გადაწყვეტილება N 3/2355-17

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.11.2017
№ დოკუმენტი 3/2355-17
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

საქმე №3/2355-17

28 ნოემბერი, 2017 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ონიანი

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ი/მ ----------

წარმომადგენელი - ---

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 მარტის №5601 ბრძანება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმომადგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. 2007 წლის 23 მაისს ----------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიც რეესტრიდან (ს.ფ. 10-11)

3.2. 2016 წლის 24 აგვისტოს შპს -----------ის (გამყიდველი) მიერ შპს ----------ის (მყიდველი) მიმართ გამოწერილია №ელ-0257561178 ზე-ტყის სასაქონლო ზედნადები 20,55 მ3 ფიცარზე. ზედნადების მე-20 გრაფაში აღნიშნულია - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0256873960, 21.08.2016.

 

2016 წლის 26 აგვისტორ შპს ----------ის (გამყიდველი) მიერ ----------ის (მყიდველი) მიმართ გამოწერილია №ელ-0257561178 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლ მიხედვითაც, ოპერაციის შინაარსს წარმოადგენს ტრანტსპორტირებით, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი არის ----------, ----------, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - --------, სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 20,55 მ3 ფიცარზე. ზედნადების მე-20 გრაფაში აღნიშნულია - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0257561178, 24.08.2016.

 

2016 წლის 28 დეკემბერს 12:42 საათზე ---------ის მიერ გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, №ელ-02811951 13, რიმლის მიხედვითაც, ოპერაციის შინაარსს წარმოადგენს შიდა გადაზიდვა, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი არის თბილისი, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - გარდაბანი, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - ----------, მძღოლი - ---------- სასაქონლო ზედნადები გამოწერულია 10,52 მ3 ფიცარზე. ზედნდების მე-20 გრაფაში აღნიშნულია - ზე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0257954609, 26.08.2016.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №ელ-0257561178 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 76-78)

- №ელ-0257954609 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 73-75)

- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ-0281195113 (ს.ფ 13-15)

 

3.3 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს 2017 წლის 4 იანვრის №DES 9 17 00000425 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ეცნობა, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარდაბნის რაიონში, ----------ის მიმდებარედ გადამოწმების მიზნით გაჩერებულ იქნა „-----------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით -----------, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო დახერხილი ხე-მასალა. მძღოლმა --------მა განაცხადა, რომ ხე-ტყე გადაჰქონდა ელექტრონულად შევსებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით.

 

წერილში მითითებული, რომ სამმართველოს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევით და მოთხოვნილ იქნა შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირების განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს 2017 წლის 4 იანვრის №DES 9 17 00000425 წერილი (ს.ფ. 60)

 

3.4. 2017 წლის 26 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ----------ის მიმართ შედგენილ იქნა №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2016 წლის 28 დეკემბერს 15:25 საათზე გადამოწმდა -----------ის მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -----------, რა დროსაც დადგინდა, რომ --------- სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახდენდა 5000 ლარის ღირებულების 10 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ----------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 16)

 

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 10 იანვრის №42425/01/17 დასკვნის მიხედვით, ი/მ ----------ის კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის ნედლი ხე-მასალის (ჩამოგანული ფიცარი და ძელაკები) ჯამური რაოდენობა შეადგენს 10 მ2-ს. გამოკვლეული ხე-მასალის საორიენტაციო-საბაზრო ღირებულება, შეფასების თარიღისთვის, შეადგენს 5000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 10 იანვრის №42425/01/17 დასკვნ (ს.ფ.81-85)

 

3.6. 2017 წლის 10 თებერვალს ი/მ ----------მ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 მარტის №5601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 მარტის №5601 ბრძანება (ს.ფ.17-19)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებია განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრუს №996 ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოს ტყის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 იანვრის №160526 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 06 მარტის №5601 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახდო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადა დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახდო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასხდო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსიტ ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახდო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით სქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის პაქტის გამოვლენის მიზნით. სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, ხოლო მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების შეძენის ფაქტი გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით სა საქონლის ჩამორთმევას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით დადგენილია სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ხე-ტყის ტრანსპორტირებას. რაზედაც გამოწერილი უნდა ყოფილიყო ხე-ტყის საასქონლო ზედნადები. ამასთან, --------ის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელს შესრულებული ჰქონდა აღნიშნული ვალდებულება, რამეთუ მის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს 12:42 საათზე გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ-0281195113. მოპასუხის განმარტებით კი, ადგილი ჰქონდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების დადგენილი წესით შეუვსებლობას ფირნიშის ნომრების მიუთითებლობას, რაც უთანაბრდება სასაქონლო ხედნადების გამოუწერლობას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი: ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (სქონლის მიწოდება,რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი);

 

ამავე ბრძანებით 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში-ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) - ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12სმ-ზე მეტი (წვრილი თვის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ბ.ა) ფიცარზე - სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისადმ, ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქცის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა)მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული - ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები: ბ) ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადბი: გ) იმპორტის შემთხვევაში - იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი: ე) სსიპ -ეროვნულის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის და მთი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში - სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

 

ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 პუნქტის მიხედვით, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება, ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროსუქტის (ამ პუნქტის მიზნებისთვის შემდგომში - პროდუქტი) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ტყის კოდექსზე, რომლის მე-5 მუხლის „შ“ და „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხე-ტყე არის საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი, ხოლო მრგვალი ხე-ტყე (მორი) არის ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12 მს-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. ამავე მუხლის „წ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ სპეციალური ფირნიში არის ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილი დაემატა 2013 წლის 20 ნოემბერს №1583 კანონით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე სამართალდარღვევის დიფერენცირება არ ხდებოდა საქონლის სახეობის მიხედვით და სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საქონლის ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუმცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა სამართალდამრღვევისათვის ერთნაირ სამართლებრივ შედეგს იწვევდა. 2013 წლის 20 ნოემბრის №1583 კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია სამეწარმეო საქმიანობსათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადო დამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე სტრანსპორტირებისთვის, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრება. სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების მიმართ მუხლის ცალკე ნაწილის გამოყოფა და შესაბამისი უფრო გამკაცრებული სანქციის მისადაგება.

 

რაც შეეხება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებს, იგი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში გათვალისწინებულ იქნა ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვსიტოს №257 ბრძანებით და ამოქმედდა 2015 წლის 15 აგვისტოდან.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხე-ტყის მიძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ამავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევაში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი დამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფარნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმერი ფორმით გასხვისება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებულია პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო მეორე მხრივ, შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი). სასამართლო მიუთითებს, რომ მე-20 და მე-21 სტრიქონების შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის მოპოვება კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ამდენად, ხე-ტყის საასქონლო ზედნადების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაცვას. როდესაც პირი ავსებს ზედნადების ყველა პუნქტს არამედ მეწარმის მიერ მითითებული მონაცემები უნდა იყოს სწორი, შესაძლებელი უნდა იყოს საქონლის იდენტიფიკაცია. მით უფრო, რომ ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს და მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 და 21-ე სტრიქონებით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროა საქონლის ინდეტიფიკაციისა და მასზე უფლების კანონიერად მოპოვების გადამოწმების კუთხით, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რამდენად არის შესაძლებელი საქონლის იდენტიფიკაცია და დადასტურდეს ის ფაქტი, რომ ხე-ტყე გაიცა შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. ამრიგად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამოწმების ფაქტი გულისხმობს პირის მიერ მითითებულ მონაცემებთან ტრანსპორტირებული საქონლის შესაბამისობის გადამოწმებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება, რომ ერთსა და იმავე დოკუმენტებსა და ფირნიშის ნომრებზე მითითებით შეასრულოს სხვადასხვა ხე-ტყის ტრანსპორტირება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და საქონლის ინდეტიფიკაციის გარეშე. აღნიშნული ცალსახად ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების წინაპირობას, რადგან სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობა მოიცავს არა მხოლოდ ზედნადების სრულ არარსებობას, არამედ ზედნადების მხოლოდ ფორმალურ გამოწერას, როდესაც მასში მითითებული მონაცემები არასწორი და ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა. გამორიცხავს ზედნადების შემოღების მიზნების მიღწევასა და კონტროლის განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 2016 წლის 28 დეკემბერს ----------ის მიერ გამოწერილია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ-0281195113, თუმცაღა ზედნადების მე-20 გრაფაში აღნიშნულია - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-0257954609, 26.08.2016, ფირნიშებზე მითითებას კი სასაქონლო ზედნადები არ შეიცავს. ამდენად, შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლით მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირებას ახდენს მოსარჩელე. ხომ არ მომხდარა უკვე მისი ტრანსპორტირება და რეალიზაცია, ხე-ტყის იდენტიფიცირება ვერ ხდება, დაირღვა მისი ტრანსპორტირების წესები და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შემოღების მიზანიც არ არის მიღწეული. ამრიგად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საქპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადაიხდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ი/მ ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდენარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მისამართლე თამარ ონიანი