საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2014 ბოლო ცვლილება 29.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№288
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017908
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2014 წლის 14 აპრილი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. კონკურენციის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.

2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებებისა და ქმედებების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.

5. სააგენტოს გადაწყვეტილებების  და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის.

6. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში  მხარედ.

7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ლოგო, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე.

9.  სააგენტო თავისი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.

10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.

მუხლი 2.  სააგენტოს საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების განსაჯაროებას.

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება, ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;

გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11​1 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის შემთხვევაში კონკურენციული ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება და გაცემა;

დ) კონკურენციის განვითარებისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენა;

ე) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ვ) მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;

თ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;

ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით;

ბ) კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

გ) საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, მოკვლევის მიზნით, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;

დ) საქმის მოკვლევის ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი პირები მათგან ახსნა-განმარტების მისაღებად და მოაწყოს მათთან შეხვედრები;

ე) კანონმდებლობით დადგენილი პირობებითა და წესით გასცეს დასკვნა საწარმოთა კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის თაობაზე;

ვ) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი;

ზ) მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერების თაობაზე;

თ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს  დააკისროს ადმინისტრაციული ჯარიმა;

ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;

კ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;

მ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში, აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით;

ნ) დომინირებული მდგომარეობის  მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის  დარღვევისას შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს  ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა  ღონისძიებები;

ო) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

პ) მოსთხოვოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ჟ) ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაცია სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოითხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

რ) განსახილველად წარუდგინოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სავალდებულო წინადადებები და რეკომენდაციები სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მათ შორის:

რ.ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;

რ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას;

ს) საქართველოს მთავრობას მიმართოს დასკვნით და, საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;

ტ) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო  მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი თანამდებობის პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

უ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს  იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ქ) უზრუნველყოს თათბირების, სემინარებისა და კონფერენციების გამართვა თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;

ღ) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;

ყ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.

მუხლი 4. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი იკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას.

3. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.

4. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;

ა​1) უფლებამოსილია სააგენტოს წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სააგენტოს სხვა თანამშრომელს;

ა ​2) უფლებამოსილია, განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს;

დ)  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს);

ვ) ამტკიცებს საგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული  ქვედანაყოფების დებულებებს;

ზ) განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

ი) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის დადგენილება №37   – ვებგვერდი, 29.01.2018წ.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა 

1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი.

2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედიან სააგენტოს შემდეგი მოსამსახურეები:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;

გ) შიდა მონიტორინგის მენეჯერი.

3. სააგენტოს შესაძლოა ჰყავდეს წარმომადგენლები რეგიონებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში.

4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და სააგენტოს შინაგანაწესით.

6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვა;

გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება, შეფასება, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა;

დ) სააგენტოში კონკურსისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვა;

ე) (ამოღებულია - 25.01.2018, №37);

ვ) (ამოღებულია - 25.01.2018, №37);

ზ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსების მართვა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ი) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;

პ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

7.  ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენციული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების  პროექტების მომზადება;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;

გ) ეკონომიკური აგენტების  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებების განხილვა, შესაბამისი დასკვნის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ე) კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასება და კონკრეტულ სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

8.  იურიდიული  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული  ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) ნორმატიული აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება;

გ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;

დ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა;

ე) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება;

თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

კ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი  ექსპერტიზა;

ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

ო) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

პ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

9. ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, მარეგულირებელი ქმედებების კონკურენციული ეფექტის შეფასება  და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;

ბ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება;

გ) სახელმწიფო დახმარებების პროექტების შეთანხმება;  სახელმწიფო დახმარებების პროგრამებისა და სქემების კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტის მომზადება; სახელმწიფო დახმარებების კონკურენციული ეფექტის შეფასება;

დ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებების განხილვა, სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონცენტრაციის დონისა და ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილების განსაზღვრა; შესაბამისი დასკვნის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა; 

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

10.  რეგიონული წარმომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე. რეგიონული წარმომადგენლების დეტალური ფუნქციები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.

11. საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების კონკურენციის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია;

ბ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია;

გ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, ინფორმაციის დამუშავება და შეთანხმება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტების და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;

ზ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

12. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;

ბ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების, ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

გ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ექსპერტებისაგან კონსულტაციების მიღება, რეკომენდაციების გაზიარება;

დ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება;

ვ) პრესკონფერენციების, სემინარების, ინტერვიუების, ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება; 

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

ი) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

13. შიდა მონიტორინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა პრევენცია ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;

ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის;

ზ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის  დადგენილება №37  – ვებგვერდი, 29.01.2018წ.

მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) სესხის აღება;

ბ) თავდებობა.

მუხლი 7. სააგენტოს წლიური ანგარიში

არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა, სააგენტო ამზადებს და  საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს მდგომარეობის შესახებ. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.

მუხლი 8. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. სააგენტო ვალდებულია:

ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;

ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;

გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.

4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე, მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი

1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

2. თუ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.

4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 10. სააგენტოს  რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი

სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №288, 14.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017908 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2320439-3/