ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2007 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1000
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 20/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №1000

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა განახორციელონ ელექტრონული ფორმით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

1​1. წარმომადგენლის მეშვეობით ელექტრონული ფორმით დეკლარირების წარმოების შემთხვევაში, წარმომადგენელზე ვრცელდება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც ამ ბრძანებით გააჩნია გადასახადის გადამხდელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ვებპორტალზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

2. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) წერილობითი მიმართვის (განაცხადის) საფუძველზე, ხოლო ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ვებპორტალზე, მიმართვას (განაცხადს) ავსებენ ელექტრონულ ფორმატში. ამასთან, ის გადასახადის გადამხდელები, რომლებთანაც გაფორმებულია ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ ხელშეკრულებები, ავტომატურად ჩაითვლებიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების უფლებამოსილ გადასახადის გადამხდელებად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებაში. ამასთან, დეკლარირების ელექტრონულ ფორმაზე გადასული გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) მე-3 და მე-4 ეგზემპლარების წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716

4. ელექტრონული დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადგენილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები და ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

5. გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებულ დეკლარაციას.

6. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების დანერგვის პროცესების პროგრამული უზრუნველყოფა.

6​1. დამტკიცდეს ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი“ (დანართი №1) და ,,ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ განაცხადის ფორმა“ (დანართი №2).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (მ. გადაევი).

8. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

დანართი №1

ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი არეგულირებს გადასახადის გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენის პროცესს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დეკლარაციას.

3. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ელექტრონული დეკლარირების პორტალზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის ერთ-ერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:

ა) ,,––––––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №–––––––––––––,           ––––––––.“

     (რეგისტრაციის სახე)                                                (რეგისტრაციის ნომერი)    (თარიღი)

ბ),,–––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №––––––––––,                        –––––––, დეკლარირებული

      (რეგისტრაციის სახე)                                      (რეგისტრაციის ნომერი)        (თარიღი)   

 

ვალდებულება –––––––– .“

    (თანხა)

4. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.

5. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სახე, რომლითაც სურს დადასტურების მიღება;

გ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;

დ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;

ე) გადამხდელის ხელმოწერა.

6. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებ ბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

    მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები

1. გადამხდელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;

ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების მოქმედების შეჩერება;

გ) საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

2. გადამხდელი ვალდებულია:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დეკლარირების დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დეკლარაცია წერილობითი ფორმით წარადგინოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;

ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ წერილობით განაცხადში დეკლარირების განხორციელების დადასტურების მისაღებად დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარუდგინოს წერილობითი ფორმით;

დ) დეკლარირება განახორციელოს წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით), თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით დეკლარირებას.

    მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენა.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

ა) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე;

ბ) გამოყოს თანამშრომელი ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განაცხადის მიღების და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით;

გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დეკლარაციის მიღება გადამხდელისათვის მობილურ ტელეფონზე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით;

დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტი;

ე) დეკლარაციის წარდგენის ფაქტი და თარიღი ასახოს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის მიღებისთანავე;

ვ) ელექტრონული ფორმით დეკლარირების სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით დეკლარირება ვითარების გამოსწორებამდე;

ზ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შენახვა წერილობითი დეკლარაციის შენახვისათვის დადგენილი ვადით.

    მუხლი 4. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შეწყვეტა

გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით დეკლარირება და გადავიდეს დეკლარირების წერილობით ფორმაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

დანართი №2

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საგადასახადო ორგანოს დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) დასახელება და ს/ნ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მისამართი

 

განაცხადი

ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ

 

გთხოვთ გადამიყვანოთ ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე

20–– წლის –––– ––––––––––– -დან.

ელექტრონული დეკლარაციის მიღება დამიდასტუროთ ––––––––– მობილური ტელეფონის ნომერზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,––“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.

–––––––––––––––––––––––––––––––

გადასახადის გადამხდელის

(მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“, №1000, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72340-3/