჩენა) დარღვევისათვის მენარდისათვის დაეკისრებინა ჯარიმა მოცემული ეტაპით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოების დარჩენილი ღირებულების 10%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე მიუთითებს აღნიშნული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, რასთან დაკავშირებითაც რეაგირება კომპანიის იურისტსა და ფინანსურ დირექტორსაც ევალებოდათ, თუმცა ამგვარი რეაგირება მათ არ ჰქონიათ. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ არ იკვეთება მოპასუხის პასუხისმგებლობა კომპანიის დირექტორობის შემდგომ პერიოდში კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხე მხარეს არ განუცხადებია თანხმობა ჯარიმის დაკისრების მართებულობასა და მის გადახდაზე. ასევე ზემოთ მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსპერტიზების ჩაუტარებლობის პირობებში, შეუძლებელია ობიექტურად დადგინდეს რამდენად საფუძვლიანი იყო დამკვეთების პრეტენზიები კომპანიის მიმართ და რამდენად არსებობდა ასეთ პირობებში მოსარჩელის მხრიდან დამკვეთების მიმართ ამგვარი ოდენობის ჯარიმის გადახდაზე თანხმობის გაცემის საფუძველი.

5.5. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) პრეტენზია სამშენებლო ობიექტზე დაკარგული არმატურის ღირებულებასთან, სამშენებლო ობიექტზე მნიშვნელოვანი ჩამორჩენის გამო სამშენებლო მასალის ღირებულების გაზრდის გამო წარმოშობილ ზიანთან, დამკვეთისათვის ობიექტის გადაბარების გამო მიუღებელ შემოსავალთან, გაცემული სახელფასო ანაზღაურების გამო წარმოშობილ ზიანთან, ასევე ინერტული მასალის შეძენისას მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილ ზიანსა და სამშენებლო ვადების გადაცილებით გადახდილი ინვენტარის ქირის სხვაობასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულ პირთა (გ. ბ–ის, გ.ჯ–ის, გ. ქ–ის, ი. ტ–სა და ზ. კ–ის) ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, დასტურდება არმატურის დანაკლისის არსებობა შპს „ხ–ის“ ობიექტზე, თუმცა საგულისხმოა, რომ ამ მოცემულობას ყველა გამოკითხული მოწმე სხვადასხვა მიზეზით ხსნის (მაგ. მოწმე გ.ბ–მა (ფინანსური დირექტორი) ხაზი გაუსვა არმატურის დაკარგვის ფაქტს გაშლილი სივრციდან, მოწმე ი. ტ–მაც (მომარაგების უფროსი) გამოთქვა ვარაუდი არმატურის მოპარვის შესახებ, რადგან ის გაშლილ მინდორზე ეწყო. მოწმე გ.ქ–ი (საქმისმწარმოებელი) მიუთითებდა, რომ კომპანიაში მის მისვლამდე (გ.ჯ–ის დროს) მიღებული არმატურის აწონვა არ ხდებოდა და მან ეს პროცესი დანერგა. მოწმე გ.ჯ–ი (საქმისმწარმოებელი) აღწერდა ზოგადად სამშენებლო მასალის (მათ შორის არმატურის) მიღების პროცესს. მისი თქმით, მასალის ნაწილი ბარდებოდა ობიექტზე, ხოლო ნაწილი სატვირთოს უკან გაჰქონდა. გიორგი ჯიჯიშვილმა დაადასტურა, რომ აწონვის შედეგად მასალის წონა ნაკლები იყო, ვიდრე ზედნადებში მითითებული ციფრები. მოწმე ზ. კ–ემ (უსაფრთხოების მენეჯერი) ზოგადად მასალის დანაკლისზე გაამახვილა ყურადღება და დაადასტურა სისტემური პრობლემის არსებობა, მასალის ჩამოცლის ნაცვლად მისი ნაწილის უკან გატანასა და არასწორ ზედნადებებზე). შესაბამისად, მოწმეთა ჩვენების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ცალსახად ვერ დგინდებოდა არმატურის დაკარგვა გამოწვეული იყო ქურდობით, მიმწოდებლის მხრიდან მოტყუებით, თუ აღრიცხვიანობის არარსებობით. ამასთან, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა არმატურის დაკარგვასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

5.6. სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ კომპანიის მიერ მშენებლობის წარმოებისას არმატურის ფასის ზრდა არ შეიძლებოდა გამხდარიყო კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობის საფუძველი, რადგან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ კომპანიას ამ გაძვირებული არმატურის შეძენა სწორედ უშუალოდ მოპასუხის ქმედების/უმოქმედობის გამო მოუწია.

5.7. რაც შეეხება შეძენილ, გახარჯულ და დამკვეთის მიერ ანაზღაურებულ ინერტულ მასალას შორის სხვაობასა და საყალიბე სისტემის ქირის ღირებულებას, რასაც ზიანის სახით ითხოვს მოსარჩელე, სააპელაციო პალატამ ამ შემთხვევაშიც ყურადღება გაამახვილა ისევ მოწმეთა ჩვენებით დადგენილ გარემოებაზე - საერთო „ჩათის“ (მიმოწერა) არსებობაზე, რომლითაც ხდებოდა სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას ყველა საჭირო მასალის/ინვენტარის შეძენის საჭიროებასა და მის ღირებულებაზე ინფორმაციის მიწოდება/შეთანხმება, როგორც დირექტორის (მოპასუხის), ისე ფინანსური დირექტორის და, დამფუძნებელი პარტნიორების მონაწილეობით. ამდენად, აღნიშნა, რომ გაუგებარი იყო, მოპასუხის კონკრეტულად რა ქმედება გახდა ამ ზიანის გამომწვევი.

5.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ასევე ვერ გახდებოდა დამკვეთის სამშენებლო ტერიტორიის მოწესრიგებისა და გარშემო ღობის მოწყობის საკითხი, რომლის აუცილებლობა დადგა მეტეოროლოგიური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, რისი წინასწარ გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო და აღნიშნული დამატებითი ხარჯი ნებისმიერ შემთხვევაში დამკვეთის გასაწევი იქნებოდა.

5.9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზეც, რომ შპს „ხ–თვის“ სამშენებლო ობიექტის გადაბარება მოხდა 2022 წლის 17 ივნისის შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობას მოპასუხე არ იღებდა, ამდენად, ამ გადაბარების შედეგად წარმოშობილ ხარჯებთან დაკავშირებით კომპანიის ყოფილი დირექტორის პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლები არ იკვეთება.

5.10. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ძირითადი საშუალებების დანაკლისთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ინვენტარიზაციას ადგილი აქვს დირექტორის ცვლილების გამო, ინვენტარიზაციის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია მას ესწრებოდეს ყოფილი დირექტორი ან მისი წარმომადგენელი მაინც. აღნიშნული პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოფილი დირექტორი აბარებს ქონებას (ადასტურებს, რომ რაც მის დროს ირიცხებოდა კომპანიის ბალანსზე, ადგილზეა), ახალი დირექტორი კი იბარებს ქონებას (ადასტურებს, რომ ნამდვილად მიიღო აღნიშნული აქტივები). ასეთ დროს ყოფილი დირექტორის დასწრება ახდენს იმის პრევენციას, რომ მას მომავალში არ დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ დანაკლისზე, რომელიც შესაძლოა მისი წასვლის შემდეგ წარმოიშვას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიამ შეატყობინა ყოფილ დირექტორს ინვენტარიზაციის თაობაზე და ყოფილმა დირექტორმა ბრალეულად აარიდა თავი მასში მონაწილეობას. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების შესაბამისად, მისი შედეგები ვერ დაედებოდა საფუძვლად მოპასუხის მიმართ შესაძლო დანაკლისის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას.

5.11. გეოდეზიურ მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქმეში წარმოდგენილი მიმართვის და ელ. ფოსტის მიმოწერის შინაარსით დასტურდება, შპს „ჯ.ს–ის“ მიერ 2022 წლის 14 იანვარს გამოწერილ ანგარიშფაქტურებში (ეა-740762127, ეა-740761646, ეა-740762875 და ეა-740763252) ასახული გეოდეზიური სამუშაოები ფაქტობრივად შესრულდა წყნეთში მდებარე ობიექტზე (საკადასტრო კოდით N..........), აღნიშნული ანგარიშფაქტურების მოსარჩელე კომპანიის მიმართ ასახვა მოხდა შეცდომით და ის უნდა ეკუთვნოდეს არა მოსარჩელე კომპანიას, არამედ მოპასუხეს, როგორც ფიზიკურ პირს. შესაბამისად, არც ამ ნაწილში არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.12. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა მიზნებით გამოყენებით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც გამორიცხა მოსარჩელე კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების - სატვირთო ავტომანქანების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი და მიუთითა, რომ იმ კონკრეტულ მისამართებზე, რომელზეც დაფიქსირდა ამ ავტომანქანების გადაადგილების ფაქტი, განთავსებულია საწყობი, საიდანაც ხდებოდა სამშენებლო მასალების გატანა სხვადასხვა სამშენებლო ობიექტის მიმართულებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მითითებული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე დაყრდნობით იგი სარწმუნოდ ვერ მიიჩნეოდა.

5.13. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა დირექტორის ზოგადი ვალდებულებების იმგვარი დარღვევა, რაც სამეწარმეო გადაწყვეტილებების თავისუფლების პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები და არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია კომპანიის დირექტორის ფიდუციური ვალდებულებები. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით პირდაპირ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელე კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც სხვადასხვა ქმედებებსა თუ უმოქმედობაში გამოიხატება. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხეს სხვადასხვა პერიოდში კომპანიის ანგარიშებიდან გაჰქონდა თანხები საწარმოს პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, რითაც კომპანიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. ამასთან, მოპასუხე მისი დირექტორობის პერიოდში სათანადო ზრუნვის მოვალეობას არ იჩენდა კომპანიის საქმეებისადმი, რამაც უკლებლივ ყველა კონტრაქტორთან მშენებლობის ვადების დარღვევა გამოიწვია, ამან კი, თავის მხრივ განაპირობა დამკვეთის მხრიდან მოსარჩელე კომპანიის სოლიდური თანხებით დაჯარიმება, რამაც კომპანიისთვის ასევე მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიაყენება განაპირობა. მოპასუხეს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ გამოესწორებინა სიტუაცია. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხე არღვევდა კონკურენციის აკრძალვის ვალდებულებას და კვალიფიციურ მუშახელს, ასევე კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს და ტექნიკას აგზავნიდა იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომლებზეც მოსარჩელე საერთოდ არ აწარმოებდა სამუშაოებს და რომლებიდანაც შესაბამისი პირადი დაინტერესება ჰქონდა მოპასუხეს. კომპანიის დირექტორობიდან მოპასუხის გათავისუფლების შემდეგ საწარმოში გამოვლინდა სხვადასხვა დასახელების ძირითადი საშუალებების დანაკლისი, რომელთა ღირებულებამ ჯამურად 71 850 ლარი შეადგინა. საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით გაამართლებს მოპასუხის მსგავს ქმედებებს.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებებისთვის საზოგადოების პარტნიორები და დირექტორი პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარტნიორთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს]. თუმცა, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისათვის დირექტორის პირადი პასუხისმგებლობა დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით, რომლის თანახმად, ხელმძღვანელი პირი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით, კერძოდ, მასზე ისე ზრუნავდეს, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ეზრუნა/ემოქმედა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე პირს, იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება სამეწარმეო საზოგადოებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია; ხელმძღვანელი პირი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს კეთილსინდისიერების მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის. დაუშვებელია, წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა ამ მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობისთვის (იხ. სუსგ საქმე Nა-5832-შ-148-2022, 29 ნოემბერი, 2023 წელი).

17. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50.1 მუხლით განსაზღვრული მოვალეობები არის ხელმძღვანელი პირის (დირექტორის) „ფიდუციური მოვალეობები“, რომელთა დარღვევის გამოც კომპანიის დირექტორი პასუხს აგებს კომპანიის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა შესაბამის გამიჯვნას არ აკეთებს, მისი დანაწესი „ზრუნვის მოვალეობასთან” ერთად (რომელსაც სხვაგვარად ასევე „გულისხმიერების მოვალეობას“ ან „გულმოდგინების მოვალებასაც“ უწოდებენ) თავის თავში მოიცავს დირექტორის ფიდუციური მოვალეობების კიდევ ერთ სახეს - „ერთგულების მოვალეობას”. ერთგულების მოვალეობა დირექტორს ავალდებულებს კორპორაციის ინტერესების უპირატესად დაცვას ნებისმიერ პირად ინტერესთან შედარებით, რაც სხვასთან ერთად გულისხმობს პირადი გამორჩენის მიზნით თანამდებობის გამოყენების დაუშვებლობას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი რაიმე მიზეზით პირადად დაინტერესებულია კომპანიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ან გარიგების დადებით (იხ. სუსგ საქმე Nას-766-766-2018, 10 ივნისი, 2019 წელი).

18. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება, როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

19. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია (დამატებით იხ., ჭანტურია ლ, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბ., 2006, 202-203, 256, 302, 384-386, 405-407; მაისურაძე დ, სამეწარმეო განსჯის წესი საკორპორაციო სამართალში, საკორპორაციო სამართლის კრებული I, რედ.ი.ბურდული, თბ., 2011, 113-117. ბურდული ი, ზუბიაშვილი ნ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 37, ველი 5-6, თბ., 2017.).

20. პრეზუმფცია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის შესახებ გამოიყენება მხოლოდ ოთხი კუმულაციური წინაპირობის არსებობისას: 1) დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (უნდა იმოქმედოს). ისეთ შემთხვევაში, როცა დირექტორმა გამოიჩინა უმოქმედობა და არ მიიღო გადაწყვეტილება, იგი ვერ იქნება დაცული სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესით (აღნიშნულში არ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც უმოქმედობა, თავისთავად, მიღებული გადაწყვეტილების შედეგია ანუ მიღებულია გადაწყვეტილება მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ); 2) გადაწყვეტილების მიღებამდე დირექტორმა უნდა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე ადამიანისათვის საკმარისია მოცემულ გარემოებებში, მოცემული გადაწყვეტილების მისაღებად, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს კეთილგონივრულობის სტანდარტს; 3) გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კეთილსინდისიერად - ეს მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად თუ სხვა გარემოებებთან ერთად, დირექტორისთვის ცნობილია, რომ იგი იღებს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას; და 4) დირექტორს არ უნდა ჰქონდეს პირადი დაინტერესება, შესაბამისად, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ დირექტორის პირადი დაინტერესება, მაშინ სახეზეა არა ზრუნვის, არამედ დირექტორის ერთგულების მოვალეობის დარღვევა.

21. ამ გამიჯვნას არსებითი პროცესუალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთგულების მოვალეობის დარღვევის გამო, დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსარჩელის მტკიცების ტვირთში ზიანის ფაქტთან ერთად შედის მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ დირექტორს გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა.

22. თუ მოსარჩელე აღნიშნულის დადასტურებას მოახერხებს, მაშინ დირექტორის გადაწყვეტილების დასაცავად სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესის/ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციის მოქმედება გამორიცხულია, რაც ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე დირექტორზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველმხრივ სამართლიანი და გონივრული იყო კორპორაციისათვის. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შემოწმებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ისე მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით.

23. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს ვერ წარუდგინა იმგვარი მტკიცებულებები, რაც კომპანიის ყოფილი დირექტორის მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგად კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურებდა. არც კასატორს წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება. მისი საკასაციო პრეტენზია (ისევე, როგორც სასარჩელო განცხადება) ძირითადად ემყარება იმას, რომ მოპასუხის დირექტორობის პერიოდში, კომპანია უკლებლივ ყველა კონტრაქტორის მიმართ არღვევდა სახელშეკრულებო ვალდებულებებს (სამშენებლო ვადებს) და დირექტორის არასათანადო და არაეფექტური მართვის გამო მოსარჩელეს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების გამო, კომპანიას უწევდა დაქირავებული ძვირადღირებული ინვენტარის გადასახადის გადახდა, სამშენებლო ვადების დარღვევამ, ასევე, გამოიწვია კომპანიის სოლიდური თანხებით დაჯარიმება); კომპანიის დირექტორობიდან მოპასუხის გათავისუფლების შემდეგ ჩატარებულმა ინვენტარიზაციამ აჩვენა, რომ კომპანიის ფაქტობრივად არსებული ინვენტარი ბუღალტრულ მონაცემებზე გაცილებით ნაკლებია; მოპასუხე მოსარჩელე კომპანიას ანაზღაურებინებდა სხვა პირების მომსახურების ხარჯებს (მაგ. გეოდეზიური სამუშაოების წარმოების ხარჯი, რომლითაც კომპანიას არ უსარგებლია); მოპასუხის მითითებით შეძენილი სოლიდური ღირებულების არმატურიდან ნაწილი გაურკვეველ გარემოებაში დაიკარგა; მოპასუხეს კომპანიიდან გატანილი დიდი ოდენობით თანხა უკან არ დაუბრუნებია; კომპანიაში დირექტორობის პარალელურად მოპასუხე დასაქმებული იყო კონკურენტ კომპანიებში, საიდანაც იღებდა სოლიდურ შემოსავალს; მოპასუხე კომპანიის სატვირთო მანქანებს იყენებდა პირადი შეკვეთებისთვის და კონკურენტი კომპანიების სასარგებლოდ, ხოლო მათ ექსპლუატაციის ხარჯებს მოსარჩელეს ახდევინებდა.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფიდუციური ვალდებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს დირექტორს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ თავისი უშუალო ქმედებების გამო აკისრია, არამედ ასევე აპრიორულად ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი თანამშრომელი განახორციელებს. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ ორმაგი პასუხისმგებლობის სტანდარტი დაინერგება, რაც, როგორც ქმედების უშუალო ჩამდენის, ასევე დირექტორის პერსონალურ პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს. ასეთი სახის აპრიორული სტანდარტი დირექტორის პასუხისმგებლობის კორპორაციულ-თავდაცვით უნარს სრულად უგულებელყოფს და წარმოქმნის დირექტორის გაუმართლებელი პასუხისგების საფრთხეს, რისი თავიდან აცილებისთვის, აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდეს, თუ რა იყო დირექტორის უფლებამოსილებები, რა ზედამხედველობის ბერკეტები ჰქონდა და როგორი სახის ქმედებების განხორციელება შეეძლო, შესაძლო ზიანის თავიდან აცილების მიზნით. ამდენად, დირექტორის ფიდუციური ვალდებულებები არ გულისხმობს საზოგადოების ყველა სახის ზიანის დადგომის შემთხვევაში მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საფუძველზე ანაზღაურებას. მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს, რომ ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი ზიანი წარმოადგენს მისი პროფესიული საქმიანობის უგულებელყოფის შედეგს. თუკი დადასტურდება, რომ, დირექტორი მოქმედებდა ზრუნვის მოვალეობის დაცვით, ბიზნეს გადაწყვეტილების ფარგლებში, მაგრამ მაინც დადგა ზიანი, პერსონალური პასუხისმგებლობა გამოირიცხება. თავის მხრივ, შპს წარმოადგენს კაპიტალურ საწყისებზე ჩამოყალიბებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის მთავარი მიზანი და ორიენტირი მოგების მიღებაა. მოგების მიღება წმინდა ბიზნეს საქმიანობაა, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი რისკებიც, რაც, ხშირ შემთხვევაში, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულობის გარანტირებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, რისკის გაწევით დიდია წარუმატებლობისა და ზიანის დადგომის შედეგი. ასე რომ არა, ვერ შეძლებდა დირექტორი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ბიზნეს საქმიანობაში, თუკი პიროვნება გადაწყვეტილებაუნარიანია, ის ავტომატურად არ ხდება დამდგარ შედეგზე უშუალო პასუხისმგებელი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს დირექტორის გათავისუფლებისა და სხვა პიროვნების დანიშვნის შესაძლებლობა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიის პარტნიორებმა გამოიყენეს.

25. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამეწარმეო განსჯის წესის, ე.წ. „Business Judgment Rule“-ის პრინციპითაა დაცული, რაც გულისხმობს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა სისწორის პრეზუმირებას საპირისპიროს დამტკიცებამდე. საპირისპიროს დასაბუთების მტკიცების ტვირთი თავისთავად მოსარჩელეზეა - მიუთითოს გარემოებები, რომლებიც საკმარისი იქნება აღნიშნული პრეზუმფციის დასაძლევად. აღნიშნული პრინციპი ზღუდავს დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსობრივ შემოწმებას და თუ კი ვერ დადასტურდება გადაწყვეტილების მიღების დროს დირექტორის ზემოაღნიშნული ფორმალური ოთხი ძირითადი ნიშნიდან (დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღება; დირექტორის ინფორმირება; კეთილსინდისიერება; დირექტორის პირადი ინტერესის არარსებობა) თუნდაც ერთ-ერთი მათგანის დარღვევა, შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების შეფასება. ასეთი სახის სტანდარტი განსაზღვრულია, ერთი მხრივ, სასამართლოს შეზღუდვით, არ განიხილოს ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობა, რაც გაცილებით მარტივდება პოსტ-ფაქტუმ, დამდგარი შედეგების შეფასებიდან გამომდინარე. ხოლო, მეორე მხრივ, თავად ბიზნეს გარემოს თავისუფლება ავტომატურად გულისხმობს, რომ ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. ასეთი სახის თავისუფლება გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების დროს თავისუფლად გასწიოს რისკები. თუ კი დადასტურდება, რომ ხელმძღვანელ პირს არ ჰქონდა დარღვეული სამეწარმეო განსჯის წესი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი კვლევა სასამართლოს უფლებამოსილება ვეღარ იქნება.

26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიის კონტრაქტორებთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელის დაჯარიმება სარჩელში მითითებული თანხებით და ჯარიმის გადახდაზე შეთანხმება მოხდა მას შემდეგ, რაც მოპასუხე გათავისუფლდა კომპანიის დირექტორის პოზიციიდან. ამასთან, მოსარჩელე კომპანიას არ გამოუყენებია ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობა, რაც საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ხარისხსა ან/და მოცულობაზე მენარდის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის დასკვნის მომზადების მიზნით ამ საკითხის გადაცემის სავალდებულოობას (აღნიშნული პუნქტების მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სამუშაოს ნაკლის დადასტურების შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ ნაკლიანი სამუშაოების აღმოფხვრის ხელშეკრულების დადგენილი წესით. მენარდე ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი გონივრულ ვადაში, რაც უნდა განისაზღვროს 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ მუხლში აღწერილი გარემოების დადგომისას, მენარდე უფლებამოსილია მოითხოვოს დამკვეთისაგან სამშენებლო სამუშაოების წარმოების შეჩერება ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე პერიოდში). სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რეალურად მოხდა თუ არა სარჩელით მოთხოვნილი თანხების (რასაც დამკვეთის მხრიდან ჯარიმის სახით დასახელებული თანხის სახით ითხოვს მოსარჩელე) დაკავება დამკვეთი კომპანიების მიერ და სარეკლამაციო თანხებიდან (რაც მხარეთა განმარტებით წარმოადგენდა შესრულების საგარანტიო თანხას) რა თანხა გადაერიცხა შემსრულებელს სამუშაოების დასრულების შემდეგ. ამრიგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ სათანადო მტკიცებულებების, ასევე საექსპერტო დასკვნის არარსებობის პირობებში, არ იკვეთება მოპასუხის პასუხისმგებლობა კომპანიის დირექტორობიდან წასვლის შემდგომ პერიოდში კომპანიის დაჯარიმებასთან მიმართებით. ვერც კასატორი მიუთითებს იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაზე, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

27. რაც შეეხება კასატორის (მოსარჩელის) პრეტენზიებს სამშენებლო ობიექტზე დაკარგული არმატურის ღირებულებასთან, კომპანიის ანგარიშებიდან მოპასუხის მიერ გატანილ თანხებთან, დამკვეთისათვის ობიექტის გადაბარების გამო მიუღებელ შემოსავალთან, გაცემული სახელფასო ანაზღაურების გამო წარმოშობილ ზიანთან, ინერტული მასალის შეძენისას მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილ ზიანსა და სამშენებლო ვადების გადაცილებით გადახდილი ინვენტარის ქირის სხვაობასთან მიმართებით, ასევე, მოპასუხის მხრიდან კონკურენციის აკრძალვის წესების დარღვევისა და პირადი მიზნებისთვის კომპანიის ქონების გამოყენების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ამ საკითხებთან მიმართებით შეიცავს საკასაციო საჩივარი იმგვარ დასაბუთებულ მსჯელობას, რაც გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული დასკვნების (მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა იხ. გასაჩივრებული განჩინების 28-33 პუნქტებში) საწინააღმდეგოდ გამოდგებოდა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა/მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი მოცემულობა, რომლითაც დადგინდებოდა მოპასუხის მხრიდან კომპანიის ინტერესების განზრახ საწინააღმდეგოდ მოქმედება\უმოქმედობა, რომელიც არ იყო ნაკარნახევი საზოგადოების ინტერესებიდან.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ნ–ს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ვ. კ=ძის (პ.ნ. 35001084877) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N 7558; გადახდის თარიღი: 23.04.2026) 8000 ლარის 70% - 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი