დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 31.07.2026
საქმის ნომერი
ას-1034-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1034-2026 31 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ბ.გ–ი, თ.გ–ი, ა.გ–ი, ს.გ–ი, ი.ა–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.რ–ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - დ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.გ–ი (შემდეგ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), თ.გ–ი (შემდეგ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი), ა.გ–ი (შემდეგ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი) ს.გ–ი (შემდეგ - მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი, მეოთხე კასატორი) და ი.ა–ა (შემდეგ - მეხუთე მოპასუხე, მეხუთე აპელანტი, მეხუთე კასატორი) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მ.რ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნულ მოპასუხეთა და დ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, დაბა წყნეთი, .............. (ს/კ ........) და უძრავი ნივთი მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

2. კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად და ყოველმხრივ არ გამოუკვლევია.

3. კასატორები ასევე მიუთითებენ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ პრეტენზიებზე, რომელთა თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევის შედეგად იპოთეკით დატვირთული ქონება საჯარო აუქციონზე გასხვისდა.

4. კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, რომლის მოთხოვნის დასაფარად ქონება საჯარო აუქციონზე გასხვისდა, მოპასუხეებს დამატებით 2 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა იმ პირობით, რომ ქონებას უკან გადაუფორმებდა, თუმცა აღნიშნული პირობა არ შეასრულა.

5. კასატორთა მითითებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მოწინააღმდეგე მხარეს საერთო წარმომადგენელი ჰყავთ, რაც, მათი მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (იხ. სუსგ №ას-709-2022, 30.09.2022წ.).

11. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომელთაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

13. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეთა იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ისინი დაამტკიცებდნენ ქონების მართლზომიერად ფლობას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორთა მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების ფაქტს გააქარწყლებდა.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება, რაც კანონით დადგენილი წესით გაბათილებული არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორებს სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

15. რაც შეეხება კასატორთა მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად და ყოველმხრივ არ გამოუკვლევია, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოსაზრება ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელი სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოება დარჩა სასამართლოს მიერ შეუსწავლელი ან რომელი მტკიცებულება არ შეფასდა კანონით დადგენილი წესით. კასატორები ფაქტობრივად იმავე გარემოებებს იმეორებენ, რომლებზეც მსჯელობა უკვე განხორციელდა ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ, თუმცა არ ასაბუთებენ, თუ რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს შეცდომა ან როგორ შეიძლებოდა აღნიშნულ გარემოებებს საქმის გადაწყვეტაზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მოპასუხეებს შორის არსებული იპოთეკური სამართლებრივი ურთიერთობის, ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ, რადგან ისინი უკავშირდება კასატორებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის არსებულ დამოუკიდებელ სამართლებრივ ურთიერთობას და არავითარი კავშირი არ აქვს განსახილველი დავის საგანთან. მოცემულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ იმ სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება განსახილველი დავას, და არა ისეთი ფაქტების შეფასება, რომლებიც სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან მომდინარეობს და მოცემული საქმის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ ახდენს.

17. ამასთან, კასატორთა მითითება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მათ დამატებით 2 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა ქონების უკან გადაფორმების პირობით, თუმცა აღნიშნული პირობა არ შეასრულა, ვერ გახდება განსახილველი დავის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

18. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მოწინააღმდეგე მხარეს საერთო წარმომადგენელი ჰყავთ, რაც, მათი მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთი და იმავე წარმომადგენლის მიერ რამდენიმე პირის ინტერესების დაცვა, როდესაც ეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება და არ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა ან კანონით გათვალისწინებული სხვა შემზღუდველი გარემოება, კანონით დასაშვებია. ერთი და იმავე წარმომადგენლის არსებობა, თავისთავად, არც კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების არსებობას ადასტურებს და არც რომელიმე მხარის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს.

20. რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრების უფლებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორებს სათანადო წესით არ უარყვიათ.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.; №ას-634-2020, 19.11.2020წ.; №ას-1274-2020, 24.12.2020წ.; №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-759-2024, 15.10.2024წ.).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.გ–ის, თ.გ–ის, ა.გ–ის, ს.გ–ისა და ი.ა–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ბ.გ–ს (პ/ნ .........), თ.გ–ს (პ/ნ .........), ა.გ–ს (პ/ნ ..........), ს.გ–სა (პ/ნ ........) და ი.ა–ას (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ.გ–ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (საგადახდო დავალება 28574449191 / გადახდის თარიღი 31.07.2025);

3. ბ.გ–ს (პ/ნ .......), თ.გ–ს (პ/ნ ........), ა.გ–ს (პ/ნ .......), ს.გ–სა (პ/ნ ...........) და ი.ა–ას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის (საგადახდო დავალება 28574449191 / გადახდის თარიღი 31.07.2025), 70% - 105 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია