ბრძანება N 9213
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9213
28.04.2023
------- ის (პ/ნ -------- )
(მის.: ------------------)
2023 წლის 5 და 20 აპრილის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა -------ის (პ/ნ ---------) №80193/1/2023 და №80459/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის ID: ------- გადაწყვეტილებას და 2023 წლის 27 თებერვლის №-საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ გრანტის პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ შეიძინა ორი დანადგარი, რომელზეც 2023 წლის 23 თებერვალს მოითხოვა გრანტის სტატუსის მინიჭება. საბაჟო დეკლარაცია დაიბეჭდა 27 თებერვალს, ხოლო სტატუსის მიღებაზე დადებითი პასუხი მოუვიდა 28 თებერვალს და 2 მარტს, რის გამოც საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებაზე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ არის მცირე მეწარმე და მსგავს საკითხებში არ აქვს გამოცდილება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელის შემცირებას და გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 თებერვალს, საფოსტო გადამზიდავმა – შპს „-------“ (ს/ნ --------) ---------ის (პ/ნ ------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განახორციელა ამავე პირის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე № ----- და № ----- საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის (ღუმელი 2 ცალი) დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, № ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით. აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „საქონლის გაშვება ნებადართულია მხოლოდ ამ დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის შემდეგ“.
2023 წლის 27 მარტს ------- ემ № ----- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება იმ საფუძვლით, რომ საქონელს მინიჭებული ჰქონდა გრანტის სტატუსი (ID ---- 02.03.2023; ID ---- 28.02.2023).
მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის, საქონელს საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე უნდა ჰქონდეს მინიჭებული გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ უნდა იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან 2023 წლის 27 თებერვალს ----- ის მიერ განისაზღვრა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურა, ხოლო საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის 28 თებერვალს და 2 მარტს, შემოსავლების სამსახურის (ID ---- 27.03.2023 წ.) მიერ -------ეს უარი ეთქვა № ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული გადასახდელის შემცირებაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ.
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს გარკვეული დოკუმენტაცია.
ამევე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომლის მიხედვით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს ამავე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ხოლო, შემოსავლების სამსახური სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს მიანიჭებს გრანტის სტატუსს ან მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონლისათვის, რომელიც ფინანსდება გრანტებით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ).
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სპეციალური პროცედურა საშუალებას იძლევა, მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით.
ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათის გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი დანართი №8-II-03-ის შესაბამისად.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს და მის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით აიცილებელია საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე საქონელს მინიჭებული ჰქონდეს გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
დადგენილია, რომ 2023 წლის 27 თებერვალს ------- ის მიერ განისაზღვრა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურა, ხოლო საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის 28 თებერვალს და 2 მარტს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელს საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მხოლოდ ის გარემოება, რომ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების შემდეგ, არ შეიძლება გახდეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს 2023 წლის 27 თებერვლის №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: .
1. -------ის (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს 2023 წლის 27 თებერვლის №----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძნების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორი ითხოვს საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელის შემცირებას და გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოება
2023 წლის 27 მარტს მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება იმ საფუძვლით, რომ საქონელს მინიჭებული ჰქონდა გრანტის სტატუსი. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის, საქონელს საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე უნდა ჰქონდეს მინიჭებული გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ უნდა იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან 2023 წლის 27 თებერვალს მომჩივანის მიერ განისაზღვრა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურა, ხოლო საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის 28 თებერვალს და 2 მარტს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივანს უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული გადასახდელის შემცირებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელს საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მხოლოდ ის გარემოება, რომ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების შემდეგ, არ შეიძლება გახდეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
შესაბამისად, უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63; 173 „ც“;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქცია: (დანართი №12) 3 (1); 4 (4ა); (დანართი №8) 6 (2თ).
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულება; 5 (1)