გადაწყვეტილება №25548/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25548/2/2025
15 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 31.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25548/2/2025).
დავის საგანი:
1. ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით;
2. სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალის და სამრეწველო პროდუქციის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №042-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15592 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 313 969,68 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 200 348,96
ჯარიმა - 100 174,50
საურავი - 13 446,22
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 21.03.2024 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №042-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15592 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ურთიერთშედარების აქტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15592 ბრძანება, არდაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი, დასაბეგრი ბრუნვით 1 713 020 ლარი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3-პროცენტიანი განაკვეთით (დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი დასაბეგრი ბრუნვით 1 713 020 ლარი. გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 -ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან მიღებული ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია, დასაბეგრი ბრუნვით 61 290 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საწარმოს ატვირთული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია დასაბეგრი ბრუნვით მხოლოდ 26 781,70 ლარის და არა 61 290 ლარის, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ზემოაღნიშნული მასალების ნაწილი შეძენილია სასაქონლო ზედნადებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი პირველ და მეორე სადაო საკითხთან დაკავშრებით, დაუსაბუთებელია.
გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, რომელმაც შემოწმების აქტში მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები (პირველი და მეორე):
1. ფაქტობრივი გარემოება 3%-იანი საშემოსავლო გადასახადი: შპს -------ს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი დასაბეგრი ბრუნვით 1 713 020 ლარი.
აუდიტორის შეფასება: საგადასახადო კოდექსის 1333 -ე მუხლის პირელი ნაწილში თანახმად ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დამატებით დაერიცხა ფიზიკური პირებისგან ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტიანი (დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად) თანხის 51 391 ლარი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
2. ფაქტობრივი გარემოება - გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი: შპს „-------“-ს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და სამრეწველო პროდუქცია დასაბეგრი ბრუნვით 61 290 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად.
აუდიტორის შეფასება: საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების 1ა პუნქტის თანახმად დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას სადავო პირველ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით - საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი დასაბეგრი ბრუნვით 1 713 020 ლარი, არ შეესაბამება სინამდვილეს. შესაბამისად ის გარემოება, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დამატებით დაერიცხა ფიზიკური პირებისგან მიღებული ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტი თანხის 51 391 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არის უკანონო და საფუძველს მოკლებული.
ასევე არ ეთანხმება სადავო მეორე საკითხთან დაკავშირებით აუდიტორის მიერ შემოწმების აქტში განვითარებული მსჯელობას, რომ შპს -------ს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და სამრეწველო პროდუქცია დასაბეგრი ბრუნვით 61 290 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად. შპს -------5-ს ელექტრონულ გვერდზე (www. Rs.ge) ატვირთული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (იხ. ანგარიშ-ფაქტურები: ეა------- –3 413 ლარი; ეა------- – 225 ლარი; ეა------- – 1 330 ლარი; ეა------- – 1 422 ლარი; ეა------- – 528,7 ლარი; ეა------- – 800 ლარი; ეა------- – 2 290ლარი; ეა------- – 4 160 ლარი; ეა------- – 220 ლარი; ეა------- – 1 522 ლარი; ეა------- – 10 870 ლარი). დადგენილია, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და სამრეწველო პროდუქცია დასაბეგრი ბრუნვით არა 61 290 ლარის, არამედ 26 781,7 ლარის. აუდიტორმა და შემოსავლების სამსახურმა ასევე არასწორად გამოიყენეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, რამაც გამოიწვია გადამხდელის მიმართ გადასახადის უკანონო დარიცხვა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება №15792 იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატამენტის 15.05.2025 წლის №9748 ბრძანება და მის საფუძველზე 15.05.2025 წლის გამოცემული №042-10 საგადასახადო მოთხოვნა, იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი დასაბეგრი ბრუნვით 1 713 020 ლარი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასდახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან მიღებული ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტი.
მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალის და სამრეწველო პროდუქციის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და სამრეწველო პროდუქცია დასაბეგრი ბრუნვით 61 290 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით (12 258 ლარი). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია, დასაბეგრი ბრუნვით 61 290 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით;
2. სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალის და სამრეწველო პროდუქციის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი. გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შედეგად, საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან მიღებული ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და სამრეწველო პროდუქცია, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 1333(1)