გადაწყვეტილება №20686/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20686/2/2023
02 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20686/2/2023).
დავის საგანი:
დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №188280 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19535 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №21-14/45538 წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნისგან მოთხოვნილ იქნა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული წერილი მომჩივანს ელექტრონულად ჩაბარდა იმავე დღეს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ 2023 წლის 15 ივნისს შედგა №188280 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის 2023 წლის 8 აგვისტოს №19535 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის 2023 წლის 6 ივნისის №21-14/45538 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის N 21-14/45538 წერილის მიხედვით მოთხოვნილ იქნა „საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული კაპიტალის და მოგება-ზარალის საწყისი ნაშთების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ხელმოწერით დადასტურებული 01.01.2020 წლამდე პერიოდის მოგება-ზარალის და საწესდებო კაპიტალის ბარათის ამონაწერები, ასევე, საწესდებო კაპიტალის გაზრდის/შემცირების შესახებ გაფორმებული გადაწყვეტილებები, საწესდებო კაპიტალში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანის/შემცირების დამადასტურებელი დოკუმენტები; 01.01.2020 წლამდე პერიოდის ბრუნვითი უწყისები"
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მაშასადამე მოთხოვნილ იქნა ხანდაზმულ პერიოდზე ინფორმაცია. მომჩივანს არ აქვს აღნიშნული ინფორმაცია, ვინაიდან არ ახორციელებს ხანდაზმული ინფორმაციის დაარქივებას. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საგადასახადო ორგანო ადრეულ ეტაპზე, როდესაც მათ მეილზე კომუნიკაციის გზით მოსთხოვეს აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან გამოგზავნილი წერილის მიხედვით გადავადების შესახებ უნდა გვეცნობებინა შემოსავლების სამსახურისათვის.
კანონით გათვალისწინებულ ვადაში 2023 წლის 13 ივნისს წერილობით მიმართეს შემოსავლების სამსახურს ინფორმაციის გადავადების შესახებ.
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნილი იყო ხანდაზმული ინფორმაცია, რომლის წარდგენის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია და ამასთან საგადასახადო ორგანო უკვე ინფორმირებული იყო ამის შესახებ, მიაჩნია, რომ სანქციის გამოყენება ინფორმაციის წარუდგენლობის შესახებ არამართლზომიერია. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი არის საგადასახადო ორგანოს მხრიდან იმგვარი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც სამართლებრივი მოთხოვნის უფლებამოსილება აქვს და ამასთან თუ არ აქვს უკვე მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მსგავსი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს კომპანიას წლიურ დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა 101042.89 ლარი კაპიტალი და ამასთან 2017 წლის დეკლარაციებში არ გადმოსულა გაუნაწილებელი მოგება და არც დივიდენდის სახით რამე განაწილებულა. ამრიგად საგადასახადო ორგანოში არსებობს საკმარისი ირიბიც და პირდაპირი მტკიცებულება, რომ კომპანიას ჰქონდა კაპიტალის ნაშთი. ამასთან რაც ყველაზე მთავარია, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში (5 კალენდარული დღის) მიმართეს შემოსავლების სამსახურს ინფორმაციის გადავადების შესახებ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად:
დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);
ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საქმეზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურში მომჩივნის მიერ 15.06.2023 წელს წარდგენილი განცხადება. აღნიშნულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი 3 წლიან ხანდაზმულობაზე მეტი ვადის მქონე დოკუმენტების დაარქივებას არ ახორციელებს. ამასთანავე კომპანიის საბუღალტრო ბაზების განახლების გამო დაკარგულია 01.01.2020 წლამდე ინფორმაცია.
ამგვარად, ვინაიდან მომჩივანს საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუწოდებია მოთხოვნილი ინფორმაცია, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნისგან მოთხოვნილ იქნა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული წერილი მომჩივანს ელექტრონულად ჩაბარდა იმავე დღეს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. შედეგად, გადამხდელის მიმართ 2023 წლის 15 ივნისს შედგა №188280 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის 2023 წლის 8 აგვისტოს №19535 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივანს საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუწოდებია მოთხოვნილი ინფორმაცია, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1); 269(7)