ბრძანება N 14538
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14538
23.06.2023
ი/მ -------- (ს/ნ --------)
(მის.: -------------)
2023 წლის 8 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) №98059/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №056-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ითხოვს საქმის ხელახალ შესწავლას. აცხადებს, რომ უცნობია საქონლის თვითღირებულების დასადგენად რა ინფორმაცია იყო გამოთხოვილი საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელსაც შედარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. მეწარმის მხრიდან თვითღირებულების სისწორის დადგენის მიზნით პირველადი დოკუმენტების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა საბაჟო დეკლარაციები, რომელიც იძლეოდა თვითღირებულების დადგენის საშუალებას. უსაფუძვლოდ თვლის მოპარული საქონლის (საბურავების) რეალიზებულად ჩათვლას.
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 303-ე მუხლის საფუძველზე საჩივრის განხილვის შეჩერებას ადმინისტრაციული წარმოების მასალების (მათ შორის, ინვენტარიზაციის მასალების) მისაღებად და სრულყოფილად გასაცნობად (ვინაიდან გადაანგარიშებასთან დაკავშირებით მიღებული მასალის დეტალური გაცნობა და გარჩევა შეუძლებელია მათი ცუდი ასლის გამო) და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენის შესაძლებლობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7737 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 ნოემბრის №056-85 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ -------- (ს/ნ ------) 2021 წლის 21 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ,,-------“ (პ/ნ -------) 2021 წლის 21 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით :
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7737 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 147 407 ლარი, მათ შორის, გადასახადი 98 311 ლარი და ჯარიმა 49 096 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 აპრილის №056-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გადამხდელმა ექსელის ფაილის სახით წარმოადგინა დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთანავე, გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა შემოწმების პროცესში დადგენილი, თითოეული დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამის შეძენებთან გაკეთებული დაკავშირებები, დაზუსტდა საქონლის სახეობებთან დაკავშირებები, შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით შესწავლილ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა 2019-2020 წლებში რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულებაში. შესაბამისად, გაიზარდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გასათვალისწინებელი ხარჯი. ამასთანავე, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შესაბამისად შემოსავლები გადანაწილებული იყო დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შემოწმებით განსაზღვრული იყო შესაბამისი წლიური სმფ-ების ნაშთები, გადაანგარიშებით ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია სმფ-ების ნაშთების ოდენობების ცვლილებაც. გადაანგარიშებით გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 147 407 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში ასახული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთან, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სისწორის ამსახველი პირველადი დოკუმენტები, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციით შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და დაკორექტირდა ფასნამატი. ამასთან, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები. გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 47 407 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ითხოვს საქმის ხელახალ შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გადამხდელმა ექსელის ფაილის სახით წარმოადგინა დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთანავე, გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა შემოწმების პროცესში დადგენილი, თითოეული დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამის შეძენებთან გაკეთებული დაკავშირებები, დაზუსტდა საქონლის სახეობებთან დაკავშირებები, შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით შესწავლილ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა 2019-2020 წლებში რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულებაში. შესაბამისად, გაიზარდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გასათვალისწინებელი ხარჯი. ამასთანავე, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შესაბამისად შემოსავლები გადანაწილებული იყო დღგის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შემოწმებით განსაზღვრული იყო შესაბამისი წლიური სმფ-ების ნაშთები, გადაანგარიშებით ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია სმფ-ების ნაშთების ოდენობების ცვლილებაც. გადაანგარიშებით გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 147 407 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).