საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2005 ძალადაკარგული 07.12.2015
ნომერი
№523
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.033.007.555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 15/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (37)

შემდგომი ცვლილებები (36)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №523

2005 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ..საფინანსო სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ

..ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და ..საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულების მე-3 მუხლის ..ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საფინანსო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, ..საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით.     

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

4. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, დაწესებულების სახით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.  

6. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო სააგენტო”.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის №70.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. სააგენტოს მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება და/ან რეალიზაცია, სათანადო ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგება.

2. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთების, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთების და სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას დაქვემდებარებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთების (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რეალიზაციას (გარდა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონებისა);

ბ) ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალურ ნუსხას;

გ) ორგანიზებას უკეთებს ქონების რეალიზაციის პროცესს, მათ შორის ატარებს აუქციონებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება სააგენტოს ძირითადი საქმიანობის განხორციელებას და ატარებს დამხმარე ხასიათს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897         

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მართავს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვაზე, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 

  3. დირექტორი:

ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმომადგენლობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;                      

გ) გამოსცემს ინდივიდუალურსამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს;  

დ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას და აწესრიგებს მის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  

ზ) მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სააგენტოს შინაგანაწესს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება:

ა) გადადგომისას;

ბ) გათავისუფლებისას;

გ) გარდაცვალებისას;           

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან ქმედუუნაროდ გამოცხადების დღიდან.

5. დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც ის თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.

6. დირექტორის პირველი მოადგილე:

ა) ასრულებს დირექტორის უფლება-მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში;

ბ) უზრუნველყოფს დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულებას;

გ) ხელმძღვანელობს მის საკურატორო სფეროში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და პროგნოზირება, ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და სააგენტოზე გადმოცემული ქონების სპეციალური ნუსხის შედგენა, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეესტრის წარმოება ცალკეული სახეობების მიხედვით;

ბ) იურიდული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, იურიდიული კონსულტაციების გაწევა სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში;

 გ) ეკონომიკური და ოპერატიული აღრიცხვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, შეფასების და განკარგვის ღონისძიებების კოორდინაცია და მონიტორინგი, აუქციონისა და ტენდერის ჩატარების ორგანიზება;

დ) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის წარმართვა და მის საფუძველზე საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა, სააგენტოს საკადრო, სამეურნეო და სხვა ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

    მუხლი 5. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტო, თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება:

ა) სამინისტროს წინადადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები (კანონმდებლობით დადგენილი წესით);

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტოს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

    მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სააგენტო ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს პირველი საფინანსო წელი იწყება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტიდან და მთავრდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.

3. ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე, სააგენტო მინისტრს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.

4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.

    მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის (სააგენტოს) არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 8. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობა.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №523, 13.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60892-1/