ბრძანება N 24321
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24321
19 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „------“ (ს/ნ „------“)
(მის: „------“)
2024 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ „------“) №92413/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ 2024 წლის 16 ოქტომბრის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნას, №„------“ საბაჟო დეკლარაციას და დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 16 ოქტომბერს იმპორტის დეკლარაციას განესაზღვრა წითელი დერეფანი. მოხდა ტვირთის ჩამოცლა და გადათვლა, საქონლის რაოდენობა იდენტური იყო ინვოისში მითითებული რაოდენობის. გეზის წარმომადგენლის მიერ მიჩნეული იქნა, რომ ჩატარებულიყო კამერალური შემოწმება, რომლის შედეგად ექსპერტმა ჩათვალა, რომ პროდუქცია არის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი ფასით შემოტანილი, რის საფუძველზეც მოხდა დამატებით დღგ-ს დარიცხვა. კომპანიის მხრიდან ზეპირსიტყვიერად გაცხადებული იქნა, რომ ექსპერტის დასკვნას არ ეთანხმებოდა. მიუხედავად ამისა მოხდა საბაჟო დეკლარაციის დასრულება.
კომპანია დაფუძნების დღიდან ახორციელებს იდენტური პროდუქციის შემოტანას და განბაჟებას, ასევე მომწოდებელი კომპანიაც იდენტურია. განბაჟებული საქონლის 2024 წლის მარტის და ივნისის თვეების მონაცემები ადასტურებს, რომ ფასები არათუ დაიწია არამედ გაიზარდა ან დარჩა უცვლელი, რაც უნდა ენახა ექსპერტს და მოეხდინა შედარება. მაგალითად პოზიცია 138სმ PRINTED TABLECLOTH DECORAMA ფასი იყო 1,60$ (ივნისი) და 1.65$ (ოქტომბერი), 65სმ*40სმ ANTISLIP MATS 0.65$ (მარტი) და 0,7$(ოქტომბერი). სხვა დანარჩენი პოზიციების შედარება შესაძლებელია მოხდეს დანართი დოკუმენტების მიხედვით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაციის შესწორებას და ზედმეტად დარიცხული დღგ-ს დაკორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 9 ოქტომბერს შპს „-------- -ს “ (ს/ნ „------“) მიერ ელექტრონულად (განცხადება №„------“) წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №„------“ 03.10.2024; სატრანსპორტო ზედნადები ნ/გ 07.10.2024; პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი №------03.10.2024) საფუძველზე დარეგისტრირდა №„------“ საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით – „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის (სასადილო თეთრეული – 866.40 კგ; პლასტმასის იატაკის საფარი – 455.38 კგ) საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №„------“ საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
შპს „------- -ს “ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება; არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა; მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).
იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 16 ოქტომბრის №010474/2024 დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 4167.37 აშშ დოლარი (11347.75 ლარი), 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად – 1713.67 აშშ დოლარი (4666.32 ლარი). ხოლო შპს „------- -ს “ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 6988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება – 4666.32 ლარს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს:
საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის,გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, თუ სრულდება შემდეგი პირობა – არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს „------- -ს “ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება; არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა; მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).
საგულისხმოა ასევე, რომ არც დავის ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი მხარის მიერ ისეთი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია რაც შეცვლიდა საქმეზე უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ 2024 წლის 16 ოქტომბრის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნა, №„------“ საბაჟო დეკლარაცია და დარიცხული დღგ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------- -ს “ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო დეკლარაციის შესწორებას და ზედმეტად დარიცხული დღგ-ს დაკორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
38,43.