გადაწყვეტილება №21582/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21582/2/2023
19 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: უსფ „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება უსფ ----ის 12.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21582/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის 21.07.2022 წლის №16991/2/2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
273 622 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 68 539
დღგ - 24 317
მოგების გადასახადი - 66 041
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - (-26 092)
ქონების გადასახადი - 4 273
ჯარიმა - 48 225
საურავი - 156 858
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 10.09.2014 წლიდან 1.10.2017 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელს „დედა კომპანიიდან“ იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის მასალები (დამხმარე ხასიათის), აღნიშნულ ოპერაციას განიხილავს, როგორც საქონლის შესყიდვას და თვითღირებულების გაანგარიშებისას სარგებლობს „დედა კომპანიის“ მიერ გამოწერილი ინვოისით, ამასთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება ასახული აქვს 2015-2016 წლის საწყისი/საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთებში.
შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ „დედა კომპანიასთან“ არსებული ოპერაციები დაექვემდებარა გაუქმებას. ჩაითვალა, რომ იმპორტის რეჟიმში მოქცეული მასალების თვითღირებულების გაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელს უნდა ეხელმძღვანელა მასალების შესყიდვის პირველადი დოკუმენტით. შედეგად, შემცირდა დეკლარირებული საწყისი/საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, კერძოდ: 2015 წლის საბოლოო და 2016 წლის საწყისი ღირებულება 13 263 ლარით, 2016 წლის საბოლოო ღირებულება 20 371 ლარით; - 2016 წელს „დედა კომპანიისგან“ იმპორტირებული აქვს „ანძები“, რომელიც განხილულია როგორც ძირითადი საშუალება და საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად გამოქვითულია სრულად მოგების გადასახადის დეკლარაციიდან (ძირითადი საშუალების ღირებულება განსაზღვრულია „დედა კომპანიის“ მიერ გამოწერილი ინვოისით).
შემოწმების მიერ მიიჩნია, რომ „დედა კომპანიასა“ და „წარმომადგენლობას“ შორის განხორციელებული მოქმედებები წარმოადგენს ე.წ „შიდა ოპერაციებს“. გადასახადის გადამხდელის მიერ „დედა კომპანიასთან“ არსებული ოპერაციები დაექვემდებარა გაუქმებას. მიიჩნია, რომ ძირითადი საშუალების გამოსაქვითი ღირებულება განსაზღვრულ უნდა იქნეს მისი პირველადი შესყიდვის ფასით და მისი ნარჩენი ღირებულებებით, რომლებიც შემოწმებისთვის წარდგენილი არაა. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება;
- გადასახადის გადამხდელსა (წარმომადგენლობა) და „დედა კომპანიას“ შორის გაფორმებულია მომსახურების გაწევის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც „დედა კომპანია“ უსრულებს თავისივე წარმომადგენლობას სამშენებლო/სამონტაჟო/საზედამხედველო მომსახურებას სხვადასხვა პერიოდში.
2015-2016 წლებში გადასახადის გადამხდელი აღნიშნული მომსახურების ღირებულებას ქვითავს ერთობლივი შემოსავლიდან, ხოლო 2017 წელს არ ახორციელებს აღნიშული ოპერაციის დაბეგვრას მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ „დედა კომპანიასა“ და „წარმომადგენლობას“ შორის განხორციელებული მოქმედებები წარმოადგენს ე.წ „შიდა ოპერაციებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015-2016 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მომსახურების ღირებულება დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო 2017 წელს „დედა კომპანიაზე“ გადახდილი თანხები დაექვემდებარა დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2018 წლის №25810 ბრძანება და №005-202 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.12.2018 წლის №39084 ბრძანებით საჩივარი ყველა სადავო საკითხთან მიმართებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტების/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის №39084 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 5 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 7.02.2019 წლის №005-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №36028 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების დანახარჯების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ასევე შესაძლებელია წარუდგინოს აუდიტორული კომპანიის სათანადო დასკვნა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით, ყოველმხრივ შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მივლინების ხარჯების ხელფასად განხილვისა და თანამშრომელთა ცხოვრებისათვის გაწეული სასტუმროს ხარჯების დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით, დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.12.2018 წლის №39084 და 18.10.2019 წლის №36028 ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.03.2020 წლის გადაწყვეტილებით (№39561/1/2019; №9546/2/2019) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: - პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების დანახარჯების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების მიზნით, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და თუ, წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ხარჯების გამოქვითვა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება;
- მე-4 სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.03.2020 წლის გადაწყვეტილების (№39561/1/2019; №9546/2/2019) აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის დასკვნა, მის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის №16008 ბრძანება და №005-81 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 11.03.2020 წლის (№39561/1/2019; №9546/2/2019) გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭოს 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 339 113 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 17 ნოემბრის №85158/1/2023 ელექტრონული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №126889-21-04 წერილით, კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და გამოსცა 2023 წლის 13 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა, 2023 წლის 20 ოქტომბრის №25975 ბრძანება და 2023 წლის 26 ოქტომბრის №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რითაც დარიცხული თანხები შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: გადასახადი - 68 539 ლარი; ჯარიმა - 48 225 ლარი; საურავი - 156 857.52 ლარი; სულ - 273 621.52 ლარი.
ზემოხსენებულ დასკვნას, ბრძანებას და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას ასაჩივრებს შემდეგ გარემოებათა გამო: 1. შეუსაბამოდ მაღალი საურავები. საგადასახადო შემოწმების შედეგები კომპანიის მიერ გასაჩივრდა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროში. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ 2020 წლის 11 მარტის №39561/1/2019 (№9546/2/2019) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა:
„შესრულებული სამუშაოს გაწეული მომსახურების დანახარჯების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების მიზნით, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და თუ, წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ ხერხდება გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ხარჯების გამოქვითვა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით“.
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, რაც თავის მხრივ თანხმდებოდა შემმოწმებლებთან, თუმცა კომპანიის არაერთი მოთხოვნის, შეხვედრების, პროცესში ჩართულობის მცდელობის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება. საკითხი კიდევ ერთხელ იქნა ფინანსთა სამინისტროში განხილული და საბოლოოდ ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 21 ივლისის №16991/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი კვლავაც დააკმაყოფილა ნაწილობრივ და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.03.2020 წლის გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულება გაჭიანურდა. ამ ხნის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების აღუსრულებლობამ დიდი ფინანსური/ეკონომიკური ზიანი მიაყენა თავის დარგში მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე და ცნობად კომპანიას, რომელიც მსხვილი ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში. კომპანია იძულებული გახდა მიემართა საქართველოში ----ის საელჩოსთვის, რათა მათ ეშუამდგომლათ ფინანსთა სამინისტროსთან პროცესების დაჩქარების მიზნით. საბოლოოდ, აუდიტის დეპარტამენტმა 3 წლის და 6 თვის დაგვიანებით, მოახდინა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების აღსრულება და 2023 წლის ოქტომბრის თვეში გამოსცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა, ბრძანება დარიცხული თანხების შემცირების შესახებ და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რითაც დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 432 668.00 ლარით. მაგრამ, ვადების გაჭიანურების გამო, საბოლოოდ დარიცხული საურავების თანხა შეუსაბამოდ და უსამართლოდ აღემატება გადასახადის თანხას (საურავი - 156 857.52 ლარი, გადასახადი - 68 539.00 ლარი). ვინაიდან, შეუსაბამოდ მაღალი საურავები გამოწვეულია შემოსავლების სამსახურის მიერ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების დაგვიანებით აღსრულებით, ამიტომ მიგვაჩნია რომ უნდა მოხდეს საურავების გადაანგარიშება 2020 წლის მარტის მდგომარეობით. ამასთან, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული უფლების გამოყენებას და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებას ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან.
2. ხარვეზები პირადი აღრიცხვის ბარათზე
აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 13 ოქტომბერს გამოსცა №1061 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, 2023 წლის 20 ოქტომბერს №25975 ბრძანება დარიცხვის შემცირებაზე და 2023 წლის 26 ოქტომბერს №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. №25975 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 339 113 ლარი, მათ შორის: გადასახადი 226 075 ლარი, ჯარიმა 113 038 ლარი. №005-176 საგადასახადო მოთხოვნით კი დამატებით დაკორექტირდა თანმდევი საურავების თანხა და საბოლოო ვალდებულებები 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით შემდეგნაირია: გადასახადი 68 539 დღგ - 24 317 მოგების გადასახადი - 66 041 საშემოსავლო გადასახადი - 0 უკუდაბეგვრის დღგ - (-26 092) ქონების გადასახადი - 4 273 ჯარიმა - 48 225 საურავი - 156 857.52 სულ - 273 621.52
უსფ ----ის წარმომადგენლობას: - 2023 წლის 26 ოქტომბრამდე, შედარების აქტის მიხედვით, გააჩნდა: ზედმეტობა 4 435.64 ლარი და არ აღიარებული ვალდებულებები 847 768.94 ლარი.
- 2023 წლის 26 ოქტომბრის კორექტირებული მონაცემებით კი შედარების აქტში გააჩნია:
ზედმეტობა 4 435.64 ლარი და არ აღიარებული ვალდებულებები 273 713.62 ლარი.
- ამავდროულად, 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ნაერთი ინფორმაციით გააჩნია:
გადასახადი 184 204.14 ლარი და საურავი 84 981.74 ლარი.
მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასწორად არის შეყვანილი კორექტირებები და მიუხედავად ჯამური მონაცემების სისწორისა, არასწორად არის განაწილებული გადასახადი, ჯარიმა და საურავი. კომპანიის სურვილია საბოლოოდ დაასრულოს გაჭიანურებული შემოწმებით გამოწვეული პრობლემები და ცდილობს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას, მაგრამ ყოველივე ზემოთქმული ხელს უშლის აღნიშნულ პროცესს. პირადი აღრიცხვის ბარათზე არასწორად ასახული მონაცემების შესახებ RS.GE-ს პლატფორმიდან კომუნიკატორის მეშვეობით ეცნობა შემოსავლების სამსახურს, მაგრამ ამ დროისთვის ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად ითხოვს საჩივარში დაფიქსირებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 28.12.2018 წლის №39084 და 18.10.2019 წლის №36028 ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 11.03.2020 წლის გადაწყვეტილებით (№39561/1/2019; №9546/2/2019) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების დანახარჯების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების მიზნით, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და თუ, წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ხარჯების გამოქვითვა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.
ასევე დადგენილია, რომ საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის №005-81 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 11.03.2020 წლის (№39561/1/2019; №9546/2/2019) გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად.
საბჭოს 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: დამატებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლა, მათ შორის ანალიზი ჩაუტარდა ე.წ. დედა კომპანიის მიერ არსებულ ოპერაციებზე მათ მიერ დადებული მოგების მარჟის (25%) შესაბამისად იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხარჯების გამოქვითვა განახორციელოს მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითებების და სიტუაციური სახელმძღვანელოების გათვალისწინებით (რომელიც ეხება არაპირდაპირი მეთოდით ხარჯების გამოქვითვას) აღნიშნული მარჟა ჩათვლილი იქნა საიმედოდ და შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება მოგების გადასახადის ნაწილში. მომჩივანი არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ საურავის ოდენობას. აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 432 668 ლარით, მაგრამ, აღსრულების (ვადების) გაჭიანურების გამო, საბოლოოდ დარიცხული საურავების თანხა შეუსაბამოდ და უსამართლოდ აღემატება გადასახადის თანხას (საურავი - 156 857.52 ლარი, გადასახადი - 68 539 ლარი).
ვინაიდან, შეუსაბამოდ მაღალი საურავები გამოწვეულია შემოსავლების სამსახურის მიერ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების დაგვიანებით აღსრულებით, ამიტომ მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საურავების გადაანგარიშება 2020 წლის მარტის მდგომარეობით. ამასთან, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული უფლების გამოყენებას და გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებას ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან. ამგვარად, მომჩივანი სადავოდ არ ხდის დავების განხილვის საბჭოს 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, მაგრამ არ ეთანხმება აღსრულების საფუძველზე გამოცემულ, გასაჩივრებულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში, საურავის სახით განსაზღვრულ ოდენობას, ამასთან ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესრულებული სამუშაოს/გაწეული მომსახურების დანახარჯების გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების ნაწილში, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №005-176 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
ამდენად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. გასაჩივრებულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ საურავის ოდენობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საბჭოს 11.03.2020 წლის გადაწყვეტილებით (№39561/1/2019; №9546/2/2019) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება. ხოლო, საბჭოს 21.07.2022 7 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოს 11.03.2020 წლის (№39561/1/2019; №9546/2/2019) გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, არსებული ინფორმაციით არ ირკვევა, გადასახადების შესაბამისი სავადო თარიღებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული საურავის, ამავე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების მოქმედ ნორმასთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნასთან შესაბამისობა, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საურავის დარიცხვის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №005-176 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საურავის, მასში დაფიქსირებული ოდენობით დარიცხვის მართლზომიერების შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული საურავის ოდენობის კორექტირება (შემცირება) და შედეგის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2023 წლის 26 ოქტომბრის №005-176 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საურავის, მასში დაფიქსირებული ოდენობით დარიცხვის მართლზომიერების შესწავლა, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული საურავის ოდენობის კორექტირება (შემცირება) და შედეგის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
დავების განხილვის საბჭოს 21.07.2022 წლის №16991/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 339 113 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 17 ნოემბრის №85158/1/2023 ელექტრონული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №126889-21-04 წერილით, კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272 21.