საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.05.2002 ძალადაკარგული 25.09.2008
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010230000.09(0).100.005305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 24/05/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.005.305

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №38

2002 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი”.

2. რეგლამენტი დაეგზავნოს კონტროლის პალატის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და უზრუნველყოფილ იქნეს მისი თანამშრომლებზე გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ს. მოლაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844

3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

 

 

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი

თავი I. ზოგადი დებულებანი, სამართლებრივი აქტები, სტრუქტურული ერთეულები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს კონტროლის პალატის უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, კონტროლის პალატის სტრუქტურას, რევიზია-შემოწმების მომზადებისა და ჩატარების ფორმებს.

2. რეგლამენტი მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ” და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

3. რეგლამენტის მოთხოვნები სავალდებულოა კონტროლის პალატის ყველა მოხელისათვის.

4. კონტროლის პალატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380048, ქეთევან წამებულის გამზირი N96.

    მუხლი 2. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი

1. კონტროლის პალატის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი რეგულირდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც უნდა გამოიცეს კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტი, შესაბამისი წინადადება შემოაქვთ სტრუქტურულ ერთეულებს.

    3. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, პროექტის შემომტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მთავარი იურისტის, იურიდიული სამსახურის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომ ტექსტში – პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო) და კრებსით-ანალიტიკური სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს (შემდგომ ტექსტში – საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო) მიერ.

4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, წარდგინების, მიწერილობისა და შემოწმების (ცნობის) აქტის ტიპური ფორმა მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 3. კონტროლის პალატის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც შედის კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატი და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში.

2. კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციულ-ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;

გ) გენერალური ინსპექცია;

დ) დაცვის სამსახური;

ე) თავმჯდომარის აპარატი;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) კრებსით-ანალიზური სამსახური;

თ) რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტი;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

კ) სამართალდაცვის, თავდაცვისა და სასამართლო სექტორის დეპარტამენტი;

ლ) საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტი;

მ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

ნ) სოციალური სექტორის დეპარტამენტი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 4. კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა

1. კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე.

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ კონტროლის პალატის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს, მათ ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

3. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

    მუხლი 5. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან თავმჯდომარის მოადგილეს.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) წარადგენს სტრუქტურული ერთეულის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით, ქვემდებარეობით წარადგენს დასკვნებს და წინადადებებს;

ვ) წარუდგენს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის, მოხელეების პრემირების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულების ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ რეგლამენტითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებით, თავმჯდომარის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები. სტრუქტურული ერთეულები შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.

    მუხლი 6. საკონტროლო-სარევიზიო დეპარტამენტები (ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში მოცემული დეპარტამენტები)

კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით ახორციელებენ რევიზია-შემოწმებებს მათთვის განსაზღვრული დარგებისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს და უზრუნველყოფენ გეგმის შესრულებასა და კონტროლს, საკურატორო დარგის ორგანიზაციათა საქმიანობის შედეგების მიხედვით აანალიზებენ დარგში მიმდინარე პროცესებს, შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რევიზია-შემოწმების პროცესში თანამშრომლობენ კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საკონტროლო სფეროს დაწესებულებებთან, ასრულებენ თავმჯდომარის კურატორი მოადგილისა და პრეზიდიუმის დავალებებს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 7. ადმინისტრაციულ-ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური

ახორციელებს კონტროლის პალატის მატერიალურ-ტექნიკური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას, პალატის ბიუჯეტის, ნაერთი ბალანსის და სტატისტიკური ანგარიშების შედგენას, პალატისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვას, საქმისწარმოების ორგანიზებას, საარქივო საქმიანობის წარმართვას, მოქალაქეთა მიღების კოორდინაციას, საკადრო რესურსების მართვას, კონკურსების, ატესტაციების, საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა დავალებების შესრულებას.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 8. გენერალური ინსპექცია

ახორციელებს კონტროლის პალატაში საფინანსო და ადმინისტრაციულ დარღვევათა პრევენციას და სავალდებულო აუდიტს, საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ზედამხედველობს კონტროლის პალატის მოხელეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების, მათ შორის, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა აკრძალვის და სხვა ნორმების დაცვას; კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით ატარებს ცალკეულ ადმინისტრაციულ, საფინანსო და სხვა სახის რევიზიებსა და შემოწმებებს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 9. დაცვის სამსახური

ახორციელებს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული შენობის და მატერიალური ფასეულობების დაცვას.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 10. თავმჯდომარის აპარატი

 ახორციელებს თავმჯომარის საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას; მონაწილეობს პალატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციაში; უწევს ორგანიზებას თავმჯდომარის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლს, პალატის კოლეგიალური და სათათბირო ორგანოების სხდომების ჩატარებას, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ოფიციალურ შეტყობინებებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს; ორგანიზებას უწევს კონტროლის პალატის სახელით მოწყობილ პრესკონფერენციებს, თავმჯდომარის დავალებით მუშაობს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 11. იურიდიული სამსახური

ახორციელებს პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას; მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული კონტროლის პალატის მოხსენების, კონტროლის პალატის ანგარიშის, თავმჯდომარის ბრძანებების, პრეზიდიუმის დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ინფორმაციების და მასალების, „კონტროლის პალატის შესახებ” კანონით გათვალისწინებული მიწერილობისა და წარდგინების, თავმჯდომარის დავალებით საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის, სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნი მასალების სამართლებრივ უზრუნველყოფას; სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილი მასალების რეალიზაციის პროცესის კონტროლს და თითოეულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად ანგარიშის წარმოდგენას; სასამართლო ორგანოებში კონტროლის პალატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადებას, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 12. კრებსით-ანალიზური სამსახური

ახორციელებს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს, საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს, საინფორმაციო მომსახურებას, კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტებისა და მათში შესატანი ცვლილებების, აგრეთვე, არაგეგმური რევიზია-შემოწმებების ჩატარების თაობაზე პროექტების შედგენას და პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად მათ წარდგენას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებების მომზადებას, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად კონტროლის პალატის წლიური ანგარიშის მომზადებას, საქართველოს კონტროლის პალატასა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებს შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 13. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას; ახორციელებს ამ მიმართულებით კონტროლის პალატის შესაბამისი აქტების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე კონტროლს; თავმჯდომარის დავალებით ატარებს რევიზიებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 21. თავმჯდომარის კომისიები

1. თავმჯდომარეს შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის ვადა.

2. კომისიის წევრად შეიძლება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოწვევა.

თავი II. სარევიზიო საქმიანობის ზოგადი წესები

    მუხლი 22. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმა

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობა წარიმართება პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული პერსპექტიული (წლიური) და მიმდინარე (კვარტალური) სამუშაო გეგმებით.

2. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმაში აუცილებლად შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინადადებები.

3. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შედგენის დროს აუცილებლად განიხილება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და კომისიების წინადადებები.

    მუხლი 23. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის მომზადების წესი

1. კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე სამუშაო გეგმების პროექტებს ადგენს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.

2. საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური, ამ რეგლამენტის    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში მოცემული დეპარტამენტების მომდევნო წლის და პირველი კვარტალის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმების პროექტებს 1 ნოემბრამდე უგზავნის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია 15 ნოემბრამდე წარუდგინოს თავისი გეგმის პროექტი კრებსით-ანალიზურ სამსახურს.

3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები წარადგენენ საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტებს შესაბამისად, 15 თებერვალს, მესამე კვარტლისას – 15 მაისს, მეოთხე კვარტალისას – 15 აგვისტოს.

4. საქართველოს სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კონსულტაციების, სამუშაო გეგმების პროექტების შეჯერებისა და კოორდინირების შემდეგ, საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის საბოლოო პროექტს ათანხმებს დეპარტამენტების, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელებთან, რის შესახებაც მოახსენებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს სამუშაო გეგმის პროექტების განხილვისას.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 24. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის პრეზიდიუმზე განხილვა

1. საქართველოს კონტროლის პალატის წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმები განიხილება პრეზიდიუმზე შესაბამის საანგარიშო პერიოდამდე 10 დღით ადრე.

2. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის კორექტირება (საკითხის ამოღება, გადატანა ან დამატება) დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს წინადადებების საფუძველზე.

     მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება

არაგეგმური რევიზია და შემოწმება, მათ შორის, შემოწმებული ობიექტის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლკების კონტროლის პალატების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, რის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844

    მუხლი 26. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი

1. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, დეპარტამენტების, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელობას.

2. საქართველოს კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.

3. საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები ვალდებულნი არიან საანგარიშო კვარტალის დამთავრებიდან 15 დღის, ხოლო საანგარიშო წლის დასრულებიდან 25 დღის ვადაში საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში წარადგინონ დეტალური ანალიზი სამუშაო გეგმის შესრულებისა და ჩატარებული არაგეგმური შემოწმებების შესახებ.

   

 

თავი III. რევიზია-შემოწმების ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების რეალიზაციის წესი

    მუხლი 27. რევიზია-შემოწმების ორგანიზება და ვადები

1. კონტროლის პალატა საკონტროლო საქმიანობას ახორციელებს თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. რევიზია-შემოწმების (შემდგომში შემოწმება) მოცულობას, ვადას და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეები – შესაბამის ტერიტორიაზე

3. შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.

    მუხლი 28. ბრძანება შემოწმების ჩატარების შესახებ და შემოწმების პროგრამა

1. შემოწმება ტარდება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების თავმჯდომარეების მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს სარევიზიო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, შემოწმების ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში – საკითხის დასახელება), შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.

4. ბრძანება შემოწმების შესახებ ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოების მიერ.

5. შემოწმების პროგრამას ადგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სარევიზიო დარგში და ამტკიცებს (ვიზირებულს დეპარტამენტის იურისტის მიერ) შესაბამისი დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. შემოწმების პროგრამაში ან ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე შემოწმების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.

7. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს წარუდგინოს ბრძანება, შემოწმების პროგრამა და შემოწმების პროცესში მხარეების უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი.

    მუხლი 29. შემხვედრი წესით ჩასატარებელი შემოწმება

შემხვედრი შემოწმება ტარდება პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, ძირითადი შემოწმებიდან გამომდინარე და მხოლოდ ძირითადი შემოწმების დროს დასმული საკითხების ფარგლებში, ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე.

    მუხლი 30. შემოწმების აქტი (ცნობა)

1. შემოწმების დამთავრებისთანავე უნდა შედგეს აქტი (ცნობა) შემოწმების შედეგების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები, აგრეთვე, გაცნობის შემდეგ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და სხვა პასუხისმგებელი პირები.

2. სარევიზიო ჯგუფის წევრები პერსონალურად აგებენ პასუხს შემოწმების შედეგების უტყუარობაზე.

3. შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში ეცნობა და ხელს აწერს შემოწმების აქტს. თუ მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ ფაქტებს, აქტზე აკეთებენ სათანადო მინაწერს და აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლებს წარუდგენენ ახსნა-განმარტებას, რომელიც უნდა დაერთოს შემოწმების მასალებს. გაცნობისათვის შემოწმების აქტი (ცნობა) უნდა ჩაბარდეს შემოწმებული ობიექტის მარეგისტრირებელ დანაყოფს.

4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა ხელს არ აწერს აქტს, უნდა გაფორმდეს შესაბამისი ცნობა (აქტი), ხოლო შემოწმების აქტი ითვლება დასრულებულად.

5. შემოწმებული ობიექტის მხრიდან შემოწმების შედეგებზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, საკითხს იხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა.

6. შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ვიზირების შემდეგ.

    მუხლი 31. მოხსენებითი ბარათი

1. შემოწმების აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში, ჯგუფის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად წერს მოხსენებით ბარათს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.

2. მოხსენებით ბარათში მოკლედ უნდა იყოს გაანალიზებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით. წარმოდგენილი უნდა იყოს ღონისძიებები და წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების შესახებ.

3. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები, განიხილავენ და ვიზას აძლევენ იურისტი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და თავმჯდომარის მოადგილე.

4. მოხსენებითი ბარათი და შემოწმებული ობიექტის ახსნა-განმარტება (თუ ასეთი არის) წარედგინება შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.

     მუხლი 32. შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება

შემოწმებული ობიექტის მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტის გადამოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844

თავი IV. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი

    მუხლი 33. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი

1. კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. მომავალი სხდომა ცხადდება ერთი კვირით ადრე.

2. პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. პრეზიდიუმზე განსახილველი საკითხი შემოაქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

4. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს პრეზიდიუმის სამდივნო, რომელსაც ყოველი თვის პირველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირზე განიხილავს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

5. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.

6. პრეზიდიუმის დადგენილებების პროექტი წარედგინება პრეზიდიუმის სამდივნოს პრეზიდიუმის სხდომამდე 10 კალენდარული დღით ადრე.

7. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტი პრეზიდიუმის სხდომამდე 7 კალენდარული დღით ადრე ვიზირებისათვის გადაეცემა პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს და ურიგდებათ პრეზიდიუმის წევრებს – 3 კალენდარული დღით ადრე.

8. პრეზიდიუმის სხდომას პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებიან პრეზიდიუმის მდივანი, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსები, თავმჯდომარის თანაშემწე, კონკრეტულ საკითხებზე კი ჯგუფის წევრები.

9. პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დახურულ სხდომას ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები და ის პირები, რომელთა დასწრებას განსაზღვრავს პრეზიდიუმი.

10. პრეზიდიუმზე დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული. მოწვეულ პირთა რეგისტრაცია ევალება პრეზიდიუმის სამდივნოს.

11. პრეზიდიუმის სხდომის ოქმს აფორმებს პრეზიდიუმის სამდივნო.

12. პრეზიდიუმის შედეგებიდან გამომდინარე, საკითხის გამომტანი ერთეული სხდომის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში ამზადებს დადგენილებას, რომელიც ვიზირდება ერთეულის ხელმძღვანელის, თავმჯდომარის მოადგილისა და პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ. აღნიშნული პროცედურის შესრულებას უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.

13. პრეზიდიუმის დადგენილება სხდომის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში ხელმოწერილი უნდა იქნეს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მიერ და დაეგზავნოს შესაბამის ადრესატებს, რასაც უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.

14. ჩატარებული რევიზია-შემოწმებების შედეგების თაობაზე მიღებული პრეზიდიუმის დადგენილების კონტროლიდან მოხსნა ხდება პრეზიდიუმის დადგენილებით.

    მუხლი 34. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტის მომზადება

1. შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ შემოწმების შედეგების პრეზიდიუმის სხდომაზე განხილვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად 5 დღის ვადაში ამზადებს პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს, რომელიც, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 10 გვერდს.

2. დადგენილების პროექტში უნდა აღინიშნოს შემოწმებით გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები, შეფასებები, გასატარებელი ღონისძიებანი, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და ვადები.

3. დადგენილების პროექტს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები, მთავარი იურისტი და ვიზირდება შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ.

4. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვამდე დადგენილების პროექტი განიხილება წინასწარ თათბირზე შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილესთან ან ერთეულის ხელმძღვანელთან, ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების, შემოწმებული ობიექტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

    თავი V. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიშის და მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული მოხსენებების მომზადების წესი

    მუხლი 35. კონტროლის პალატის მოხსენება მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

1. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

2. კონტროლის პალატის მოხსენება წარმოადგენს საანგარიშო წლისა და ექვსი თვის ანალიზს ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელშიც ასახულია ძირითადი მონაცემები ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზების მდგომარეობის, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის კანონიერების თაობაზე.

3 კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები აფხაზეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 25 აპრილამდე, ხოლო ექვსი თვის შესრულების შესახებ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.

4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის სახელზე.

    მუხლი 36. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიში

1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.

2. კონტროლის პალატის ანგარიში წარმოადგენს შესაბამისი წლის საქმიანობის ანალიზს, რომელშიც ასახულია ყველა სტატისტიკური ინფორმაცია, განზოგადებულია მნიშვნელოვან შემოწმებათა მასალები, დარღვევა-ნაკლოვანებები, ტენდენციები, გატარებული ღონისძიებები და სხვა საკითხები.

3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა საქმიანობის ანგარიშები უნდა წარმოადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.

    მუხლი 37. მოხსენებისა და ანგარიშის მომზადება

1. მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენების და კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიშის მოსამზადებლად თავმჯდომარის ბრძანებით ყოველწლიურად იქმნება სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით.

2. სამუშაო ჯგუფი არა უგვიანეს მომდევნო წლის 5 აპრილისა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ, ხოლო არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ მოხსენების პროექტს.

3. სამუშაო ჯგუფი არა უგვიანეს 1 მაისამდე კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს კონტროლის პალატის საქმიანობის საერთო ანგარიშს.

4. მთავრობის ანაგრიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენება და საქმიანობის ანაგრიში განიხილება და მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმზე.

    თავი VI. თათბირების ჩატარების წესი

    მუხლი 38. ოპერატიული თათბირის ჩატარების წესი

1. კონტროლის პალატაში, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს 10.00 საათზე ტარდება ოპერატიული თათბირი. თათბირს ატარებს პალატის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი მოადგილე.

2. ოპერატიულ თათბირს ესწრებიან: თავმჯდომარის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები საორგანიზაციო საკითხებში, თათბირის მდივანი. თათბირს ასევე ესწრება აფხაზეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

3. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატებში ოპერატიული თათბირის ჩატარების დღე, საათი და დამსწრეთა ნუსხა განისაზღვრება შესაბამისი ხელმძღვანელის ბრძანებით.

4. თათბირზე იხილება კონტროლის პალატის საქმიანობის მიმდინარე საკითხები, კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები, იგეგმება უახლოესი მომავლის ამოცანები.

5. თათბირის ოქმს აფორმებს საოქმო განყოფილება და იმავე დღეს წარადგენს ხელმოსაწერად.

6. თათბირის ოქმი, არა უგვიანეს მეორე დღისა, ეგზავნება თათბირის ყველა მონაწილეს, ხოლო ოქმიდან ამონაწერი დავალების შემსრულებელ პასუხისმგებელ პირებს.

7. თათბირის დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს თავმჯდომარის სამდივნო, აგრეთვე, თავმჯდომარის დავალებით, შიდა კონტროლის ინსპექცია.

    თავი VII. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 39. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმები

1. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმების პერსონალური შემადგენლობას ამტკიცდებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.

2. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმების დადგენილებები.

    მუხლი 40. შემოწმების შედეგად გამოვლენილი თანხები

1. კონტროლის პალატის მიერ შემოწმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს საგადასახადო სამსახური.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გამოვლენილი თანხების ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარებაზე ზედამხედველობა ეკისრებათ საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელებს. კონტროლის პალატის კუთვნილი თანხების (სპეცსახსრების) განაწილების წესი რეგულირდება თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

    მუხლი 41. მოქალაქეთა და დოკუმენტაციის მიღების წესი

1. კონტროლის პალატაში მოქმედებს მოქალაქეთა მიღების ერთიანი წესი – ორშაბათობით 15.00-დან 18.00 სთ-მდე.

2. კონტროლის პალატაში მოქალაქეთა მიღების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა დოკუმენტაციის შემოსვლის უზრუნველსაყოფად ფუნქციობს სპეციალური მისაღები.

    მუხლი 42. კონტროლის პალატის სიმბოლიკა

1. კონტროლის პალატას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

2. კონტროლის პალატა იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება კონტროლის პალატის ბლანკებსა და შესასვლელის აბრაზე.

4. კონტროლის პალატას აქვს ემბლემა, რომელიც მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.

5. კონტროლის პალატას აქვს ბეჭდვითი ორგანო – ყოველკვარტალური ჟურნალი – „სახელმწიფო და კონტროლი”.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №38, 20.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 010230000.09(0).100.005305 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1354936-3/