გადაწყვეტილება №21913/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 21913/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21913/2/2024

22 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21913/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №028-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33167 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

1 838 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 1 799

საურავი - 39

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს მიერ შესწავლილ იქნა მომჩივნის 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 2 100 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. 2023 წლის 4 ნოემბერს გადასახადის გადამხდელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია. მომჩივანმა განმარტა, რომ დაუბეგრავ დოკუმენტებში არასწორად ჰქონდა მითითებული საქონლის დაბეგვრის ტიპი, კერძოდ, „ჩვეულებრივი“, ნაცვლად „ნულოვანისა“, რაც წარმოშობდა დღგ-ის დაუბეგრავ ბრუნვას. გადასახადის გადამხდელს მიეცა დამატებითი დრო, რომ გაესწორებინა არასწორად გამოწერილი ფაქტურები და ზედნადებები. მან განაცხადა, რომ სრულად ვერ შეძლებდა დოკუმენტების ჩასწორებას, რადგან ამ ფაქტურების საფუძველზე მყიდველებს მიღებული ჰქონდათ ჩათვლა. 2023 წლის 29 ნოემბერს, განმეორებითი შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა 1799 ლარი. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 29 ნოემბრის №002224 ბრძანების და ამავე თარიღის №028-3 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, განხორციელდა მომჩივანზე 1 799 ლარის დღგ-ის თანხის დარიცხვა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33167 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს დაევალა წარადგინოს მტკიცებულებები (მათ შორის, გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურები და კორექტირებული ზედნადებები), ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33167 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 43-ე, 61-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა დაევალოს, 15 კალენდარული დღის ვადაში, წარადგინოს მტკიცებულებები (მათ შორის, გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურები და კორექტირებული ზედნადებები), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს კი დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ნოემბერის თვის დღგ-ის დეკლარაციის ნაწილში არასწორად იქნა სასაქონლო ზედნადებში მითითებული დასაბეგრი საქონლის სახეობა ანუ ნაცვლად ნულოვანისა ჩვეულებრივი მიეთითა, რამაც გამოიწვია სხვაობა. მომჩივანი ითხოვს, მის მიერ ატვირთული ზედნადებებიდან დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში ჩაეთვალოს ყველა გარდა სულგუნისა, ვინაიდან ის არის დაუბეგრავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა 1 799 ლარი, რისთვისაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი საურავი. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და გადასახადის გადამხდელს მისცა შესაძლებლობა წარადგინოს მტკიცებულებები (მათ შორის, გაუქმებული ანგარიშფაქტურები და კორექტირებული ზედნადებები), ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 29 ნოემბრის №002224 ბრძანების და ამავე თარიღის №028-3 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, განხორციელდა მომჩივანზე 1 799 ლარის დღგ-ის თანხის დარიცხვა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33167 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33167 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158; 159.