1. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
გ) კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს;
დ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
ე) ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს;
ვ) შეიწყალებს მსჯავრდებულებს;
ზ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
თ) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ი) ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
…შენარჩუნებაზე უარის თქმის, არამედ მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება. 16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს.
- საქმე №ბს-649(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.
- საქმე №ბს-867(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესი საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.
- საქმე №ბს-682(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებანი, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ შეწყალება წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურის ექსკლუზიური უფლებამოსილებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულს, გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, შეუმცირდეს სასჯელი ან მოეხსნას ნასამართლობა.
- საქმე №ბს-976(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით, ხოლო კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.
- საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-675(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №2კ-37აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2024
- საქმე №ბს-521(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №330310018002422011 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №ბს-615(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება