1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.
3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.
4. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
5. პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
6. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.
7. პარლამენტის არჩევის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №2კ-1310აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2023
…ვარ?“ თ. ბ–მა უპასუხა -,,ეგ იმათ მოკითხე ვინც გაგიჩალიჩა“. ამოღებულ ფულად თანხასთან დაკავშირებით კი სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმე ნ. ნ–ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ეს თანხა იყო ავტომანქანის გაყიდვით მიღებული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
- საქმე №ბს-348-348(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2018
კასატორი, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყოფილია უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებები.
- საქმე №ას-324-324-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2018
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 37.3-ე მუხლისა და სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე…
- საქმე №090210016001652289 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 01.06.2018
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 37.3-ე მუხლისა და სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე…
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
ამდენად მიაჩნიათ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 32-ე, 42-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე, 112-ე, 114-ე, 115-ე, 120-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი. მოსარჩელეთა განმარტებით, ასევე დარღვეულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მოთხოვნები.
- საქმე №820310018002512581 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №010100118002438439 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.04.2019
- საქმე №010100117002235795 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება