ბრძანება N 22629

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.09.2023
№ დოკუმენტი 22629
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22629

14.09. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---------- ----------ის (პასპ.ნ -------------)

(მის: ----------------------------------------)

2023 წლის 25 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ---------- ----------ის (პასპ.ნ -------------) №145529/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 24 აგვისტოს №EL221206 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებითი ავზი დამონტაჟდა 2019 წელს ოფიციალურად და კომპანია „DAF”-ი გამოასწორებს აღნიშნულ შეცდომას რათა მონაცემები იყოს სწორი და ოფიციალურად მის ავტომობილზე ფიქსირდებოდეს ორი საწვავის ავზი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 24 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა უკრაინის მოქალაქე ----- ------ის მართვის ქვეშ მყოფი, უკრაინაში რეგისტრირებული, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი დატვირთული სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებული იყო დაახლოებით 850 და 400 ლიტრიანი საწვავის ავზები, რომლებიც სავსე იყო დიზელის ტიპის საწვავით, თუმცა ქარხანა-დამამზადებელს კონკრეტულ მოდელზე მითითებული აქვს ერთი ცალი 850 ლიტრის ტევადობის საწვავის ავზი, შესაბამისად ზემოაღნიშულ პიროვნებას აღმოაჩნდა არადეკლარირებული, დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 24 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL221206 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

პიროვნება არ დაეთანხმა სამართალდარღვევის ფაქტს, მაგრამ ჩაიბარა მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რაც დაადასტურა შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.

ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის შემოტანა შეზღუდულია.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები აზუსტებს: 5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი სტანდარტით გათვალისწინებული აქვს ერთი - 850 ლიტრის ტევადობის საწვავის ავზი. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევზე კი დამონტაჟებული იყო დაახლოებით 850 და 400 ლიტრიანი საწვავის ავზები, რომლებიც სავსე იყო დიზელის ტიპის საწვავით. შესაბამისად მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული, დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთ ავზში მოთავსებული საწვავი არ განიხილება დეკლარირებულ საქონლად და მის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

მომჩივანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ---------- ----------ის (პასპ.ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებითი ავზი დამონტაჟდა 2019 წელს ოფიციალურად და კომპანია „DAF”-ი გამოასწორებს აღნიშნულ შეცდომას რათა მონაცემები იყოს სწორი და ოფიციალურად მის ავტომობილზე ფიქსირდებოდეს ორი საწვავის ავზი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი, უკრაინაში რეგისტრირებული, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი დატვირთული სატვირთო ავტომანქანა.

ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებული იყო დაახლოებით 850 და 400 ლიტრიანი საწვავის ავზები, რომლებიც სავსე იყო დიზელის ტიპის საწვავით, თუმცა ქარხანა-დამამზადებელს კონკრეტულ მოდელზე მითითებული აქვს ერთი ცალი 850 ლიტრის ტევადობის საწვავის ავზი, შესაბამისად ზემოაღნიშულ პიროვნებას აღმოაჩნდა არადეკლარირებული, დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

მომჩივანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.

სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL221206 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა .

პიროვნება არ დაეთანხმა სამართალდარღვევის ფაქტს, მაგრამ ჩაიბარა მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რაც დაადასტურა შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:173( „ს“); 194(5 „გ“); 302(6);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 6; 70(1); 163(1); 168(4,5);

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 , მე-6 და მე-8 პუნქტები;