საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.06.2006 ბოლო ცვლილება 17.02.2026
ნომერი
№786
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.034.008.796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 23/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (46)

შემდგომი ცვლილებები (27)

წინა ცვლილებები (19)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.008.796

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №786

2006 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1321 - სსმ III, 21.11.2006, №156, მუხ.2160

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 თებერვლის ბრძანება №289 - სსმ III, 26.02.2007, №25, მუხ.311

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №792 - სსმ III, 05.06.2007, №79, მუხ.849

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1635 - სსმ III, 03.01.2008, №1, მუხ.24

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ბრძანება №318 - სსმ III, 19.03.2008, №41, მუხ.472

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №494 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.694

7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №495 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.695

8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.

13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №710 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.

16. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.

17. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №320 - ვებგვერდი, 29.04.2013წ.

18. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

19. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.

 

 დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება

თავი I

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება-მოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტატუსი და კომპეტენციის ფარგლები

1. სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

2. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სასაზღვრო პოლიციას აგრეთვე აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები, უნიფორმა, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.

3. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სასაზღვრო პოლიციურ ღონისძიებებს    ახორციელებს:

ა) სახელმწიფო საზღვარზე;

ბ) სასაზღვრო ზოლში (500 მეტრი სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან);

გ) სასაზღვრო ზონაში (5 კმ);

დ) საერთაშორისო აეროპორტებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო).

ე) საქართველოს საზღვაო სივრცეში და ღია ზღვაში;

ვ) პორტებში;

ზ) სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა).

4. სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.

6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.

7. სასაზღვრო პოლიციის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0160 თბილისი, სიმონ კანდელაკის ქ.№12.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

    მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილება

1. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. სასაზღვრო პოლიციას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური, განსაკუთრებული უფლებები და საგამოძიებო ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებანი. აქვს ძალის გამოყენების უფლება, აგრეთვე უფლებამოსილება, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

2. სასაზღვრო პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულობათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.

3. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით:

ა) ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შეთანხმებებს.

4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციას აქვს ინფორმაციის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვის, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, ადმინისტრაციული სახდელის დადების, გაჩერების, დაკავების, ჩხრეკის, ამოღების, ტვირთის, ქონების, სათავსის დათვალიერების, ადამიანის შემოწმების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულების უფლება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

    მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ამოცანები

თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის ამოცანებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, მოქალაქეთა და მათი ქონების უსაფრთხოების დაცვა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ გემებზე;

გ) სასაზღვრო ინციდენტების, სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის, ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და მოგერიება;

დ) უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

ე) სამაშველო ოპერაციების განხორციელება ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით კი – საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია);

თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარზე, საზღვაო სივრცეში, პორტებსა და გემებზე, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება;

ი) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა, სასაზღვრო საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება;

კ) ზღვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ლ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ბიორესურსების მოპოვებაზე და სამეცნიერო კვლევების ჩატარებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;

მ) საქართველოს ნავსადგურების დაცვა და უსაფრთხოება;

ნ) საქართველოს საზღვაო სივრცეში მისი სუვერენული უფლებების დაცვა, ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაოსნობის წესების დაცვის კონტროლი.

ო) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებების, პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში, დანაშაულობათა გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ჟ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

რ) სასაზღვრო პოლიციის შემდგომი განვითარებისა და უწყების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი კონცეფციების შემუშავება;

ს) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, ზონასა და საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფა;

უ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

    მუხლი 5. განსაკუთრებული ამოცანების შესრულება

1. სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანებია:

ა) დაეხმაროს სხვა უწყებებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა ან სხვა განსაკუთრებული საფრთხის დროს;

ბ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს კარანტინის გამოცხადებისას და საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ეროვნული თავდაცვის ვალდებულების შესრულება;

დ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

3. სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას.

თავი II

    მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და საქმიანობის ორგანიზება

1. სასაზღვრო პოლიცია – სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის, ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების, სანაპირო დაცვისა და სხვა დაწესებულებების ერთიანი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სასაზღვრო სამსახურის საქმიანობას.

2.  სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი,  რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. (ამოღებულია - 31.12.2013, №996);

4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ უფროსის მოადგილეები.

5. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.

6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო;

დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

ე) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო;

ვ) (ამოღებულია - 24.04.2013, №314);

ვ​1) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო;

ზ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;

თ) (ამოღებულია - 26.04.2013, №320);

ი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;

კ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ლ) (ამოღებულია - 21.01.2014, №39);

მ) სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო;

ნ) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

7. (ამოღებულია - 31.12.2013, №996).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №495 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.695

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 24.0 4 .2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №320 - ვებგვერდი, 29.04.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.

    მუხლი 7. სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება

1. სასაზღვრო პოლიციის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე სასაზღვრო პოლიციაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის მუშაობას და ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას;

გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ერთად;

დ) განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და უფლებამოსილებას;

ე) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ზ) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან;

თ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში; კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო შეთანხმებებს;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების მიზნით;

ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, რიცხავს, გადააადგილებს, თადარიგში გაჰყავს და ათავისუფლებს პირებს. შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს;

მ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებს, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს;

ნ) თანამშრომელთა მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ღონისძიებებს;

ო) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის პირველად სპეციალურ წოდებებს, აგრეთვე მორიგ სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით;

პ) ანიჭებს რიგგარეშე სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით;

ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ;

რ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანის შესახებ;

ს) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის საერთო საკადრო და უწყების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების პოლიტიკას;

ტ) განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში;

უ) განსაზღვრავს და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელ საქმიანობას;

ფ) ადგენს სასაზღვრო პოლიციის ყოველწლიური მოთხოვნილებების შესაბამისად ყველა სახის კმაყოფაზე საკვები პროდუქტების, სანივთე ქონების, ინვენტარის, შეიარაღების, ტექნიკის, სპეციალური და სტანდარტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სათბობის, საწვავ-საპოხი მასალების, საავიაციო ტექნიკისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობების რაოდენობასა და უზრუნველყოფისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;

ქ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების სამსახურებრივ, ადმინისტრაციულ, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას;

ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახების წევრთა სოციალური დაცვის საკითხებს;

ყ) ცეცხლსასროლი იარაღით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრით აჯილდოებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;

შ) ნიშნავს და აკონტროლებს სასაზღვრო წარმომადგენლების (სასაზღვრო კომისრების) საქმიანობას;

ჩ) შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს პრეზიდენტის მიერ დასამტკიცებლად სასაზღვრო პოლიციის ფორმის ტანსაცმელსა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს;

ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;

ძ) სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს გადასცეს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისა და ქვედანაყოფის უფროსს;

წ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შორის.

2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს განახორციელოს ამ ბრძანებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების დელეგირება საკადრო, საფინანსო და საზღვრის დაცვის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში, უფროსის უფლებამოსილებების დელეგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ბრძანება №318 - სსმ III, 19.03.2008, №41, მუხ.472

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №494 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.694

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

 

თავი III

    მუხლი 8. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

1. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის კონტროლს და ორგანიზებას უწევს საზღვრის დაცვას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლს და უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მუდმივ მზადყოფნას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით და სხვა ღონისძიებებს;

გ​1) სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით;

დ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის საქმიანობის ანალიზს;

ე) აკონტროლებს სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას;

ვ) საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის და სამიგრაციო კონტროლის სრულყოფის მიზნით, შეიმუშავებს სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, დირექტივებსა და ინსტრუქციებს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებთან ერთად მონაწილეობს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრაში;

თ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო რეჟიმის დაცვას;

ი) ახორციელებს ძალებისა და საშუალებების მზადყოფნისა და მათი ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფას;

კ) ახორციელებს საქართველოს სახმელეთო საზღვრის დაცვის და სასაზღვრო კონტოლის მეთოდების შემუშავებას, ოპერაციების დაგეგმვასა და მათი ჩატარების უზრუნველყოფას;

ლ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების რეგიონულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;

ნ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მისაღებ კანდიდატთა მომზადებას ამავე დეპარტამენტის ერთ -ერთი სტრუქტურული ერთეულის ბაზაზე.

2. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.

3. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;

ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

დ) სახმელეთო საზღვრის დაცვის ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვას;

ე) ხელმძღვანელობს სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების პროგრამის შემუშავებ ა სა და მისი შესრულებ ა ს და სახმელეთო საზღვრის დაცვის თანამშრომელთა და მისაღებ კანდიდატთა სპეციალურ მომზადებას.

4. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო;

ბ) სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი);

გ) სასაზღვრო პოლიციის №2 სამმართველო (ახალციხე);

დ) სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველო (წითელი ხიდი);

ე) სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველო (დედოფლისწყარო);

ვ) სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველო (ლაგოდეხი);

ზ) სასაზღვრო პოლიციის №6 სამმართველო (ბარისახო);

თ) სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველო (ყაზბეგი);

ი) სასაზღვრო პოლიციის №8 სამმართველო (ჯავა-ონი);

კ) სასაზღვრო პოლიციის №9 სამმართველო (მესტია);

ლ) სასაზღვრო პოლიციის №10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1321 - სსმ III, 21.11.2006, №156, მუხ.2160

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 თებერვლის ბრძანება №289 - სსმ III, 26.02.2007, №25, მუხ.311

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №792 - სსმ III, 05.06.2007, №79, მუხ.849

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №710 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 9. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი

1. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო-საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას;

ბ) დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და სხვა საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას;

დ) შეიმუშავებს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და კონტროლის მეთოდებს, გეგმავს ოპერაციებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;

ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვასა და უსაფრთხოებას;

ვ) სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით;

ზ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვისადმი გამოყოფილი რესურსების ეფექტურ და ოპტიმალურ გამოყენებას;

თ) ამზადებს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებებს;

ი) ორგანიზებას უკეთებს სანაპირო დაცვის პირადი შეამადგენლობის ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო უზრუნველყოფას;

კ) გეგმავს მცურავი საშუალებების, ტექნიკისა და შეიარაღების რემონტსა და მოდერნიზაციას;

ლ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვას, უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სანაპირო დაცვის საქმიანობის დაგეგმარებას, კონტროლსა და სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ნ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის საკითხებზე სამართლებრივი აქტების კონტროლს და სამსახურებრივი საქმიანობის შედეგების ანალიზს;

ო) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის განვითრების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამების, დირექტივებისა და ინსტრუქციების პროექტებს;

პ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;

ჟ) მონაწილეობს სამხედრო-საზღვაო სფეროში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებში;

რ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ახორციელებს რადიოლოკაციურ და ჰიდროაკუსტიკურ კონტროლს.

2. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.

3. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;

ბ) სასაზღვროო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

დ) შეიმუშავებს სანაპირო საზღვრის დაცვის ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში დანერგვას;

ე) შეიმუშავებს სანაპირო დაცის განვითარების პროგრამას და უზრუნველყოფს მის შესრულებას, ხელმძღვანელობს სანაპირო დაცვის ძალების მომზადებას.

4. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო, რესურსების მართვის მთავარი სამმართველო, საზღვაო მოღვაწეობის სუბიექტებთან თანამშრომლობის სამმართველო, სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო, საკადრო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება, პროტოკოლის ჯგუფი, იურიდიული უზრუნველყოფის ჯგუფი და საქმისწარმოების ქვეგანყოფილება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

    მუხლი 10. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო

საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:

ა) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციაში ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას;

ბ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტს;

გ) ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე;

დ) აკონტროლებს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშწორების ღონისძიებებს;

ე) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს;

ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის ორგანოთა სამეურნეო და მომარაგების უზრუნველყოფას;

თ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაციას, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-გადანაწილებას;

ი) უზრუნველყოფს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას.

კ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების მომსახურეთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ შემოწმებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩატარებას და მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის საკითხებში სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობის კოორდინაციას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1635 - სსმ III, 03.01.2008, №1, მუხ.24

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ბრძანება №318 - სსმ III, 19.03.2008, №41, მუხ.472

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.

    მუხლი 10​1. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო

სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სახელმწიფო საზღვარზე ატარებს  სპეციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.

    მუხლი 10​2. სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და მისი ბრძანებით ახორციელებს:

ა) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას;

გ)  სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციების დროს  შესაბამის ღონისძიებებს;

დ) საგანგებო სიტუაციის დროს (მათ შორის, სტიქიური უბედურების, ხანძრის) სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების ჩატარებას სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.

    მუხლი 11. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო

საქმისწარმოების ორგნიზებისა და კონტროლის სამმართველო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციაში განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს; დადგენილი წესით, განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, დოკუმენტებისა და სხვადასხვა საქმეების არქივში ჩაბარებასა და მათ დაცვას; შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების უზრუნველყოფას; სასაზღვრო პოლიციაში სახელმწიფო საიდუმლოობასთან დაშვების თანამდებობრივი ნომენკლატურის შედგენასა და განსაზღვრული წესის შესაბამისად კონკრეტულ თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ორგანიზებას, სასაზღვრო პოლიციის საფელდიეგერო მომსახურებას, დოკუმენტების რედაქტირებასა და არაოფიციალურ თარგმანს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

    მუხლი 12. (ამოღებულია - 24.04.2013, №314)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №495 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.695

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 24.0 4 .2013წ.

    მუხლი 13. საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო

საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის ერთიან საკადრო უზრუნველყოფას;

ბ) შეიმუშავებს კადრების შერჩევის, განაწილების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას;

გ) ახორცილებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისობრივ გაუმჯობესებას;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას, მათ შორის, ატესტაციის მოწყობის გზით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

    მუხლი 14. საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო

საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არეალში უზრუნველყოფს:

ა) საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციების მოპოვებას, რისკების ანალიზსა და საფრთხეების შეფასებას;

გ) არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას;

დ) სწავლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ვითარებას და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.

    მუხლი 15. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ბ) ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პროცესში;

დ) სახელმწიფო ევროინტეგრაციული კურსის შესაბამისად ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პროცესში;

ე) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციის და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

ზ) წარმოადგენს და იცავს სასაზღვრო პოლიციის ინტერესებს სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;

თ) დასკვნას უკეთებს სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებს;

ი) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას;

კ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მიერ ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო ღონისძიებების, მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

    მუხლი 16. (ამოღებულია - 21.01.2014, №39)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.

    მუხლი 17. სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო  

სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო:

ა) სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო მონიტორინგის განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ინფორმაციის მართვას, შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებასა და კრებსითი ინფორმაციის მომზადებას;

ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების აღჭურვის დაგეგმვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს;

გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;

დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებას, ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.

    მუხლი 18. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აანალიზებს მას და წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს;

ბ) საზოგადოებასა და მასმედიას ინფორმაციას აწვდის სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესების თაობაზე;

გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდის მუშაობას;

დ) ხელს უწყობს საზოგადოებაში სასაზღვრო პოლიციის შესახებ ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას;

ე) სასაზღვრო პოლიციის სახელით კომპეტენციის ფარგლებში გასცემს საჯარო ინფორმაციას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №786, 21.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.008.796 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65122-19/