გადაწყვეტილება №19145/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19145/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ს 19.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19145/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №007-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მარტის №4597 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 14 543.63 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 14 216.65
საურავი - 326.98
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები. კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-------, ეა------, ეა------, ეა-------, ეა-------, ეა----- და ამავე პერიოდის დეკლარაცია. გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 216.65 ლარი, დასაბეგრი ოპერაციების დეკლარირებული (დეკლარაციის №------) დღგ-ის თანხამ - ნული. სხვაობამ დეკლარირებულ დღგ-ის თანხასა და დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების) მიხედვით არსებულ დღგ-ის თანხას შორის შეადგინა 14 216.65 ლარი.
2023 წლის იანვარში გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში, თუმცა გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №001803 ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 14 216.65 ლარი, რომლის საფუძველზე წარედგინა 2023 წლის 30 იანვრის №007-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მარტის №4597 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილით, 159-ე მუხლის პირველ ნაწილით, 43-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 იანვრის №007-1 საგადასახადო მოთხოვნა (2023 წლის 30 იანვრის №001803) გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომსახურების მიმღებთან უნდა დაკორექტირდეს მომსახურების ღირებულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 14 216.65 ლარს. მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. გამომდინარე აქედან, მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების და წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის დარიცხვის შესახებ და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თვლის,რომ მომსახურების მიმღებთან უნდა დაკორექტირდეს მომსახურების ღირებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 216.65 ლარი, დასაბეგრი ოპერაციების დეკლარირებული დღგ-ის თანხამ - ნული.
მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში, თუმცა გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 14 216.65 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის დარიცხვის შესახებ და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
159(1),61(3)
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების :54(2)