დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 10.10.2025
საქმის ნომერი
ას-1053-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

10 ოქტომბერი 2025 წელი

№ას-1053-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. მისო ,,რ.ე–ი”

მოწინააღმდეგე მხარეები - შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. მისო „რ.ე–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის მიმართ, ზიანის, 11 853.28 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2018 წლის 27 თებერვალს შ.პ.ს. „მ.ო. რ.ე–სა“ და ე.კ–ძეს შორის დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2018 წლის 27 თებერვალს გაფორმდა N1476665 სალომბარდე სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა 700 ლარი; სესხის ვადა განისაზღვრა 1 წლით; ყოველთვიური სარგებელი 2 %-ით; სარგებელი უნდა გადახდილიყო ყოველ 1 თვეში ერთხელ. 2018 წლის 27 თებერვალს გაფორმდა N1476697 სალომბარდე სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა 11 192 ლარი; სესხის ვადა განისაზღვრა 1 წლით; ყოველთვიური სარგებელი 2 %-ით; სარგებელი უნდა გადახდილიყო ყოველ 1 თვეში ერთხელ. ხელშეკრულებებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა ხელშეკრულების დანართში - ,,შეფასების ქვითარში” აღწერილი ნივთებით (გირავნობის საგანი), რომლებსაც კლიენტი მფლობელობაში გადასცემდა და აძლევდა მას უფლებას, ესარგებლა აღნიშნული ნივთების დაგირავების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი სესხისა და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებდა დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.

5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „მ.ო. რ.ე–ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ე.კ–ძეს მოსარჩელე შ.პ.ს. „მ.ო. რ.ე–ი”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 27 თებერვლის N1476665 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 851 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შემდეგი გირავნობის საგანი: სამაჯური 15.16 გრ. (საიდანაც, ოქროს წონა არის - 12.5 გრ. სინჯი 585), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ დაიფარებოდა სრული დავალიანება, სარეალიზაციოდ მიექცეოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. მოპასუხე ე.კ–ძეს მოსარჩელე შ.პ.ს. “მ.ო. რ.ე–ი”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 27 თებერვლის N1476697 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12602.28 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირი თანხა იყო 11192 ლარი, სარგებელი 910.28 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შემდეგი გირავნობის საგნები: სამაჯური - 73.32 გრ. (საიდანაც ოქროს წონა არის 28 გრ. სინჯი 585), სამაჯური 57.7 გრ. (სინჯი 900), ბეჭედი 30 გრ. (გრეხილი წონით 30 გრ., სინჯი 585) და ჯვარი 1.4 გრ. (სინჯი 500) ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით დავალიანება სრულად ვერ დაიფარებოდა, სარეალიზაციოდ მიექცეოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელემ, 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის აღსრულების მიზნით, მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

5.3. 2018 წლის 19 ივნისს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება N007190618005 სისხლის სამართლის საქმეზე ვ.კ–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო თაღლითობის ფაქტზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების გამომძიებლებს მიეცათ ნებართვა განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედება - ქ. თბილისში ..... მდებარე მ.ო. “რ.კ–ის” საბურთალოს ფილიალში არსებული სპეციალური საცავიდან, ე.კ–ძის მიერ ჩაბარებული ოქროს ნივთებისა და მასთან გაფორმებული N1476697 და N1476665 ხელშეკრულებების ამოღება.

5.4. 2018 წლის 27 ივნისს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების გამომძიებლის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვეოდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, ამოღებული იქნა N1476697 და N1476665 ხელშეკრულებების საფუძველზე დაგირავებული ძვირფასი ნივთები.

5.5. შ.პ.ს. მ.ო. „რ.ე–ს” დაუბრუნდა N1476697 და N1476665 ხელშეკრულებების დანართში - „შეფასების ქვითარში” აღწერილი შემდეგი ნივთები (გირავნობის საგანი): ბეჭედი გრეხილი 1ც (წონა 30 გრ. სინჯი 585, ფასი 1550) და ჯვარი (1ც/დეფორ. წონა 1,4 გრ, სინჯი 500, ფასი 50).

5.6. მანანა კოპაძეს, როგორც დაზარალებული ვ.კ–ის უფლებამონაცვლეს, დაუბრუნდა საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ორი ცალი ოქროს სამაჯური და საათი.

5.7. №007190618005 სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

5.8. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაემყარა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ მოპასუხეებმა საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოსარჩელისგან ამოღებული ძვირფასი ნივთები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის დარღვევით გადასცეს არაუფლებამოსილ პირებს, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან ვეღარ ახერხებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას და კანონიერი ქონებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

5.9. დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 19 ივნისს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება N007190618005 სისხლის სამართლის საქმეზე ვ.კ–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო თაღლითობის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით). მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეშვიდე განყოფილების გამომძიებლებს მიეცათ ნებართვა განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედება - ქ. თბილისში .......... მდებარე მ.ო. “რ.კ–ის” საბურთალოს ფილიალში არსებული სპეციალური საცავიდან, ე.კ–ძის მიერ ჩაბარებული ოქროს ნივთებისა და მასთან გაფორმებული N1476697 და N1476665 ხელშეკრულებების ამოღება. 2018 წლის 27 ივნისს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების გამომძიებლის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვეოდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ამოღებული იქნა N1476697 და N1476665 ხელშეკრულებების საფუძველზე შ.პ.ს. მ.ო. “რ.ე–ი”-ს სასარგებლოდ დაგირავებული 5 ცალი ოქროს სამკაული. დადგენილი იყო ასევე, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების მიერ ამოღებული ნივთებიდან ორი ცალი ოქროს სამაჯური და საათი დაუბრუნდა დაზარალებული პირის ვ.კ–ის უფლებამონაცვლეს.

5.10. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვიდრე დელიქტური ვალდებულების წარმოშობის სხვა ელემენტები დადგინდება, სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არსებობს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შემდგომ ხდება უკვე იმ გარემოებათა დადგენა, გამოწვეულია თუ არა ზიანი აღნიშნული ქმედებით. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ წარმოუდგენია მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გამოძიება არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, პროკურატურა კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას, ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილს, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ექცევა საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში.

5.11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ზიანის მიმყენებელ ქმედებად დაასახელა პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოთა ქმედებები საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში და მოითხოვა საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლზომიერების შეფასება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას, პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და მათ მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების კანონიერების კონტროლი ხორციელდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი გასაჩივრება ხდება აგრეთვე კანონით განსაზღვრული შესაბამისი წესით. პალატის განსჯით, საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი ვერ დადგინდებოდა წინამდებარე დავის ფარგლებში, ვინაიდან სამოქალაქო სამართალწარმოებისას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროკურატურის ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან საპროცესო მოქმედებების კანონიერება. ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეუძლია, თუკი კანონით გათვალისწინებული წესით დადგენილია საპროცესო მოქმედების ან გადაწყვეტილების უკანონობა.

5.12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოხსენებული განმარტება ასევე გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის დისპოზიციიდან, რომელიც ადგენს სამოქალაქო სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეთა ჩამონათვალს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლიდან, რომლის თანახმად, ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს. ხსენებული ნორმების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სასამართლოები არ არიან უფლებამოსილი, სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში იხელმძღვანელონ სისხლის სამართლის საპროცესო თუ მატერიალური კანონმდებლობით და მის საფუძველზე შეაფასონ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში განხორციელებული ქმედებების კანონიერება.

5.13. დამატებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელსაც არ წარმოადგენს სამოქალაქო სასამართლო და მოსარჩელის მიერ დარღვევის თაობაზე მხოლოდ ფაქტების მითითება, თუნდაც მტკიცებულებების წარმოდგენის პირობებში, კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარეშე, მოცემულ შემთხვევაში, ვერ მიიჩნეოდა საკმარისად მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენისთვის.

5.14. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც აუცილებელი წინაპირობაა ზიანის კვალიფიკაციისათვის. ასევე, არ დგინდებოდა მოპასუხე მხარის ბრალი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ვერ დაადასტურა მოპასუხეების მიერ ზიანის მიყენების ფაქტი.

5.15. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეთა ქმედებასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუდასტურებელი იყო მოთხოვნილი ზიანის ოდენობაც. კერძოდ, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე მოითხოვა მხოლოდ 851 ლარის ნაწილში, რომლის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო 15.16 გრამი წონის (ოქროს წონა - 12.5 გრამი, სინჯი 585) სამაჯური. საქმეში წარმოდგენილი შეფასების ქვითრის მიხედვით, აღნიშნული სამაჯურის ღირებულება 700 ლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც მოსარჩელე ზიანის სახით 11 853.28 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა არ შეესაბამებოდა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი იყო.

5.16. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსრულების საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლი ითვალისწინებს აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, რაც მოსარჩელეს არ გამოუყენებია. ამ ვითარებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო, მოსარჩელის აპელირება მოპასუხეთა ქმედებით მიყენებულ ზიანზე, ვინაიდან არ ვლინდებოდა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს არ დაუდგენია მოპასუხის თანამშრომელთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება), არ იკვეთებოდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და დაუსაბუთებელი იყო ზიანის ოდენობა. ყოველივე აღნიშნული კი, გამორიცხავდა სარჩელის საფუძვლიანობას.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებული ნივთების დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის გადაცემის კანონიერება. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია ნივთიერი მტკიცებულებების შენახვისა და განკარგვის წესი. გამოძიების დასრულებამდე საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული გარკვეული კატეგორიის ნივთების განკარგვა შეუძლია, რომელთა შორის, ძვირფასი ნივთები არ მოიაზრება. ამგვარი ნივთების საბოლოო ბედი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, გამოძიების დასრულებამდე გირავნობის საგნების მესამე პირისთვის გადაცემით, დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი.

6.2. კასატორი მიუთითებს, რომ იგი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებების კეთილსინდისიერი მხარეა და მისი, როგორც მოგირავნის უფლება კანონიერად წარმოიშვა. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს ამოღებული ნივთების განკარგვისას, უნდა გაეთვალისწინებინათ ნივთებზე არსებული გირავნობის უფლება და კასატორის სამართლებრივად დაცული ინტერესი. კასატორის მოსაზრებით, ნივთების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირებთან შედარებით უპირატესი უფლება გააჩნდა, რის გამოც ამოღებული ნივთები მისთვის უნდა დაებრუნებინათ.

6.3. კასატორის განმარტებით, იგი ვერ შეძლებდა საგამოძიებო ორგანოთა მოქმედების სისხლის სამართლის საპროცესო წესით გასაჩივრებას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობდა დაზარალებულის ან ბრალდებულის საპროცესო სტატუსით. შესაბამისად, გირავნობის საგნის მესამე პირისთვის გადაცემის კანონიერებას სადავოდ ვერ გახდიდა.

6.4. კასატორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის არარსებობის შესახებ. გირავნობის საგნების დაუბრუნებლობის გამო, იგი ვერ ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულებას და ვერ იკმაყოფილებს სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულად მოთხოვნებს. აღნიშნულის დასადასტურებლად იგი მიუთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილებზე, რომლებითაც დაევალა დაგირავებული ნივთების წარდგენა და ეცნობა, რომ მათი წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩებოდა. კასატორის პოზიციით, მისი მოთხოვნები სრულად იყო უზრუნველყოფილი გირავნობის საგნებით და მათი დაკმაყოფილების სხვა რეალური შესაძლებლობა არ გააჩნია.

6.5. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სათანადოდ არ მოახდინეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც ამოღებული ნივთები გადასცეს. მხოლოდ სახელისა და გვარის მითითება პირის იდენტიფიცირებისათვის საკმარისი არ არის, რის გამოც მას დამატებით შეეზღუდა საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.

6.6. კასატორი მიიჩნევს, რომ იკვეთება დელიქტური პასუხისმგებლობის ყველა წინაპირობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოებმა დაარღვიეს ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვის კანონით დადგენილი წესი; კასატორის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია; მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა განპირობებულია გირავნობის საგნებზე წვდომის შეზღუდვით; საგამოძიებო ორგანოებმა ნივთები განზრახ გადასცეს არაუფლებამოსილ პირებს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობს თუ არა მოპასუხეთათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. ამ მიზნით უნდა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა საგამოძიებო ორგანოების მიერ კასატორის სასარგებლოდ დაგირავებული ნივთების დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის გადაცემა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა ქმედებამ კასატორის მიერ მოთხოვნილი ზიანი და არსებობს თუ არა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.

11. კასატორის მოთხოვნა 11 853.28 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ ემყარება იმ ფაქტობრივ არგუმენტს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის დარღვევით, კასატორის სასარგებლოდ დაგირავებული ნივთები გადასცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რითაც კასატორმა დაკარგა ამ ნივთების რეალიზაციისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

12. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები წარმოადგენს.

13. დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“), და თუნდაც ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. №ას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი; ს.უ.ს.გ. №ას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი).

14. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (ს.უ.ს.გ. №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

15. ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არ არის დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ იმაზე, აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და, თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. არის თუ არა კონკრეტული ქმედება მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი სასამართლომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს. მოქმედება მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. არღვევს სხვა ვალდებულებას, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრს; გ. ხელყოფს საგანგებოდ დაცულ უფლებას, კერძოდ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან პირად უფლებას (ს.უ.ს.გ. №ას-332-317-2016, 2016 წლის 9 დეკემბერი).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ საქმეებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით კი, ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო და სისხლის სამართლის სამართალწარმოების საგანი, მიზანი და საკუთარი ფარგლების კონტროლის მექანიზმები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია, რის გამოც სამოქალაქო სასამართლოს უფლებამოსილება არ მოიცავს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების კანონიერების პირველადი შეფასების განხორციელებას. ასეთი შეფასება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ, კანონით დადგენილი წესით, უკვე დადგენილია კონკრეტული საპროცესო მოქმედების ან გადაწყვეტილების უკანონობა. ამავეს ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს, და არა სამოქალაქო სასამართლოს მიერ.

17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა კასატორის სასარგებლოდ დაგირავებული ნივთები, მათ შორის სადავო ორი ცალი ოქროს სამაჯური და საათი, ამოიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხოლო შემდგომ გადასცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს. საქმის მასალები არ შეიცავს იმის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რომ კანონით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმებით, უკვე დადგინდა ამ ქმედების უკანონობა. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის შინაარსზე კასატორის მითითება, კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, ვერ მიიჩნევა მართლწინააღმდეგობის დამადასტურებელ საკმარის საფუძვლად.

18. კასატორის მითითება, რომ იგი სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის ან ბრალდებულის საპროცესო სტატუსით არ მონაწილეობდა და, შესაბამისად, ვერ ისარგებლებდა საგამოძიებო ორგანოთა ქმედების სისხლის სამართლის საპროცესო წესით გასაჩივრების მექანიზმით, არც ნივთების გადაცემის უკანონობას ადასტურებს და არც სამოქალაქო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად შეაფასოს ის საკითხი, რომლისთვისაც კანონმდებელმა სპეციალური საპროცესო წესი დაადგინა.

19. მართლწინააღმდეგობას ვერც კასატორის მითითება ადასტურებს იმაზე, რომ იგი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებების კეთილსინდისიერი მხარეა და მისი, როგორც მოგირავნის უფლება კანონიერად წარმოიშვა. კასატორის გირავნობის უფლების არსებობა დასახელებულ ნივთებზე თავისთავად არ ადასტურებს მოპასუხეთა ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხოლო ამ გარემოების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კასატორის გირავნობის უფლებასთან ერთად, დადასტურდებოდა თავად მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, არ დადგენილა.

20. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს (სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი). პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან (causa principalis sine qua non). ამასთან, ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ხოლო ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელის მიერაა დადასტურებული (ს.უ.ს.გ. №ას-96-2021, 21.06.2022 წელი; №ას-992-2020, 29.09.2021 წელი). ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს და არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს (ს.უ.ს.გ. №ას-1376-2019, 13.12.2019 წელი; №ას-917-2021, 27.10.2021 წელი).

21. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ე.კ–ძეს კასატორის სასარგებლოდ დაეკისრა ორი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, ხოლო დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობის საგნები იმ პირობით, რომ თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხა დავალიანების სრულად დასაფარად საკმარისი არ იქნებოდა, აღსრულება გავრცელდებოდა მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზეც. აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსის თანახმად, კასატორის ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ იყო შეზღუდული მხოლოდ კონკრეტულად ამოღებული ნივთების რეალიზაციით.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ კასატორმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მოსთხოვა მხოლოდ 851 ლარის ნაწილში, მაშინ, როდესაც წინამდებარე დავაში ზიანის სახით 11 853.28 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს. კასატორს არ დაუსაბუთებია, რომ სწორედ 11 853.28 ლარი (რაც აღემატება მის მიერ ნაწილობრივ მოთხოვნილი აღსრულების ოდენობას) წარმოადგენს მოპასუხეთა ქმედების შედეგად დამდგარ ზიანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილები, რომლებზეც კასატორი მიუთითებს, ადასტურებს მხოლოდ გირავნობის საგნების წარდგენის საჭიროებას აღსრულების კონკრეტული წარმოებისათვის და არა იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის სხვა ქონებიდან შეუძლებელია. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალები არ იძლევა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ მოთხოვნილი 11 853.28 ლარი მოპასუხეთა ქმედების უშუალო შედეგია.

23. საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან ამოღებული ნივთების მიმღები პირების არასათანადო იდენტიფიცირებაზე კასატორის მითითებაც ვერ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს. კასატორს არ დაუსაბუთებია, რა უშუალო კავშირი აქვს აღნიშნულ გარემოებას მოთხოვნილი ზიანის წარმოშობასთან და რომ სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია მისი ფულადი მოთხოვნის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად დაკმაყოფილების შეუძლებლობა.

24. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობების ერთობლიობას, კერძოდ, არ დასტურდება არც მოპასუხეთა ქმედების მართლწინააღმდეგობა, არც მოთხოვნილი ოდენობით რეალური ქონებრივი ზიანის არსებობა და არც ამ ზიანსა და მოპასუხეთა ქმედებას შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირი. სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების შინაარსზე კასატორის მითითება ვერ ჩაანაცვლებს კომპეტენტური ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით მიღებულ გადაწყვეტილებას და ვერ დაძლევს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 592.70 ლარი მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 414.89 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. მ. ,,რ.ე–ი”-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. მ.,,რ.ე–ი”-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 592 ლარის და 70 თეთრის (გადახდის ქვითარი №63193125, საგადახდო დავალება №63193126, გადახდის თარიღი: 29.07.2025წ, გადამხდელი: მ.ბ–ი (პ/ნ ..........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% - 414 ლარი და 89 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი