„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2006 ძალადაკარგული 05.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№400
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 30/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №400

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესის შესახებ“.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) ორ კვირაში უზრუნველყოს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ დავალებათა ნუსხის განსაზღვრა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1.

1. ეს დებულება განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების წესსა და პირობებს.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

3. უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხს იხილავს და წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

5. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ნუსხას ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფროსი.

6. (ამოღებულია).

7. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

8. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უცხოელის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მიღებიდან ერთ კვირაში განსახილველად გადაუგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

8​1. საჭირო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ერთ კვირაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.

8​2. განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ კვირაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაგზავნას სააგენტოსათვის პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

8​3. თუ განმცხადებელი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ამ ვადის გასვლიდან ერთ თვეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განმცხადებლის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.

8​4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

8​5. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.

9. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები დაინტერესებულ პირს განუმარტავენ განცხადების შეტანისა და განხილვის წესს.

10. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა. 18 წლამდე პირთა საკითხი ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნეს აგრეთვე აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

11. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით.

12. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს. უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში თავისი ინიციატივით წარმოადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

13. უცხოელი, რომელიც მიიღებს ბინადრობის ნებართვას, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოში – ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

    მუხლი 2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები

დროებითი ბინადრობის ნებართვა არა უმეტეს 6 წლით შეიძლება მიეცეს საქართველოში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენის მსურველ იმ უცხოელს, რომელიც:

ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანს);

ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილობილი, მშვილებელი, და, ძმა, პაპა ან ბებია.

    მუხლი 3. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

განცხადებას დროებითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ- დამღა ან სხვ.);

გ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თავისუფალი პროფესიის ადამიანებისათვის ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანხის ბრუნვას, რაც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ რაოდენობას;

გ.ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს ესაჭიროება მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა უცხოელის სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);

გ.გ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;

გ.დ) მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი ცნობა;

გ.ე) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც ეკუთვნის უცხოელს და/ან მის ნათ ესავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც, ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებზე;

ე) (ამოღებულია);

ვ) 2 ფოტოსურათი 3/4;

ზ) სახელმწიფო ბაჟის ან საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

    მუხლი 4. დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადები, ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები

1. დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, მაგრამ არანაკლებ 6 თვისა და არა უმეტეს 6 წლისა. ვადის ათვლა იწყება ნებართვის გაცემის დღიდან.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა ერთი წლით; მისი გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ – 5 წლით.

3. ნებართვის ვადის შეწყვეტა ავტომატურად ხდება მისი ვადის ამოწურვისას. სააგენტო ასევე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვა, თუ:

ა) გამოვლინდა მის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარმოდგენის ფაქტი;

ბ) ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროებას ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;

გ) ვადამდე შეწყვიტა ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ჰქონდა მოპოვებული დროებითი ბინადრობის ნებართვა;

დ) გამოვლინდა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მისი ფიქციურ ქორწინებაში შესვლის ფაქტი;

ე) იგი გაძევებულ იქნა საქართველოდან.

4. თუ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისათვის ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

5. ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების დაცვით, როგორც მისი მოპოვება. ამ შემთხვევაში უცხოელს არ მოეთხოვება ცნობა შემოსავლის შესახებ (თუ მანამდე წარმოდგენილ ცნობაში მითითებული შემოსავალი საკმარისია უცხოელის საქართველოში მომავალი ყოფნისთვისაც).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

    მუხლი 5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც კანონიერ საფუძველზე საქართველოში იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობაში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.

    მუხლი 6. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

1. განცხადებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში – საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღი-დამღა ან სხვ.);

გ) ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

გ.ბ) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.გ) მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;

დ) უცხოელის და/ან მისი საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მქონე ნათესავის ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები; შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა;

ე) 2 ფოტოსურათი;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

    მუხლი 7. ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი

1. ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს.

2. უცხოელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა საბუთი წარადგინოს განცხადებასთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო დოკუმენტაციის გადმომგზავნ ორგანოს ან უცხოელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

3. სააგენტო დადგენილ ვადაში ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, იგი უფლებამოსილია განცხადების მიღებიდან 2 დღეში კითხვით მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ვალდებული არიან მიმართვის მიღებიდან 5 დღეში გასცენ სააგენტოს წერილობითი პასუხი. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი პასუხის გასაცემად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.

4. უცხოელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე სააგენტო გასცემს ბინადრობის ნებართვას ან გამოაქვს მოტივირებული დასკვნა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა ან დასკვნა ეგზავნება დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

6. უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა ბინადრობის ნებართვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

7. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე, უფლება აქვს იმავე საფუძვლით განმეორებით შეიტანოს განცხადება, პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ, ხოლო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში – 6 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ და ამ დებულების მოთხოვნები არ ეხებათ შემდეგი კატეგორიის უცხოელებს:

ა) პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ (მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის დაკარგვის ფორმით) საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი მუდმივად საცხოვრებლად რჩებიან საქართველოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ბინადრობის მოწმობის მისაღებად მიმართავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №400, 28.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98278-3/