ბრძანება N 19888
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19888
10 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 31 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 31 ივლისის №97267/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №005-115 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს 1 არარეზიდენტ კომპანიასთან - „------“ დაკავშირებით. მიუთითებს, რომ „-------“-მა გაუწია შპს „-------“ მარკეტინგული მომსახურება ------- ტერიტორიაზე შპს „---------“ პრეპარატების ჰოსპიტალური და სადილერო ქსელში გაყიდვების სისტემის ასაწყობად, რასთან დაკავშირებითაც აქვს წარმოდგენილი შესაბამისი პირველადი დოკუმენტები: მარკეტინგული მომსახურების კონტრაქტი მხარესთან, მომსახურების გაწევის ინვოისები და შესაბამისი შედარების აქტიც, სადაც ასახულია კომპანიის დავალიანება. მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება, ვინაიდან მომსახურების გაწევიდან გასულია 5-6 წელი.
2. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შესამცირებელია დარიცხული ჯარიმა, ვინაიდან აღემატება დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს და საურავის ოდენობაც შესამცირებელია, ვინაიდან 3 წელზე მეტი ვადით არის დარიცხული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 29 ნოემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 26 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ
74 571 ლარი, მათ შორის: გადასახადი 50 421 ლარი, ჯარიმა 24 150 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №005-115 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია (აღნიშნული წარმოდგენილი იყო დავების ეტაპზე). ანალიზის შედეგად, გარკვეულ ოპერაციებთან მიმართებაში შეიცვალა კვალიფიკაცია და შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შემდეგ კომპანიებთან მიმართებაში: ------ და ------ წარმოდგენილი იყო შეთანხმებები, ხელშეკრულებები, ახსნაგანმარტებები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული მოთხოვნების ნამდვილობა და მიზნობრიობა. ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ იყო, ამასთანავე, ბუღალტრული პროგრამა (მოთხოვნების ნაწილში) არ იყო გადახურული და შეიცავდა არსებით უზუსტობებს, ხოლო გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ წერილობითი (კომენტარის სახით) განმარტებები, შესაბამისად, შემოწმების ეტაპზე ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი.
გადაანგარიშების ეტაპზე დარჩენილ კონტრაქტორებთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, ხოლო ნაწილ შემთხვევებში საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დადგინდა გადარიცხული თანხების მიზნობრიობა ან/და ნაშთად არსებული მოთხოვნების რეალურობა, გარკვეულ შემთხვევებში დღეის მდგომარეობით კვლავ არ არის მიღებული ანაზღაურების სანაცვლოდ საქონელი ან/და მომსახურება. მსგავს შემთხვევებში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული), რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და ანალიზის შედეგად, 2 არარეზიდენტ კომპანიასთან მიმართებაში (------) შეიცვალა კვალიფიკაცია და შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, წარმოდგენილი იყო შეთანხმებები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტებები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული მოთხოვნების ნამდვილობა და მიზნობრიობა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაანგარიშების ეტაპზე -------თან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დადგინდა გადარიცხული თანხების მიზნობრიობა და ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
დარიცხულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
დარიცხულ საურავთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: 21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით განსაზღვრული წესით.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს
2. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია (აღნიშნული წარმოდგენილი იყო დავების ეტაპზე). ანალიზის შედეგად, გარკვეულ ოპერაციებთან მიმართებაში შეიცვალა კვალიფიკაცია და შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ იყო, ამასთანავე, ბუღალტრული პროგრამა (მოთხოვნების ნაწილში) არ იყო გადახურული და შეიცავდა არსებით უზუსტობებს, ხოლო გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ წერილობითი (კომენტარის სახით) განმარტებები, შესაბამისად, შემოწმების ეტაპზე ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი. გადაანგარიშების ეტაპზე დარჩენილ კონტრაქტორებთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, ხოლო ნაწილ შემთხვევებში საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დადგინდა გადარიცხული თანხების მიზნობრიობა. საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);304(21)