1. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.
2. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. პარლამენტის წევრს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრი იღებს საკანონმდებლო აქტით დადგენილ გასამრჯელოს. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
4. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი.
5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა;
ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-1305(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
…საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 39.5 მუხლის, ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 19.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 6.1 მუხლის მიხედვით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
- საქმე №ბს-1499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს...ი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს...ზე, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა…
- საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად, იმუნიტეტის მქონე პირის დაკავებაც კი შესაძლებელია, თუ დაცულია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობები ( კონსტიტუციის 39.2 მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
- საქმე №ას-522-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
…სანაცვლოდ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლება შეძინა. 9.3 კასატორების განმარტებით, სანამ მოსარჩელე სესხის თანხას არ დააბრუნებს, უფლება აქვთ, სადავო ქონებას ფლობდნენ. 9.4 კასატორები, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლალარაციის 22-ე მუხლზე უთითებენ და განმარტავენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.
- საქმე №330310018002598365 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
აპელანტის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი კონკრეტულად უზრუნველყოფს იმ უფლებებს, რომლებიც კონსტიტუციის პრინციპებს - დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო ეყრდნობა.
- საქმე №330310018002575725 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310018002565032 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310018002539002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310018002444578 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310018002419127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330310018002432348 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №060100119003183464 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 30.01.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 52 (4)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 52; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
…არ იქნა უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელება, რეალურად პასუხისგებაში მიცემა განხორციელდა გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების საფუძვლით, კანონსაწინააღმდეგო დაკავების ფონზე. საქართველოს კონსტიტუციის 52.2 მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
- საქმე №ბს-738-713(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2010
…რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის საფუძველზე პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები.
- საქმე №ბს-155-145(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2007
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა პოლიტიკური მოტივების საფუძველზე უხეშად არღვევდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონს, გარდამავალ პერიოდში მოქმედი დროებითი კონსტიტუციის 102-ე მუხლს, აგრეთვე ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველ ნაწილს, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტს. მითითებული დადგენილება არ შეესაბამებოდა არც “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის შესახებ” 1991 წლის 27 თებერვლის კანონის მოთხოვნებს.
- საქმე №330310017001964545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება