ბრძანება N 5609

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5609
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5609

22.03.2023

შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------------)

(მის: ---------------------------------------)

2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) №24344/01 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ №-----------) გავრცელებულ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინებას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება იკისრა შპს ------ს --------მა თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) მხრიდან ვალდებულებები არ შესრულებულა. შპს -------ს --------ნი მოცემულ შემთხვევაში და მოცემულ დავალიანებასთან მიმართებით გადასახადის გადამხდელი არ არის. გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომლის თანახმად, --------ს -------ნი ვალდებული პირია და ეს ვალდებულება მომდინარეობს თავდებობის ხელშეკრულებიდან.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა კვლავ გააფორმა შპს „---------------------“-თან საგადასახადო შეთანხმება. ამ უკანასკნელით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შპს -------ს --------ნს აღარ უკისრია, მისი ნება ამ შეთანხმების გაფორმების დროს არ გამოხატულა. თუ ადმინისტრაციული ორგანო, გაუქმებული შეთანხმების მიუხედავად მაინც თავდებად მიიჩნევდა შპს -------ს --------ნს 2021 წლის აგვისტოს თვეშიც, მაშინ მისი პოზიციით მაინც უნდა დაინტერესებულიყო.

შპს -------ს --------ნის მიერ უძრავი ქონება (ს/კ №0---------------------) გასხვისებულ იქნა შპს -------ს --------------------ნზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ №-------------) გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------------“-ას (ს/ნ -----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო შპს „---------ს -------------“-ის (ს/ნ -------------------), როგორც თავდების, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №----------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის -- აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №-------- მესაკუთრე არის შპს „-------------“-ი (ს/ნ -------------) (2020 წლიდან ახალი სახელწოდებით შშპს „---------ს -------------“-ი (ს/ნ --------------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის -- აგვისტო. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2019 წლის -- აგვისტო).

ამავე ამონაწერის თანახმად №------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფიქსირდება შპს „---------ს -------------“-ს (ს/ნ -------------------) (2020 წლამდე სახელწოდებით შპს „---------ს -------------“-ი (ს/ნ -------------------) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის -- ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №---------------------- ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „-------------------“-ი (ს/ნ -------------------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის - ოქტომბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შეთანხმება ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, დამოწმების თარიღი: 2021 წლის -- ოქტომბერი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ამავე ამონაწერის თანახმად №----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ ფიქსირდება შპს „---------ს -------------“-ს (ს/ნ ---------) (2020 წლამდე სახელწოდებითშპს „---------ს -------------“-ი (ს/ნ -------------) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის -- აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №-------------------- მესაკუთრე არის შპს „-------------------“-ი (ს/ნ -------------------) (2020 წლიდან ახალი სახელწოდებით შპს „---------ს -------------“-ის (ს/ნ -------------------)). აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის -- ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №---------------- ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „-------------------“-ი (ს/ნ -------------------) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უძრავი ქონების (ს/კ №--------------) მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---------ს -------------“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოება

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „X-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, შპს „Y-ს, როგორც თავდებს, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 2020 წლის 16 აპრილის შეტყობინებით გაუვრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება საჩივრის ავტორი. რომლის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ამავე ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ ფიქსირდება შპს „Y-ის, მიმართ 2020 წლის 16 აპრილის შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239; 265.