,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.12.2005 ძალადაკარგული 20.10.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
040.110.050.10.003.000.352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 03/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2005 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №236 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2311

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – ქონების) სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:

ა) საქართველოს მთავრობა;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;

გ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაეცეს ვადით ან უვადოდ, სასყიდლით (ქირავნობა, იჯარა და სარგებლობის სხვა ფორმები) ან უსასყიდლოდ (თხოვება).

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სხვა ფორმები), რის გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.

5. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.

6. სახელმწიფო ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

7. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის ფორმები, ქირა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:

ა) ქირავნობით;

ბ) იჯარით;

გ) თხოვებით;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაიცეს ვადიან ან უვადო სარგებლობაში, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი ნივთების მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმები. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს მათი საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი ნივთი გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულება.

4​1. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები მათ ბალანსზე რიცხულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (მცირეფასიანი ინვენტარი, ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნები, სამკურნალოწამლო საშუალებები, საბრძოლო მასალები, კვების პროდუქტები, საწვავ-საპოხი მასალები, ყველა სახის მარაგნაწილები და სხვა საბრუნავი საშუალებები) სხვა უწყებებს და დაწესებულებებს გადაცემენ საკუთარი გადაწყვეტილებით.

4​2. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, რომლებსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვთ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე განახორციელონ თავის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა;

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა კონკურსის ან აუქციონის გარეშე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არებული ქონება თხოვების ფორმებით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის კონკურსის ან აუქციონის გარეშე თხოვების ფორმებით ქონების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძვველზე.

7. გადაწყვეტილებას, თუ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის რომელი ფორმით უნდა იქნეს სახელმწიფო ქონება გადაცემული, იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარდა ამ დებულებით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო ქონების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ამა თუ იმ ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით გადაცემის მიზანია ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს.

3. ამ დებულებით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების“ შესაბამისი მოთხოვნები.

4. კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის წესით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

6. საკონკურსო პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის საფუძველია საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება ჯამში ყველაზე უკეთესი პირობების (მათ შორის, ქირის მაქსიმალური ფასის) შემოთავაზებით.

8. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ქირის ყველაზე მაღალ ოდენობას შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

9. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის კონკურსის თუ აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.

2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება გადაიცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ქირავნობის ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

4. სახელმწიფო ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამქირავებელს არა აქვს უფლება დაქირავებული ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).

7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში.

    მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იჯარის ფორმით კონკურსის ან აუქციონის საწყისების გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

3. სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.

5. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით.

6. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.

7. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

    მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მოძრავი და უძრავი) თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს კონკურსისა და აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია კონკურსის ან აუქციონის გარეშე თხოვების ფორმით ქონება გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნება.

    მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი

1. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის გამართვიდან 20 კალენდარულ დღეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.

3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო კონკურსის ან აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.

4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაცემული ქონების დასახელება და ღირებულება;

ბ) ცნობები აღნიშნული ქოების გადამცემისა და მიმღები პირის შეახებ;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის ოდენობა;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით ან აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობებს, ვადებს.

6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.

7. სახელმწიფო ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაგან ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს ხელშეკრულებით, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები იფარება სახელმწიფო ქონების მიმღები პირის მიერ.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 9. სახელმწიფო ქონების ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სარგებლობის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ექვს თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. სახელმწიფო ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მიმღები პირი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) ქონების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა დანახარჯები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №236 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2311

    მუხლი 10. გარიგებათა ბათილად ცნობა

სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“, №218, 03.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.110.050.10.003.000.352 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2356-2/