გადაწყვეტილება №19836/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19836/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19836/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19836/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31321 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-46 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10705 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 190 808,59 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 93 589

დღგ - 46 019

საშემოსავლო გადასახადი - 47 570

ჯარიმა - 46 818

საურავი - 50 401,59

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.10.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2020 წლის №001-332 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2021 წლის №5378 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის ფასნამატის) დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2021 წლის №5378 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2021 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ინფორმაციით გადაანგარიშებას დაექვემდებარა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი, რის შედეგად დღგ-ის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა სულ 4 441 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 976 ლარი, ხოლო ჯარიმა 1 465 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2021 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.11.2021 წლის №001-389 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.01.2022 წლის №2098 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.05.2022 წლის №15768/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.01.2022 წლის №2098 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 26.02.2021 წლის №5378 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მასალების შესწავლა დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რაც სადავო შემთხვევაში არ განხორციელებულა საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულებულად მიჩნევა არამართლზომიერია.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 27.05.2022 წლის №15768/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31321 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31321 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოს შემოსავლების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის დროს გამოყენებული ფასნამატი წარმოადგენს 29.09.2020 წლის №29203 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფასნამატს სხვადასხვა სახეობების მიხედვით, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას. აღნიშნულზე საწარმოს მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი არგუმენტები/მტკიცებულებები.

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ცხრილი მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატის შესახებ. შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა აღნიშნული ცხრილის შესწავლა, მაგრამ აღნიშნული ცხრილის მონაცემები არ დასტურდება დოკუმენტურად, შესაბამისად არ მოხდა საქონლის სარეალიზაციო ფასნამატის ცვლილება (შემცირება) და არ განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია გადასახადის გადამხდელი და განაცხადა წერილობით, რომ სხვა გაანგარიშებას ან/და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს, რითაც შეიძლება შემცირდეს აქტით დარიცხული თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №001-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10705 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო დოკუმენტურად დადასტურებული, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ამასთან, მომჩივანმა გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წერილობით განაცხადა, რომ სხვა მტკიცებულებას, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე, ვერ წარადგენდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმის შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და საქმე დაუბრუნა აუდიტის დეპარტამენტს ხელახალი გადაანგარიშებისთვის, არგუმენტაციის წარდგენისთვის განისაზღვრა 15 დღე, სამწუხაროდ აღნიშნულ დროში ვერ მოესწრო არგუმენტაციის სრულად მოგროვება, უფრო კონკრეტულად კი ალტერნატიული გადაანგარიშების ცხრილების დასრულებული სახით წარდგენა.

მომჩივანი ითხოვს კიდევ ერთხელ მოხდეს საქმის დაბრუნება აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამჯერად შეძლებს წარადგინოს არგუმენტაცია. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას, რათა მოხდეს შემმოწმებელთან ერთად მომჩივნის ჩართულობით ხელახალი გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31321 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ცხრილი, მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატის შესახებ. შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა აღნიშნული ცხრილის შესწავლა, მაგრამ აღნიშნული ცხრილის მონაცემები არ დასტურდება დოკუმენტურად, შესაბამისად არ მოხდა საქონლის სარეალიზაციო ფასნამატის ცვლილება (შემცირება) და არ განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია გადასახადის გადამხდელი და განაცხადა წერილობით, რომ სხვა გაანგარიშებას ან/და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს, რითაც შეიძლება შემცირდეს აქტით დარიცხული თანხები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31321 ბრძანების შესაბამისად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31321 ბრძანების აღსრულების შედეგები.

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ცხრილი, მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატის შესახებ. შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა აღნიშნული ცხრილის შესწავლა, მაგრამ აღნიშნული ცხრილის მონაცემები არ დასტურდება დოკუმენტურად, შესაბამისად არ მოხდა საქონლის სარეალიზაციო ფასნამატის ცვლილება (შემცირება) და არ განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია გადასახადის გადამხდელი და განაცხადა წერილობით, რომ სხვა გაანგარიშებას ან/და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს, რითაც შეიძლება შემცირდეს აქტით დარიცხული თანხები. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31321 ბრძანების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“)