,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.12.2005 ძალადაკარგული 20.10.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
040.110.050.10.003.000.352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 03/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2005 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №236 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2311

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №41 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.364

4. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №205 - სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1479

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – ქონების) სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:

ა) საქართველოს მთავრობა;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;

გ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაეცეს ვადით ან უვადოდ, სასყიდლით (ქირავნობა, იჯარა და სარგებლობის სხვა ფორმები) ან უსასყიდლოდ (თხოვება).

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სხვა ფორმები), რის შესახებ გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტების ფიზიკური პირებისათვის (შემსრულებლებისათვის) თხოვების ფორმით გადაცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით.

5. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.

5​1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტების ფიზიკური პირებისათვის (შემსრულებლებისათვის) თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით.

6. სახელმწიფო ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

7. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის ფორმები, ქირა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:

ა) ქირავნობით;

ბ) იჯარით;

გ) თხოვებით;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაიცეს ვადიან ან უვადო სარგებლობაში, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი ნივთების მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმები. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს მათი საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი ნივთი გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულება.

4​1. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები მათ ბალანსზე რიცხულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს გადასცემენ საკუთარი გადაწყვეტილებებით, ხოლო მცირეფასიან ინვენტარს, ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთად საგნებს, სამკურნალწამლო საშუალებებს, საბრძოლო მასალებს, კვების პროდუქტებს, საწვავ-საპოხ მასალებს, ყველა სახის მარაგნაწილებსა და სხვა საბრუნავ საშუალებებს, ასევე – სხვა უწყებებსა და დაწესებულებებს.

4​2. აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, რომელთაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვთ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე აღნიშნული მოძრავი ნივთები გადასცენ აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურის ორგანოებს.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა აუქციონის გარეშე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით და ამ დებულების პირველი მუხლის 5​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტები – ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს). სხვა იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის აუქციონის გარეშე თხოვების ფორმით ქონების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

7. გადაწყვეტილებას, თუ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის რომელი ფორმით უნდა იქნეს სახელმწიფო ქონება გადაცემული, იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარდა ამ დებულებით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო ქონების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ამა თუ იმ ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გაცემის ორგანიზება

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ აუქციონის წესით, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით გადაცემის მიზანია ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ქირის ყველაზე მაღალ რაოდენობას შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

5. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 3​2. აუქციონის ორგანიზება

1. სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო აუქციონის გამართვის თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დადგენილი წესით.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს დასახელებას;

ბ) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის გამართვის ვადას;

ე) „ბეს“, სავაჭრო ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სამინისტრო (ტერიტორიული ორგანო);

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სახელმწიფო ქონებას.

4. სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 3​3. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. აუქციონი იმართება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის მოწყობის დღის ჩათვლით და სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს) მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის შესახებ, სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის რაოდენობას. განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) „ბეს“ და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე არის სხვა პირი;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში), ასევე ცნობას პარტნიორების შესახებ.

4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას მოწყობილ აუქციონში, „ბე“ და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული სახელმწიფო ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს „ბეს“ დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობის შესახებ უარი განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

     მუხლი 3​4. აუქციონის გამართვის წესი

1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც იმართება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს აწყობს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის რაოდენობას, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს სამინისტრო (ტერიტორიული ორგანო)).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება სარგებლობის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილისათვის, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერენ გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდება.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდებათ.

10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა მინისტრს (ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს), რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

    მუხლი 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა შეიძლება მხოლოდ აუქციონის წესით.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ქირავნობის ფორმით აუქციონის გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

4. სახელმწიფო ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამქირავებელს არა აქვს უფლება დაქირავებული ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).

7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში აუქციონის წესით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იჯარის ფორმით აუქციონის გარეშე იურიდიულ, ფიზიკურ პირებს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

3. სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.

5. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით.

6. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.

7. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტები ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) თხოვების ფორმით გადაეცემათ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით. სხვა იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს აუქციონის გარეშე თხოვების ფორმით ქონება გადაეცემათ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

2​1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) გადაეცემათ მოვლა-პატრონობის, რემონტის, რესტავრაციისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის და სხვა პირობით, რომელიც დგინდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნება.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 7​1. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის წესი

1. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან მათ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები უსასყიდლოდ გადასცენ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისათვის, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას არანაკლებ დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებული ავტომანქანის ღირებულებისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებულია შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულება და სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

3. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან უსასყიდლოდ გადასცენ მათ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გაცვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი კომპენსაცია შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მწარმოებელ ან/და მომწოდებელ ფირმას, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისათვის, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მწარმოებელ ან/და მომწოდებელ ფირმას, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებულია გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გადასაცემი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ფულადი კომპენსაციის ღირებულება ნაკლებია მისაღები ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასზე.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №41 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.364

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №205 - სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1479

    მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი

1. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა (ქონების გადამცემსა და ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის გამართვიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ.

3. სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი „ბე“ ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის რაოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს „ბე“ უკან უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.

4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაცემული ქონების დასახელება და ღირებულება;

ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადამცემისა და მიმღები პირის შესახებ;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის რაოდენობა;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს.

6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.

7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს ხელშეკრულებით, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო ქონების მიმღები პირი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №41 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.364

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325

    მუხლი 9. სახელმწიფო ქონების ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სარგებლობის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ექვს თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. სახელმწიფო ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მიმღები პირი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) ქონების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა დანახარჯები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №236 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2311

    მუხლი 10. გარიგებათა ბათილად ცნობა

სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“, №218, 03.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.110.050.10.003.000.352 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2356-5/