ბრძანება N 5199
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5199
11 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ --------)
(მის.: ------------------------)
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ --------) №87049/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №094-95 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მოგების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2008-2013 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის გამოცხადება/დარიცხვა მოხდა 2015 წელს, ხოლო 2020 წლის იანვართებერვალში მოხდა მისი გაცემა, ისევე როგორც ეს მოხდა 2020 წლამდე რამდენჯერმე 2016-2019 წლებში. აღნიშნავს, რომ შპს „----ის“ პარტნიორის 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დივიდენდად გამოცხადდა 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დარჩენილი გაუნაწილებელი წმინდა მოგება 5 105 000 ლარი, რომელიც კომპანიის მიერ 2010-2013 წლებში იყო მიღებული, ხოლო დივიდენდის გაცემა ხდებოდა ეტაპობრივად, კომპანიის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. აღნიშნული წმინდა მოგება დეკლარირებული და დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, დარიცხულია და გადახდილია უფრო მეტი მოგების გადასახადი, ვიდრე ეს წმინდა მოგების 15%-ია. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ვალდებულებების ასახვა მოხდა კომპანიის აღრიცხვაში, რაც ასევე გაცხადდა სავალდებულო ფინანსურ ანგარიშგებაში. კერძოდ, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გამოცხადებული დივიდენდის ვალდებულებიდან დარჩენილი ვალდებულება, რაც შეადგენს 3 920 684 ლარს, აისახა გრაფაში „მოკლევადიანი ვალდებულებები“ (1 912 958 ლარი) და „გრძელვადიანი ვალდებულებები“ (2 007 726 ლარი). გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №30848 ბრძანებით განხორციელდა კომპანიის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდს. შემოწმება სხვა საკითხებთან ერთად მოიცავდა მოგების გადასახადსაც. აუდიტორები დაინტერესდნენ 2017 წლის პირველი იანვრიდან გაცემული დივიდენდების ახლად ამოქმედებულ კანონთან შესაბამისობით. შემოწმების მიერ არ ყოფილა მიჩნეული კანონდარღვევად და დაბეგვრაც იქნა შეფასებული, როგორც კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მყოფი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით კომპანიას წარდგენილი აქვს ცნობა დივიდენდების გაცემამდე შესაბამისი თარიღების და თანხის ოდენობის მითითებით, რაც ასაბუთებს ამ საკითხზე ღრმა მსჯელობის არსებობას. შემმოწმებლებმა შეისწავლეს შესაბამისი ინფორმაცია, კომპანიის მიერ გაკეთებული განმარტებები და მოგების გადასახადის ნაწილში ვერანაირი დარღვევა ვერ დაადგინეს. აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ განაგრძო 2015 წელს გამოცხადებული დივიდენდის შემდგომ პერიოდში გაცემა. საგადასახადო შემოწმების შემდგომ დივიდენდის დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობა არ შეცვლილა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მოხდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიდგომების და ხედვების ცვლილება.
გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2017-2023 წლებში, გასული წლების მოგების განაწილებისას მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა მართლზომიერია, რადგან კომპანიას ვალდებულებად ჰქონდა აღიარებული და გასაჯაროებული გასაცემი დივიდენდი და კანონით დადგენილი ფორმულით ჩასათვლელი მოგების გადასახადიც სრულად იძლეოდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლის საშუალებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14027 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ --------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №32859 ბრძანება და №094-95 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 95 684 ლარით მათ შორის: გადასახადი 45 353 ლარი, ჯარიმა 22 677 ლარი და საურავი 27 654 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიას 2020 წლის იანვართებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს დივიდენდი 2008-2017 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან. შესაბამისად, აღნიშნულ დივიდენდზე დარიცხული მოგების გადასახადი გადამხდელს ჩათვლაშიც აქვს გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელის მიერ წამროდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემებით ირკვევა რომ კომპანიას 2017 წლის საწყისად, გაუნაწილებელი მოგების ნაშთი არ აქვს. კერძოდ, უფიქსირდება სალდირებული ზარალი 4 320 442 ლარის ოდენობით. ამასთან გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მონაცემებით კომპანიის 2008-2016 წლების ფინანსური მოგება შეადგენს 5 900 271 ლარს (ზარალის გათვალისწინებით), ხოლო კომპანიის მიერ ამავე პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 10 953 194 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი დივიდენდი შეადგენს 3 920 684 ლარს. რეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას იღებს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალის) გათვალისწინებით) დივიდენდის განაწილებისას, შესაბამისად, რომელიმე კონკრეტული წლის/წლების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მოგების განაწილება, 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების ჯამური ფინანსური შედეგების გაუთვალისწინებლად, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლი არეგულირებს მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესს. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მე-3 ნაწილის დანართი №1, რომელიც განსაზღვრავს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხას, ივსება შემდგნაირად:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ წამროდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემებით ირკვევა რომ კომპანიას 2017 წლის საწყისად, გაუნაწილებელი მოგების ნაშთი არ აქვს. კერძოდ, უფიქსირდება სალდირებული ზარალი 4 320 442 ლარის ოდენობით. ამასთან გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მონაცემებით კომპანიის 2008-2016 წლების ფინანსური მოგება შეადგენს 5 900 271 ლარს (ზარალის გათვალისწინებით), ხოლო კომპანიის მიერ ამავე პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 10 953 194 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი დივიდენდი შეადგენს 3 920 684 ლარს. აუდიტის დეპარტამენტი ასევე განარტავს, რომ რეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას იღებს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალის) გათვალისწინებით) დივიდენდის განაწილებისას, შესაბამისად, რომელიმე კონკრეტული წლის/წლების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მოგების განაწილება, 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების ჯამური ფინანსური შედეგების გაუთვალისწინებლად, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა არამართლზომიერია და დაექვემდებარა შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ის“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მოგების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას. გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2017-2023 წლებში, გასული წლების მოგების განაწილებისას მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა მართლზომიერია, რადგან კომპანიას ვალდებულებად ჰქონდა აღიარებული და გასაჯაროებული გასაცემი დივიდენდი და კანონით დადგენილი ფორმულით ჩასათვლელი მოგების გადასახადიც სრულად იძლეოდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლის საშუალებას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14027 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №32859 ბრძანება და №094-95 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 95 684 ლარით .
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიას 2020 წლის იანვართებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს დივიდენდი 2008-2017 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან. შესაბამისად, აღნიშნულ დივიდენდზე დარიცხული მოგების გადასახადი გადამხდელს ჩათვლაშიც აქვს გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელის მიერ წამროდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემებით ირკვევა რომ კომპანიას 2017 წლის საწყისად, გაუნაწილებელი მოგების ნაშთი არ აქვს.კერძოდ, უფიქსირდება სალდირებული ზარალი 4 320 442 ლარის ოდენობით.
ამასთან გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი მონაცემებით კომპანიის 2008-2016 წლების ფინანსური მოგება შეადგენს 5 900 271 ლარს (ზარალის გათვალისწინებით), ხოლო კომპანიის მიერ ამავე პერიოდში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 10 953 194 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე განაწილებული, მაგრამ გაუცემელი დივიდენდი შეადგენს 3 920 684 ლარს. აუდიტის დეპარტამენტი ასევე განარტავს, რომ რეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას იღებს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალის) გათვალისწინებით) დივიდენდის განაწილებისას, შესაბამისად, რომელიმე კონკრეტული წლის/წლების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მოგების განაწილება, 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების ჯამური ფინანსური შედეგების გაუთვალისწინებლად, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:97(1 „ა“ ); 981 (1); 309(92,93);