„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2006 ძალადაკარგული 05.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№400
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 30/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №400

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესის შესახებ“.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) ორ კვირაში უზრუნველყოს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ დავალებათა ნუსხის განსაზღვრა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1100 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2533

 

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1.

1. ეს დებულება განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების წესსა და პირობებს.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

3. უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხს იხილავს და წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

5. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების მიღებისათვის უფლებამოსილი სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ნუსხას ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე.

6. (ამოღებულია).

7. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

8. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უცხოელის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მიღებიდან ერთ კვირაში განსახილველად გადაუგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

8​1. საჭირო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ერთ კვირაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.

8​2. განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ კვირაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაგზავნას სააგენტოსათვის პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

8​3. თუ განმცხადებელი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ამ ვადის გასვლიდან ერთ თვეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განმცხადებლის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.

8​4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

8​5. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.

9. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები დაინტერესებულ პირს განუმარტავენ განცხადების შეტანისა და განხილვის წესს.

10. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა. 18 წლამდე პირთა საკითხი ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნეს აგრეთვე აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

11. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე თარგმნილი, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

12. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს. უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში თავისი ინიციატივით წარმოადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

13. უცხოელი, რომელიც მიიღებს ბინადრობის ნებართვას, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოში – ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები

დროებითი ბინადრობის ნებართვა არა უმეტეს 6 წლით შეიძლება მიეცეს საქართველოში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენის მსურველ იმ უცხოელს, რომელიც:

ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანს);

ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, შვილობილი, მშვილებელი, და, ძმა, პაპა ან ბებია.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 2 ​1 . დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება პირის მიერ, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა

 დროებითი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 3. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

1. განცხადებას დროებითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.);

გ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), ხოლო თავისუფალი პროფესიის ადამიანებისათვის – ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანხის ბრუნვას, რაც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ ოდენობას;

გ.ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს ესაჭიროება მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა უცხოელის სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);

გ.გ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მოწვევა;

გ.დ) მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი ცნობა;

გ.ე) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა), აგრეთვე შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც ეკუთვნის უცხოელს და/ან მის ნათესავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებზე;

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვეს საქართველოს ტერიტორია – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 4. დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადები, ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები

1. დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, მაგრამ არანაკლებ 6 თვისა და არა უმეტეს 6 წლისა. ვადის ათვლა იწყება ნებართვის გაცემის დღიდან.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა ერთ წლამდე ვადით, მისი გაგრძელება შეიძლება 5 წლამდე ვადით.

2​1 . განსაკუთრებულ შემთხვევებში, დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით, მისი გაგრძელება შეიძლება ერთ წლამდე ვადით.

3. ნებართვის ვადის შეწყვეტა ავტომატურად ხდება მისი ვადის ამოწურვისას. სააგენტო ასევე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვა, თუ:

ა) გამოვლინდა მის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარმოდგენის ფაქტი;

ბ) ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროებას ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;

გ) ვადამდე შეწყვიტა ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ჰქონდა მოპოვებული დროებითი ბინადრობის ნებართვა;

დ) გამოვლინდა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მისი ფიქციურ ქორწინებაში შესვლის ფაქტი;

ე) იგი გაძევებულ იქნა საქართველოდან.

4. თუ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისათვის ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

5. ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების დაცვით, როგორც მისი მოპოვება. ამ შემთხვევაში უცხოელს არ მოეთხოვება ცნობა შემოსავლის შესახებ (თუ მანამდე წარმოდგენილ ცნობაში მითითებული შემოსავალი საკმარისია უცხოელის საქართველოში მომავალი ყოფნისთვისაც).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც კანონიერ საფუძველზე საქართველოში იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობაში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს;

დ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 6. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

1. განცხადებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.);

გ) ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

გ.ბ) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.გ) მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;

დ) უცხოელის და/ან მისი საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მქონე ნათესავის ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები; შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა;

ე) 2 ფოტოსურათი;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

3. პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვეს საქართველოს ტერიტორია – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 7. ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი

1. ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან გასაგრძელებლად სააგენტოს განცხადება წარედგინება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით – სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

2. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უნდა მიეთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისაღები ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნება . კომუნიკაციის სასურველ ფორმაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში, უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით.

3. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა საბუთი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. საჭირო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო დოკუმენტაციის გადმომგზავნ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

4. ბინადრობის ნებართვის მიღებისა და გაგრძელების შესახებ განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს.

5. სააგენტო დადგენილ ვადაში ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, იგი უფლებამოსილია განცხადების მიღებიდან 2 დღეში წერილობით ან ელექტრონული ფორმით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიულ პირებისგან, რომლებიც ვალდებული არიან მიმართვის მიღებიდან 5 დღეში მიაწოდონ სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან ამის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

6. განცხადების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განცხადება დატოვოს განუხილველად.

7. უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. უცხოელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე.

8. უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე სააგენტო ს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე. ( ამოქმედდეს 2011 წლის პირველი თებერვლიდან )

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას ან სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

10. უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა ბინადრობის ნებართვა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

11. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე, უფლება აქვს იმავე საფუძვლით განმეორებით შეიტანოს განცხადება, პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ, ხოლო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში – 3 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1100 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2533

     მუხლი 7​1. ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის წესი

1. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის  პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება  საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასური ს გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

7. ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე . ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.        

8. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. განმცხადებლის ვინაობასთან ან ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების განხილვაზე.

11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1100 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2533

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ და ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც:

ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ბინადრობის მოწმობის მისაღებად მიმართავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №400, 28.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98278-5/