1. ვერტიკალური მონიშვნა დააქვთ ხიდური ნაგებობების საყრდენებზე, გვირაბების პორტალის ტორსულ ზედაპირზე, ზღუდარებზე, პარაპეტებზე, ბორდიურებზე და გზის აღჭურვილობის სხვა ელემენტებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხედველობის გაუმჯობესების მიზნით.

2. 2.1.1 და 2.1.3 მონიშვნა გამოიყენება ხიდური ნაგებობების ვერტიკალური ელემენტების, განათების ბოძების, ხეების, ბუფერული მოწყობილობების და ა. შ. აღნიშვნისთვის, სავალი ნაწილიდან 1 მ-ზე ნაკლები მანძილით დაშორებულ წინაღობებზე, ასევე სხვა შემთხვევებშიც, როცა ეს წინაღობა წარმოადგენს მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხიფათს. 2.1.1 და 2.1.3 მონიშვნა დაიტანება წინაღობებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან შესაბამისად სავალი ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ, 2.1.2 მონიშვნა დაიტანება იმ შემთხვევაში, თუ მასზე შემოვლა შესაძლებელია ორივე მხრიდან. დასაშვებია დაიხაზოს მხოლოდ სავალი ნაწილის ახლოს მდებარე ნაგებობის 0.5 მ. სიგანის და 3 მ. სიმაღლის ნაპირი (დანართი №3, სურათი გ.20, გ.21).

3. 2.2 მონიშვნა გამოიყენება ხიდური ნაგებობების, გვირაბის პორტალებისა და სხვა ნაგებობების ქვედა ნაპირის აღნიშვნისთვის, რომლებიც განთავსებული არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე. მონიშვნა დაიტანება ყოველი ზოლის შუა ნაწილის ზემოთ, რომლებზედაც წარმოებს მოძრაობა ნაგებობის მიმართულებით (დანართი №3, სურათი გ.20).

4. დასაშვებია დაიხაზოს გადმოშვერილი ნაგებობა მთელი სავალი ნაწილის სიგანეზე, რომლითაც წარმოებს მოძრაობა ნაგებობის მიმართულებით.

5. თუ 2.1.1-2.1.3 ან 2.2 მონიშვნის დატანა უშუალოდ ხელოვნური ნაგებობების ზედაპირზე შეუძლებელია, ის უნდა შესრულდეს დაფაზე, რომელიც დამაგრებული უნდა იქნეს ამ ნაგებობაზე ან უნდა დაყენდეს უშუალოდ მის წინ.

6. მონიშვნა 2.3 გამოიყენება მრგვალი ტუმბოს (ბოძკინტის) აღნიშვნისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის განთავსებულია გამყოფ ზოლზე, ამაღლებულ მიმმართველ ან უსაფრთხოების კუნძულებზე (დანართი №3, სურათი გ.22).

7. მონიშვნა 2.4 გამოიყენება სასიგნალო ბოძების და ა.შ. აღნიშვნისთვის (დანართი №3, სურათი გ.22). შავი ზოლის ქვედა მხარე მიმართული უნდა იყოს სავალი ნაწილის მხარეს.

8. მონიშვნა 2.5 გამოიყენება გზის სწორ მონაკვეთებზე დაყენებული საგზაო ზღუდის მოწყობილობების გვერდითი ზედაპირის აღნიშვნისთვის (მისი დასაწყისიდან არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე), ასევე სხვადასხვა დონის გადაკვეთებზე არსებულ ზღუდის მოწყობილობების მთელ სიგრძეზე, 50 მ-ზე ნაკლებ რადიუსიან მრუდეებზე, ციცაბო დაღმართებზე, სავალი ნაწილის შევიწროებულ ადგილებში (დანართი №3, სურათი გ.22).

9. მონიშვნა 2.6 გამოიყენება საგზაო ზღუდის მოწყობილობების გვერდითი ზედაპირის აღნიშვნისთვის, ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა.

10. დასაშვებია დატანილი არ იქნეს 2.5 და 2.6 მონიშვნები ზღუდის მოწყობილობებზე, რომელიც შესრულებულია მოთუთიებული მეტალისაგან.

11. 2.4-2.6 მონიშვნით აღნიშნული ზღუდეები და მიმმართველი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იქნეს შუქამრეკლი ელემენტებით.

12. 2.7 მონიშვნა დაიტანება ამაღლებული მიმმართველი და უსაფრთხოების კუნძულების ბორდიურებსა და წინაღობებზე, თუ ისინი განთავსებული არიან სავალი ნაწილიდან 1 მ-ზე ნაკლებ მანძილზე, 50 მ-ზე ნაკლებ რადიუსიან მრუდეებზე, გზის შევიწროებულ ადგილებში, სანაპიროებზე და სხვა სახიფათო მონაკვეთების გასასვლელებში (დანართი №3, სურათი გ.21, გ.22).

13. მონიშვნის ელემენტების ზომები შავი და თეთრი ფერები შესაბამისად განისაზღვრება: მიმმართველი და უსაფრთხოების კუნძულებისათვის - 0.2 მ. და 0.4 მ, ხოლო ბორდიურებისთვის - 0.5 მ. და 1.0 მ. (1.0 და 2.0 მ).

IV. საგზაო შუქნიშნების გამოყენების წესე