გადაწყვეტილება №18180/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18180/2/2022
03.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 13.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18180/2/2022)
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 31 აგვისტოს №236-8 საგადასახადო
მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26597 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 9 203 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 992
საურავი - 211
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა კომპანიის 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-------, ეა-------, ეა--------, ეა--------, ეა--------, ეა--------, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. შესწავლილი იქნა აღნიშნული პერიოდის საგადასახადო დოკუმენტები, ანგარიშ-ფაქტურები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა სხვაობა ივნისის თვეში, დღგ-ის თანხა - 8 992 ლარი. ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით №-------- დეკლარირებულმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 0 ლარი.
2022 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება. განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც მომჩივანმა განაცხადა, რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში. თუმცა, გადასახადის გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის 31 აგვისტოს №001527 ბრძანების მიხედვით, საწარმოს მიმართ განხორციელდა 8 992 ლარის დარიცხვა და გამოიცა №236-8 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 22 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 20 ოქტომბრის №26597 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 43-ე, 61-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 31 აგვისტოს №236- 8 საგადასახადო მოთხოვნა (2022 წლის 31 აგვისტოს №001527 ბრძანება) გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დასაკორექტირებელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მომსახურების მიმღებთან დასაზუსტებელია მომსახურების თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 8 992 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, საწარმოს მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დასაზუსტებელია მომსახურების მიმღებთან.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე მდგომარეობით, ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა კუთვნილი დღგ-ის დარიცხვა, არ არის დაკორექტირებული/გაუქმებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.