ბრძანება N 4374
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4374
07.03.2023
----------------- (პ/ნ-------------)
(მის: ---------------------------)
2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა ---------ის (პ/ნ --------) №20509/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის №000768/2023 ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმს და 2 თებერვლის №20010/1432276 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ გადასახდელს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის თებერვლის თვეში ამანათით მიიღო პირადი მოხმარების ნივთები, რომელის ნაწილი იყო მეორადი, ხოლო ნაწილი - ახალი. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოხდა ნივთების დეკლარირება და გადასახადების დარიცხვა. ვინაიდან, ნაწილი ნივთების არის ახალი, წარმოადგინა ინვოისები ჯამური ღირებულებით 526.62 აშშ დოლარი. ამანათში ასევე იყო დეენემის ტესტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 აშშ დოლარს, მაგრამ ვინაიდან არის საჩუქარი, მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. რაც შეეხება მეორად საქონელს, მომჩივანი მიუთითებს, რომ არის პირადი სარგებლობის ნივთები და მათი ჯამური ღირებულება არ აღემატება 100 აშშ დოლარს. აღნიშნულზე მითითებით არ ეთანხმება საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმში მითითებულ საორიენტაციო ღირებულებას და ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის კორექტირებას მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 იანვარს, საფოსტო გადამზიდავი – შპს „----------------“ (ს/ნ-------------) მიერ განხორციელდა, ------------ის (პ/ნ ------------) სახელზე შემოტანილი №-----------US საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება. აღნიშნული საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოს წარედგინა გადამზიდავის მიერ მომზადებული „დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1“-ით.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება. ვინაიდან, საფოსტო გზავნილზე, მიმღების მიერ არ იქნა წარმოდგენილი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერება.
2023 წლის პირველ თებერვალს, ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ფიზიკური პირის პირადი მოხმარების საქონელი) დათვალიერების შედეგად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმი (№000768/2023), რომლის მიხედვითაც, №------------US საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 2 992 ლარი.
ვინაიდან, ---------------- (პ/ნ -----------------) დაეთანხმა საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმით (№000768/2023) განსაზღვრულ საორიენტაციო ღირებულებას (2 992 ლარი) და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით არ მოუთხოვია ექსპერტიზის ჩატარება, მითითებული ღირებულების საფუძველზე დარეგისტრირდა №------------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა №-------------------US საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი და -------------ეს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 598.78 ლარის ოდენობით.
№20010/1420715 საბაჟო დეკლარაციით დარიცხული მონაცემების სისწორეს ---------------------- დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და საფოსტო გზავნილმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო ორგანოს წარედგინება გადამზიდავის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტი აზუსტებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდავი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. მე-7 პუქნტის მიხედვით კი, საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 22-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს, რომ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვის შესახებ მიიღება საფოსტო გზავნილების გადამზიდველის ან გზავნილის მიმღების მიერ იმ შემთხვევაში, როდესაც გზავნილს არ გააჩნია ღირებულების ამსახველი დოკუმენტი ან/და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად გზავნილის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 300 ლარზე მეტს, ხოლო ფიზიკური პირის გზავნილის შემთხვევაში 3000 ლარზე მეტს. მე-15 პუნქტის მიხედვით, კი იმ შემთხვევაში თუ გზავნილის მიმღები არ ეთანხმება საფოსტო გზავნილების გადამზიდველის დეკლარირებულ ან/და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდოდ განსაზღვრულ ღირებულებას, საფოსტო გზავნილის ჩაბარებამდე მას თავისი ხარჯით შეუძლია მოითხოვოს საბაჟო ღირებულების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ან დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. მე-2 ნაწილის “გ“ პუნქტით, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების შეტანა არ შეიძლება შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ.
დადგენილია, რომ მომჩივნის სახელზე შემოტანილი საფოსტო გზავნილი საბაჟო ორგანოს წარედგინა გადამზიდავის მიერ მომზადებული „დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1“-ით. განხორციელდა საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება. ვინაიდან, საფოსტო გზავნილზე, მიმღების მიერ არ იქნა წარმოდგენილი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერება და მის საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 2 992 ლარი.
დადგენიალია ასევე, რომ მომჩივანს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით არ მოუთხოვია ექსპერტიზის ჩატარება და დაეთანხმა საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმით (№000768/2023) განსაზღვრულ საორიენტაციო ღირებულებას, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა №--------------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 598.78 ლარის ოდენობით.
ამასთან, №--------------- საბაჟო დეკლარაციით დარიცხული მონაცემების სისწორეს ფ/პ --------------- დაეთანხმა ხელმოწერით და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ---------------- (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.