გადაწყვეტილება №20028/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 20028/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 20028/2/2023

14 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20028/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23830 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის №006-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12105 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 249 722 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 141 000

ჯარიმა - 70 500

საურავი - 38 222

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №006-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23830 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23830 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის, 25.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.01.2023 წლის №006-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12105 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 28.10.2020 წლიდან. ფართები, რომლებიც მის მიერ იყო რეალიზებული 2020 წლის დეკემბრიდან, შეძენილია შპს -------- (ს/ნ -------) 27.11.2020 წელს და შპს --------- (ს/ნ ---------) 16.11.2020 წელს (ორივე მომწოდებელი ორგანიზაცია იმ დროიდან დღგ-ის გადამხდელია). აღნიშნულ სარეალიზაციო ფართებზე მომწოდებელ ორგანიზაციებს არ გამოუწერიათ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად მომჩივანს არ მიუღია დღგ-ის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23830 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის მიერ მოთხოვნილ იქნა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები მომწოდებელი კომპანიებისგან. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 17.07.2022 შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა შპს --------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ნებართვაზე. ვინაიდან უკვე ოქტომბრის თვე იყო და პასუხი არ ჰქონდა ალუ ჯგუფს, მეორედ 17.10.2022 წელს კვლავ მიმართა მოთხოვნით. ამჯერად, 25.10.2022 წელს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა 17.07.2022 წლის განცხადებას განუსაზღვრა უარყოფითი სტატუსი და 17.10.2022 წლის განცხადება დააკმაყოფილა. ვინაიდან ამ პერიოდში ადამიანი, ვისაც წვდომა ჰქონდა www.rs.ge-ზე კოვიდ19-ით იყო ავად და იზოლაციაში იმყოფებოდა 31.10.2022 წელს გახსნა გადაწყვეტილება თანხმობის შესახებ, მაგრამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შესაძლებლობა არ მიეცა 3 დღიანი ვადის ამოწურვის გამო. შპს ---------- 31.10.2022 წელს დაწერა განცხადება მესამედ და ვინაიდან კვლავ არ იყო არანაირი რეაგირება მეოთხედ 9.12.2022 წელს დაწერა განცხადება, რომელზე პასუხის დღემდე არ მიუღია. ვინაიდან მარტის თვემდე კვლავ არ იყო არანაირი რეაგირება მეხუთედ 13.03.2023 წელს დაწერა განცხადება რომელზე პასუხის დღემდე არ მიუღია. ზემოთ აღნიშნული განცხადებების (31.10.2022 წ; 9.12.2022 წ; 13.03.2023 წ.) სტატუსი დღემდე არის „განიხილება“, თუმცა განცხადების განხილვის ვადა 10 სამუშაო დღეა.

რაც შეეხება შპს ---------- მას დავალიანების გამო მინიჭებული აქვს დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. კვალიფიციური სტატუსის მისანიჭებლად ატვირთული აქვს განაცხადი (ID ----------), რომელზეც ელოდება პასუხს შემოსავლების სამსახურიდან.

ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას ყოველივე ზემოაღნიშნული და აღდგენილი იყოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლება. ითხოვს, მიეცეს საშუალება აღნიშნულ ორგანიზაციებს გამოწერონ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები და მომჩივანს აღუდგეს ჩათვლის უფლება. ასევე, ჩასათვლელი თანხის გათვალისწინებით დაკორექტირდეს დარიცხული ჯარიმა და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

მომჩივანი 13.07.2023 წლის განცხადებით მიუთითებს, რომ წარმოდგენილი აქვს დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23830 ბრძანების გათვალისწინებით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12105 ბრძანება;

3. დაევალოს საბჭოს აპარატს აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს 21.06.2023 წლის №20028/2/2023 წლის საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტის შესწავლა. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება (შემცირება) შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23830 ბრძანების გათვალისწინებით და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23830 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.01.2023 წლის №006-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12105 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;173(1);174(1ა,2)