ბრძანება N 14515
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14515
01 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----ის“ (ს/ნ ----) (მის.: -----)
2025 წლის 10 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „-----ის“ (ს/ნ -----) N 96140/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის N EL----- და N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო საწყობში დანაკლისი აღმოჩენილ იქნა შიდა აუდიტის ჩატარების დროს, რომლის შესახებაც ეცნობა საბაჟო დეპარტამენტს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----ის“ 2025 წლის 22 მაისის N -----/21-10-20 განცხადებით გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ ეცნობა, რომ საბაჟო საწყობის მიერ შიდა აუდიტის ჩატარების ფარგლებში აღმოჩენილ იქნა შემდგომი გარემოება, კერძოდ: შპს „----ის“ (ს/ნ ----) მიერ N ------ (07.12.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული იყო საჩივრის ავტორის საბაჟო საწყობში განთავსებული 2000 ერთეული ელ.სიგარეტი სითხესთან ერთად. ზემოაღნიშნული საბაჟო საწყობის დეკლარაციიდან შპს „-----ის“ მიერ განხორციელდა საქონლის ნაწილის (1000 ერთეული ელ.სიგარეტი სითხესთან ერთად) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება N ------ (24.12.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით, ხოლო დარჩენილი ნაწილი ვერ მოიძებნა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლითა და 176-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენას, შპს „-----ის“ მიერ სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 5 ივნისს შედგენილი N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, ასევე იმავე დღეს შედგენილ იქნა N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შპს „------სს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა შპს „-----თან“ (ს/ნ -----) ერთად სოლიდარულად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3435.98 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი მიუთითებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა (ჩადენილი განმეორებით). აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოშობს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----ის“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა (ჩადენილი განმეორებით). აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟოკოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172; 176 (2).