ბრძანება N 31308
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31308
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ს (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს "------" -ს (ს/ნ "------") 2023 წლის 6 ნოემბრის №84696/1/2023 და №84697/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №007-287 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ საწარმოს გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში.
2.გადამხდელი არ ეთანხმება გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შპს N1-თან 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობდა სამშენებლო მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებში მშენებლობის გარკვეულ ეტაპზე ხორციელდებოდა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და თანხის ანაზღაურება, ხოლო იმ ნაწილზე, რომელზეც შემოწმებით განისაზღვრა ვალდებულებები, საწარმოს მხრიდან არ გამოწერილა ანგარიშ-ფაქტურა და არც ფულადი/არაფულადი ანაზღაურება მიუღია, არამედ აღნიშნული ფირმის ხელმძღვანელობამ დატოვა საქართველოს ფარგლები და მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ითხოვს, აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17438 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. მომჩივანის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტები, საწარმოს მიერ, ბუღალტრულად დარიცხული და აღრიცხულია, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუ არ დადასტურდება თანხის მიღება, განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17438 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 74 381 ლარი, მათ შორის, გადასახადი 49 587 ლარი, ჯარიმა 24 794 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 ოქტომბრის №007-287 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საწარმოს მიერ გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).
გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ შპს N1-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ვინაიდან, როგორც აღნიშნავს, ვერ მოახერხა კომპანიის უფლებამოსილ პირებთან დაკავშირება. შესაბამისად, გადაანგარიშებით, აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას. ასევე, პირმა დამატებით წარმოადგინა შპს N2-ის დირექტორის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, მომჩივანს შპს N2-სგან ანაზღაურება არ მიუღია. წარმოდგენილი განმარტების შესწავლის შედეგად, პირს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 49 587 ლარის ოდენობით და ჯარიმა 24 794 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე სესხის ხელშეკრულება ტექნიკური შეცდომის გამო (ელექტრონული ფოსტის შეცდომის გამო) ვერ იქნა წარდგენილი. ამასთან, გადამხდელს საჩივრებზე თანდართული აქვს სესხის ხელშეკრულება და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მონაცემები შესაბამისობაშია წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ ასახულ და აღრიცხულ მონაცემებთან. შედეგად, გადამხდელი ითხოვს დამატებით დარიცხული გადასახადის გადაანგარიშებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული სესხის ხელშეკრულება და და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ საწარმოს ბუღალტერიაში გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ შპს N1-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. შესაბამისად, გადაანგარიშებით, აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას. ასევე, პირმა დამატებით წარადგინა შპს N2-ს დირექტორის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, მომჩივანს შპს N2-სგან ანაზღაურება არ მიუღია. წარმოდგენილი განმარტების შესწავლის შედეგად, პირს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 49 587 ლარის ოდენობით და ჯარიმა 24 794 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------.“-ს (ს/ნ "------" ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული სესხის ხელშეკრულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ საწარმოს ბუღალტერიაში გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3.დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას.
2.გადამხდელი არ ეთანხმება გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17438 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები,მათ შორის, გადასახადი , ჯარიმა.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 ოქტომბრის №007-287 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული სესხის ხელშეკრულება და და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ საწარმოს ბუღალტერიაში გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
97,982,101,154.