საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.04.2004 ბოლო ცვლილება 08.10.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№119
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 07/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (70)

შემდგომი ცვლილებები (69)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №119

2004 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის № 17 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ა გვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.

2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.

3. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები.

4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ თავიანთი სიმბოლიკა და დროშა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2ა.

    მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები

1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად;

გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა;

დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა;

ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა;

ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება.

2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა;

ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა;

გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება;

დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;

ე) რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და, მისგან გამომდინარე, მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება;

ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;

კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;

ლ) სამხედრო კადრების მომზადება;

მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება;

ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება;

ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისათვის;

პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში პრეზიდენტის ბრძანებით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა;

ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა.

    მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით; მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. მინისტრი:

ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მოხელეებს ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;

ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად;

გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;

დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, დაქვემდებარებული ჯარების სახეობების და სამშვიდობო ძალების უფროსების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

თ) პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

ი) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით, კანონის შესაბამისად წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე;

კ) დადგენილი წესით ანიჭებს საკლასო ჩინებს სახელმწიფო მრჩევლამდე, კანონის შესაბამისად წარადგენს კანდიდატებს საკლასო ჩინის – სახელმწიფო მრჩევლის – მისანიჭებლად;

ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;

მ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის საკითხების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;

ნ) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული ხარჯვისათვის;

ო) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური შტაბის დებულებას;

პ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, გარდა გენერალური შტაბისა, დებულებებს;

ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, გარდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა;

რ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციათა საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;

ს) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753

    მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;

გ) ხელს აწერს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753

    მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი);

ბ) გენერალური ინსპექცია;

გ) მინისტრის აპარატი;

დ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი;

ი) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;

კ) ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტი;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

მ) შიდა უსაფრთხოების სამმართველო;

ნ) სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველო.

2. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფები უშუალოდ ემორჩილება მინისტრს.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა (გარდა გენერალური შტაბისა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა), წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდგომში – ოფისი).

4. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:

ა) გენერალური შტაბი:

ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;

ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი ან საგანგებო მდგომარეობისას;

ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:

ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსურ კონტროლს;

ბ.ბ) სამინისტროს სისტემის ორგანოების ინსპექტირებასა და შემოწმებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.გ) სამსახურებრივ მოკვლევასა და შემდგომ რეაგირებას სამინისტროს სამხედრო და სხვა საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;

გ) მინისტრის აპარატი:

გ.ა) ორგანიზებას უწევს მინისტრის ყოველდღიურ საქმიანობას;

გ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ურთიერთობას საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

გ.გ) უზრუნველყოფს ოფისის ერთიან საქმისწარმოებას;

გ.დ) მართავს სამინისტროს არქივს;

გ.ე) ახორციელებს ოფისის საფინანსო საქმიანობას;

გ.ვ) უზრუნველყოფს ოფისის ინფორმატიზაციასა და ავტომატიზაციას, კოორდინირებას უწევს სამინისტროს საინფორმაციო ნაკადებს;

დ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი:

დ.ა) მოიპოვებს და აანალიზებს სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციას ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე;

დ.ბ) შეისწავლის სამხედრო რისკებსა და საფრთხეებს;

დ.გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროში შემავალ სხვა სადაზვერვო დანაყოფებს;

ე) იურიდიული დეპარტამენტი:

ე.ა) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;

ე.ბ) განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებებს და სრულყოფს ნორმატიულ ბაზას;

ე.გ) ახორციელებს სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, ვიზირებასა და სისტემატიზაციას;

ე.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის;

ვ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი:

ვ.ა) განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის და შეიმუშავებს თანმიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;

ვ.ბ) განსაზღვრავს თავდაცვის სტრატეგიას და მონაწილეობს ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავებაში;

ვ.გ) აყალიბებს სამინისტროს ამოცანებს, რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;

ვ.დ) ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამების განხორციელებას;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:

ზ.ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;

ზ.ბ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

ზ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინირებას;

ზ.დ) აწარმოებს სამინისტროს სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობების საქმიანობის კოორდინირებას;

თ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი:

თ.ა) განსაზღვრავს სამინისტროს ერთიან საკადრო პოლიტიკას და აკონტროლებს მის შესრულებას;

თ.ბ) ახორციელებს ოფისისა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკას;

ი) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:

ი.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;

ი.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;

ი.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და შესრულების ანალიზს;

ი.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;

ი.ე) თავდაცვის სამინისტროს ოფისისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;

კ) ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტი:

კ.ა) შეიმუშავებს სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების შექმნისა და ეფექტიანად გამოყენების პოლიტიკას და აკონტროლებს მის შესრულებას;

კ.ბ) შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და უზრუნველყოფისათვის საჭირო სტანდარტებსა და ნორმებს (შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა), აკონტროლებს მათ დაცვას;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი ახორციელებს:

ლ.ა) საქონლის (მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის), მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;

ლ.ბ) შესყიდული საქონლის (მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის), მომსახურების, სამუშაოების ხარისხის და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლს;

მ) შიდა უსაფრთხოების სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს შიდა უსაფრთხოების რეჟიმის, საიდუმლო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დაცვას;

ნ) სადაზვერვო პოლიტიკის სამმართველო:

ნ.ა) განსაზღვრავს სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკას;

ნ.ბ) ახორციელებს სამინისტროში შემავალი სადაზვერვო სტრუქტურების სამოქალაქო კონტროლს.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულება №329-სსმ III, №87, 17.08.2004წ; მუხ.753

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №119, 05.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35188-1/