დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.07.2026
საქმის ნომერი
ას-502-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

06 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას-502 -2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.გ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჰ.გ–ი, ს.გ–ვი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.გ–ვა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ჰ.გ–იასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) და ს.გ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უმართებულოდ და მტკიცებულებათა სრული ანალიზის გარეშე მიიჩნია მყიდველის მიერ შეძენილი ქონების ნასყიდობის ფასი სრულად გადახდილად.

1.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, არასწორად დადგინდა სადავო უძრავი ქონების გასხვისებისას მათი სს „ვ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის ფაქტი.

1.3. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია დადგენილად მოჩვენებითი გარიგების შედგენის ფაქტი (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2015 წლის 11 ივნისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელემ ყველა ინსტანციის სასამართლოში, კერძო არბიტრაჟში, საჯარო რეესტრში, სააღსრულებო ბიუროში (მათ შორის კერძო სააღსრულებო ბიუროში), ნებისმიერ ბანკსა და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერ ორგანოში, მხარის იურიდიული მომსახურების განხორციელების ვალდებულება იკისრა.

4.3.1. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების დადებას წინ საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება უსწრებდა, რომლის თანახმად, სს ,,ვ.ბ. ჯ–ას’’ საარბიტრაჟო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, თბილისში, ......... ქუჩა, სატრანსპორტო გაერთიანების ტერიტორიიდან (ნაკვეთი N20.......) ს/კ-ით #...........; თბილისში, .........../თბილისში, .........., ს/კ-ით # ..........; თბილისში, ............, თბილისში, .........., ს/კ-ით #..........; თბილისში, ..........., ს/კ-ით #...........; თბილისში, ........., ს/კ-ით #....... და თბილისში, ......... , ს/კ-ით #........... მდებარე, მოპასუხის კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება სარეალიზაციოდ მიექცა.

4.3.2. 2015 წლის 4 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, შუამდგომლობით მიმართა სს“ვ.ჯ–ამ“.

4.3.3. 2015 წლის 7 აგვისტოს შპს „ე.ჰ–მა“ აუქციონი ჩანიშნა.

4.4. 2016 წლის 22 თებერვალს პირველმა მოპასუხემ თბილისში, ............ მდებარე - 17.45 კვ.მ, ს/კ-ით N..........(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ქონება), მეორე მოპასუხეს - 25 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. შეთანხმების გაფორმებისას მყიდველმა ნასყიდობის საფასური სრულად აანაზღაურა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

4.5. 2016 წლის 22 თებერვალს პირველმა მოპასუხემ თბილისში, .......... მდებარე - 14.49 კვ.მ, ს/კ-ით N............ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ქონება), მყიდველს - 20 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. შეთანხმების გაფორმებისას მყიდველმა ნასყიდობის საფასური სრულად აანაზღაურა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

4.6. სადავო გარიგებების შედგენის დროს კლიენტისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო დავა არ არსებობდა.

4.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს - 7 100 აშშ დოლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 567 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

4.7.1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქმისწარმოებაში საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ჩაერთო, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების დაკარგვის რისკი მაღალი იყო. შეთანხმების ფარგლებში გაწეული იურიდიული მომსახურების შედეგად მოპასუხის კუთვნილი ექვსი უძრავი ქონებიდან მხოლოდ ერთი რეალიზდა, სამი მაღაზია განთავისუფლდა იპოთეკისგან, ხოლო თბილისში, .........../........... მდებარე, ს/კ-ით #........... რეგისტრირებული ქონება და ავტოსადგომი რეგისტრირებული ს/კ-ით #.......... ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ახალის სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით ხელახლა დაიტვირთა.

4.7.2. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 22 იანვარს გამყიდველმა მყიდველს თბილისში, ............/........... მდებარე 21.34 კვ.მ ავტოფარეხი ს/კ-ით ..........., 5 000 აშშ დოლარად, ხოლო იმავე მისამართზე მდებარე 185.70 კვ.მ, 20.80 საზაფხულო ფართი და 7.31 კვ.მ ჰოლი, ს/კ -ით #...........-100 000 აშშ დოლარად მიჰყიდა.

4.7.3. დადგენილია ისიც, რომ 2016 წლის 22 თებერვალს გამყიდველსა და მყიდველს შორის სადავო უძრავ ქონებებზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. მყიდველმა იმავე მისამართზე მდებარე 15.75 კვ.მ მაღაზიაც, ს/კ-ით #.......... შეიძინა და საფასურიც სრულად აანაზღაურა.

4.7.4. დადგენილია რომ მაღაზიები დატვირთული იყო მეორადი იპოთეკით სს ,,ვ.ბ.ჯ–ას’’ სასარგებლოდ, ხოლო პირველი რიგის იპოთეკარი იყო სს ,,თ.ბ–ი’’.

4.8. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცელი გაიცა.

4.9. პირველ მოპასუხესა და მყიდველს შორის სადავო ქონებებზე მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

4.10. სადავო ქონებებზე გარიგებების დადების ფაქტი მოსარჩელისთვის ცნობილი იყო.

4.11. პირველი მოპასუხის ქონების აუქციონზე გასხვისების თავიდან აცილების მიზნით, ფ.ქ–ამ სესხი აიღო და მის უზრუნველსაყოფად პირველი მოპასუხის კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლი განმეორებითი იპოთეკით დატვირთა, სესხის უზრუნველსაყოფად შპს ,,თ.ქ–ის’’ კუთვნილი, სავაჭრო ცენტრ კიდობანში არსებული N5 მაღაზიაც იპოთეკთ დაიტვირთა.

4.11.1. აღებული სესხით - 140 000 აშშ დოლარით, ფ.ქ–ამ ბანკის მიმართ პირველი მოპასუხის დავალიანება დაფარა, შემდეგად პირველმა მოპასუხემ არა მხოლოდ სადავო ფართები, არამედ სხვა უძრავი ქონებაც ფ.ქ–ას სიდედრის/მეორე მოპასუხეზე გაასხვისა.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), და 56.1 (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს) ასევე 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) და 31113 (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) მუხლები.

6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასა და ქონების მესაკუთრედ აღიარებას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ მოპასუხეებს შორის სადავო გარიგებები მოჩვენებით გაფორმდა.

7. მოსარჩელის ეს მითითება მოპასუხეებმა უარყვეს და განმარტეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიდო.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უმთავრესი განხილვის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც მოჩვენებითი გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმებაა.

9. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის გამომრიცხველ მსჯელობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს, სახელდობრ:

9.1. კანონის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლი). ნორმა წერილობით ფორმასთან ერთად განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის წესს - სსკ-ის 311.1 მუხლი, რომლის მიხედვით, გარიგება სამართლებრივად ნამდვილია მისი გაფორმების მომენტიდან, მაგრამ საკუთრების უფლების ცვლილება დამოკიდებულია საჯაროსამართლებრივ აქტზე - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.

10. საკასაციო სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებით კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ).

11. გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს".

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

12.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

12.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

12.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

12.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

12.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს - 7 100 აშშ დოლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 567 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. დასახელებულ გადაწყვეტილებას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად:

14. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელემ ყველა ინსტანციის სასამართლოში, კერძო არბიტრაჟში, საჯარო რეესტრში, სააღსრულებო ბიუროში (მათ შორის კერძო სააღსრულებო ბიუროში), ნებისმიერ ბანკსა და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერ ორგანოში, მოპასუხის იურიდიული მომსახურების განხორციელების ვალდებულება იკისრა.

15. დადგენილია, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების დადებას წინ საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება უსწრებდა, რომლის თანახმად, სს ,,ვ.ბ. ჯ–ას’’ საარბიტრაჟო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, თბილისში, ......... ქუჩაზე მდებარე მოპასუხის კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (უძრავი ნივთების საკადასტო კოდებია: .........., ..........., ............, .........., .........., ..........), სარეალიზაციოდ მიექცა.

16. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე საქმისწარმოებაში საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ჩაერთო, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების დაკარგვის რისკი მაღალი იყო. შეთანხმების ფარგლებში გაწეული იურიდიული მომსახურების შედეგად მოპასუხის კუთვნილი ექვსი უძრავი ქონებიდან მხოლოდ ერთი რეალიზდა, სამი მაღაზია განთავისუფლდა იპოთეკისგან, ხოლო თბილისში, ........./........, ს/კ-ით #.......... რეგისტრირებული ნივთი და ავტოსადგომი ს/კ-ით #........... ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ახალის სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით ხელახლა დაიტვირთა.

17. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის მორიგება სწორედ მოსარჩელის მონაწილეობით შედგა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული იურიდიული მომსახურების საფასური, უშუალოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხის/კლიენტის სასარგებლოდ განხორციელებულ იმ იურიდიულ ქმედებათა შედეგია, რამაც საბოლოოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ნაწილის აუქციონზე რეალიზაცია აღკვეთა და ბანკთან შეთანხმება განაპირობა.

17.1 მორიგების ფარგლებში, პირველი მოპასუხის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებიც/მათ შორის ამ ქონებათა რეალიზაციის საკითხიც შეთანხმდა. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 2016 წლის 22 იანვარს გამყიდველსა და მყიდველს შორის თბილისში, ............/ ........... მდებარე ავტოფარეხისა (ს/კ ............) და ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .........) გასხვისების თაობაზე შეთანხმება შედგა. 2016 წლის 22 თებერვალს კი, იმავე მხარეებს შორის თბილისში, .......... ქუჩაზე მდებარე, უძრავი ქონების ს/კ-ით N............, N.......... და N..........., ნასყიდობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა და ნივთის მესაკუთრედ მყიდველი აღირიცხა.

18. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ქონებების ღირებულება - 172 000 აშშ დოლარი, ფ.ქ–ას მიერ სს"ვ.ბ–ის" სასარგებლოდ პირველი მოპასუხის დავალიანების დაფარვის მიზნით ჩაითვალა, ხოლო დარჩენილი - 32000 აშშ დოლარი, ფ.ქ–ამ მას გადასცა, ეს უკანასკნელი კი, პირველი მოპასუხის დავალიანების დასაფარად და ქონების შესაძენად აღებულ კრედიტს, დღემდე იხდის.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკსაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო წესით მოთხოვნილი ჰონორარის ოდენობა სწორედ პირველი მოპასუხისთვის იურიდიული მომსახურების გაწევის დროს კლიენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მათ შორის, სადავოდ ქცეული გარიგებების ფარგლებში გასხვისებული ქონების ღირებულების ერთობლიობით დაანგარიშდა; ეს გარემოება დამატებით მიუთითებს სადავოდ გარიგებების ნამდვილ არათვალთმაქცურ ხასიათზე და საფუძველს აცლის დაშვებას, რომ მოსარჩელისთვის სადავო გარიგებების დადების შესახებ არ იყო ცნობილი.

20. პირველი მოპასუხის ქონების აუქციონზე გასხვისების თავიდან აცილების მიზნით, ფ.ქ–ამ სესხი აიღო და მის უზრუნველსაყოფად პირველი მოპასუხის კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლი კვლავ დატვირთა იპოთეკით, სესხის უზრუნველსაყოფად შპს ,,თ.ქ–ის’’ კუთვნილი, სავაჭრო ცენტრ კიდობანში არსებული N5 მაღაზიაც იპოთეკთ დაიტვირთა, აღებული სესხით - 140 000 აშშ დოლარით, ფ.ქ–ამ ბანკის მიმართ პირველი მოპასუხის დავალიანება დაფარა, შემდეგად პირველმა მოპასუხემ არა მხოლოდ სადავო ფართები, არამედ სხვა უძრავი ქონებაც ფ.ქ–ას სიდედრზე/მეორე მოპასუხეზე გაასხვისა.

21. ამდენად, საკასაციო პალატის დასკვნით მოპასუხეებს შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც განხორციელდა კიდეც, მეორე მოპასუხე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა. ამასთან, მხოლოდ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკი, მხარეთა მიერ რეალურად გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგებების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, საქმეში დაცული მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ქმნის კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობისთვის საკმარის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როცა 2016 წელს თავად მოსარჩელე აქტიურად იყო ჩართული როგორც პირველი მოპასუხის ფინანსური და ქონებრივი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ახორციელებდა სასამართლოში კომპანია შპს "დ–ის" წარმომადგენლობას, რომლის დირექტორიც ფ.ქ–აა და სადავო გარიგებების დადების დროს კლიენტისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო დავაც არ არსებობდა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად შესაბამისად საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1094 ლარის (გადახდის ქვითარი #173376704, გადახდის თარიღი 27.04.2026წ), 70% - 765.8, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.გ–ვას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1094 ლარის (გადახდის ქვითარი #173376704, გადახდის თარიღი 27.04.2026წ), 70% - 765.8, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია