გადაწყვეტილება №25309/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25309/2/2025
23 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, შპს „-------“-ის 13.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25309/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის №005-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10275 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 385 698,75 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 200 364
დღგ - 89 847
საშემოსავლო გადასახადი - 24 400
მოგების გადასახადი - 86 117
ჯარიმა - 80 216
საურავი - 105 118,75
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2018 წლის ოქტომბრის თვეში ფ/პ "-------"-მ მომჩივანის (ს/ნ "-------") კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება (ს/კ "-------" მდებარეობა: ქალაქი "-------", "-------", ფართი 83,60 კვ.მ), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 125 400 ლარის ოდენობით.
2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება "-------"-მ გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან (საჯარო რეესტრის მონაცემებით მიიღო პირად საკუთრებაში), რომლის ღირებულებაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით განისაზღვრა 106 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ზემოხსენებული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად განისაზღვრა 589 000 ლარი.
მომჩივანს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი და დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, ხოლო, საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით, მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32928 ბრძანება და ამავე თარიღის №005-228 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7887 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.08.2024 წლის №22986/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №7887 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივლისის დასკვნის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივლისის №005-117 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20579 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2024 წლის 23 სექტემბერს.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 26 თებერვლის №005-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა კვლავ შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10275 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კუთვნილი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანა პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (რომელიც საკუთრებაშია 2001 წლიდან) ს/კ "-------" მდებარე ქ. "-------","-------", ფართი 83,6კვ.მ, შეტანა მოხდა ფორმალურად იმ მოტივით რომ ბანკი კომპანიაზე სესხის გაცემისთვის დამატებით სთხოვდა შესაბამის უზრუნველყოფას მქონე კომპანიას უძრავი ქონებით (რადგან სესხის უზრუნველყოფა ჩემი როგორც ფიზიკური პირის ქონებით შეუძლებელი იყო და ამიტომ განხორციელდა მისი ფორმალურად შეტანა კაპიტალში). აღნიშნული სესხი შეთანხმებული იყო ფონდ აწარმოე საქართველოსთან და მიზნად ისახავდა კომპანიის გაფართოვებას და უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, რამაც შესაძლებლობა მისცა კოვიდ-19 პანდემიის დროსაც ემუშავა და გადაეხადა გადასახადები ბიუჯეტში. მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტებით პირდაპირ დასტურდება მისი კომპანიის მიერ კრედიტის აღებასა და შემდგომ მის დაფარვაზე (დოკუმენტაცია თანდართულია საჩივარზე). მოცემულიდან გამომდინარე საწესდებო კაპიტალში შეტანილია და შემდეგ გამოტანილია ერთიდაიგივე უძრავი ქონება ცვლილებების გარეშე (უძრავ ქონებაში არ ჩატარებული რემონტი და ის არანაირი ფორმით არ გაუმჯობესებულა), შეფასების ღირებულებით ნაწილში (შეტანა-გატანის) არ უნდა იწვევდეს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას. ექსპერტის მიერ შეფასებული უძრავი ქონების კაპიტალში შეტანა-გატანის საბაზრო ფასში არსებული სხვაობა გამოწვეულია ბაზარზე უძრავი ქონების ფასების ცვალებასთან დაკავშირებით.
ფაქტიურად არსებული გარემოება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის აქტში განხილული საკითხების ანალიზი:
საკითხი №1 - აუდიტორი აღნიშნულ ოპერაციას უკავშირებს შემდეგ მუხლს და განმარტავს, სსკ-ის 96-ე მუხლის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია ა) რეზიდენტის საწარმო. სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტია ა) განაწილებული მოგება. სსკ-ის 98-ე პრიმა1-ის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არა ფულადი ფორმით ნაწილდება. სსკ-ის 97 მუხლი ნათლად აღნიშნავს, რომ ეს მუხლი ეხება გასანაწილებელი მოგების ნაცვლად მიღებული ფულადი ან არაფულადი ფორმით დასაბეგრ საკითხს. მერამდენედ შეიძლება ამის აღნიშვნა მოცემულ შემთხვევაში არანაირი მოგების განაწილება არ ყოფილა, სად დაასკვნა აუდიტორმა, რომელი დოკუმენტები გამოიყენა იმის დასამტკიცებლად რომ ეს ოპერაცია იყო მოგების განაწილება, მან დაიბრუნა მის მიერ შეტანილი ქონება უცვლელად (არ ჩატარებულა არანაირი რემონტი, არ გაუმჯობესებულა ქონებს მდგომარეობა არანირი თვალსაზრისით) და არა გასანაწილებელი მოგების სანაცვლოდ მიიღო იგი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ აღნიშნული მუხლი არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ ოპერაციას. ასეც რომ არ იყოს აუდიტორმა გადააფასა ქონება მხოლოდ გატანის დროს და შეტანის ღირებულებას არ შეეხო. ამან გამოიწვია არარსებული ფასნამატი. ამ ქმედებით „ამტკიცებს“ აუდიტორი, რომ 2018 წლიდან 2022 წლის მარტამდე აღნიშნული უძრავი ქონება 500%-ით გაძვირდა და ეს პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიური კრიზისის ფონზე. ასევე იმ პერიოდში როდესაც რუსთაველი პარალიზებული იყო საგზაო და საკომუნიკაციო სამუშაოების ჩატარების გამო. აუდიტორის ხარვეზის აღმოსაფხვრელად, აუდიტორის შეცდომის გამოსასწორებლად მან დაიქირავა დამოუკიდებელი შემფასებელი, გასწია დამატებითი ხარჯი, რომელმაც შეაფასა აღნიშნული ქონება 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით და ღირებულებამ შეადგინა 725 340 ლარი. გაუგებარი მიზეზების გამო შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ მოეწონა. შემოსავლების სამსახურმა შეფასებაში შეუსაბამობა შეამჩნიეს, კორექტულად რომ ვთქვათ დაიწუნეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რატომ ვერ მივხვდი, აუცილებელი იყო რომ დამოუკიდებელ ექსპერტს იგივე ფასად შეეფასებინა უძრავი ქონება როგორც ვალის მართის დეპარტამენტმა შეაფასა? აღნიშნული დასკვნის გაუთვალისწინებლობის შემდეგ მან მიმართა შემოსავლების სამსახურს თხოვნით, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს ანუ შემოსავლების სამსახურს შეეფასებინათ აღნიშნული ქონება 2018 წლის მდგომარეობით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაცია ექსპერტის შეფასებაში, მაგრამ მათ პასუხიც კი არ გასცეს აღნიშნულ საკითხზე და მხოლოდ ბოლო განხილვის დროს მისი დაჟინებული მოთხოვნის მერე უთხრეს რომ ვალის მართვის დეპარტამენტს 2018 წლის მდგომარეობით არ შეუძლია აღნიშნული ქონების შეფასება.
გაუგებარი რჩება ის ფაქტი, რომ თუ სხვა დამოუკიდებელ ექსპერტს შეუძლია აღნიშნული ქონების 2018 წლის მდომარეობით შეფასება რატომ არ შეუძლია აღნიშნული, ვალის მართვის დეპარტამენტს. ყველა უძრავი ქონების შემფასებელი ექსპერტი ერთნაირ სწავლის კურსს და სერტიფიცირებას გადის.
რადგანაც აუდიტის დეპარტამენტმა მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ გაითვალისწინა მისცეს 15 დღიანი ვადა რომ სხვა „კომპეტენტური“ ექსპერტის მიერ შეეფასებინა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის და გატანის მდგომარეობით. ძალა აღმართს ხნავს და დაეთანხმა შემოსავლების სამსახურს, რომ სხვა ეგრეთ წოდებული კომპეტენტური ექსპერტიზის დასკვნა წარმედგინა, მისი ინიციატივით მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარედგინა.
29.07.2024-ში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეიტანა განცხადება (თანდართულია საჩივარზე) უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით. დაკვეთის შესრულების ვადა განისაზღვრა 30 სამუშაო დღე. ვინაიდან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება და სიტყვიერად უპასუხეს რომ 2018 წლის შეფასებას სავარაუდოდ ვერ გააკეთებდნენ, მიმართა შემოსავლების სამსახურს, აუდიტორთან ჰქონდა სიტყვიერი კონსულტაცია, ვინაიდან სამხარაულის ეროვნული ბიურო არღვევდა ვადას და ვერ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, შეიძლებოდა თუ არა რომ გამოსულიყო მათთან არსებული შეთანხმებიდან და სხვა ექსპერტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, აუდიტორმა უთხრა რომ შეეძლო სხვა ექსპერტთან გაეფორმებინა შეფასების მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება, აუდიტორთან კომუნიკაციის შემდეგ მოიძია სხვა ექსპერტი, კერძოდ მოიძია შპს N2-ის, რომლის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია აუდიტორს, მან დაუდასტურა რომ აღნიშნული ფირმა მისთვის მისაღები იყო, მან 01.10.2024-ში დაწერა განცხადება (თანდართულია საჩივარზე), ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების გაუქმებაზე, მის მიერ დაწერილ განცხადებებს შორის არის 65 კალენდარული დღე განსხვავება, რომელიც შეადგენს 47 სამუშაო დღეს. ამის შემდგომ 2024 წლის 17 ოქტომბერს ხელშეკრულება გააფორმა შპს N2-თან ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელიც 2024 წლის 17 ოქტომბერს წარადგინა შემოსავლების სამსახურში. წარდგენის შემდეგ ამ დოკუმენტის ვარგისიანობაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მაშინვე რატომ არ შეატყობინა თუ არ აკმაყოფილებდა აღნიშნული ქმედება, ამის მერე გავიდა 1 თვე და დეკემბრის თვეში შემოსავლების სამსახურს წარუდგინა შპს N2-ის ექსპერტიზის დასკვნა. არც ამის შემდეგ ყოფილა რაიმე რეაგირება. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსთან განხილვისას საბჭოს აუხსნა და განუმარტა ყველა ზემოთ მოცემული, მაგრამ 2025 წლის 21 მაისის შემოსავლების სამსახურის №10275 ბრძანებით საჩივარი კვლავ არ დააკმაყოფილეს. აღნიშნულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს რომ 2024 წლის 11 აგვისტოს საჩივარზე დართული აქვს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ხოლო შემდგომ წარმოდგენილი აქვს სხვა ექსპერტიზის დასკვნა. არსად არ არის არც ერთ ბრძანებაში მითითებული რომ დაევალა აუცილებლად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რომ უნდა წარმოედგინა, აღნიშნული ბიურო მან თვითონ აირჩია და რატომაც არ წარადგინა ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა მიზეზი ზემოთ აღნიშნა.
2025 წლის 21 მაისის შემოსავლების სამსახურის №10275 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური თავად აღნიშნავს რომ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მათგან 2025 წლის 2 მაისს მიიღო წერილი რომელშიც ბიურო ადასტურებს რომ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი იყო 2024 წლის 19 ივლისი ხოლო გაუქმების თარიღი არის 2024 წლის 1 ოქტომბერი. რატომ არ მოსთხოვა შემოსავლების სამსახურმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს განემარტა ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი, რომ მათ სამუშაოს შესრულებისთვის გათვალისწინებული 30 სამუშაო დღის მაგივრად 47 სამუშაო დღეშიც კი ვერ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება. ვინაიდან ისინი ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებას შემოსავლების სამსახურთან ზეპირი კონსულტაციის შემდეგ (საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარვადგინო აღნიშნული პირების ახსნა-განმარტება, რომ ნამდვილად შედგა კომუნიკაცია აუდიტორთან ექსპერტის შეცვლასთან დაკავშირებით) კიდევ იმეორებს შემოსავლების სამსახურის აუდიტორთან კომუნიკაციის შემდეგ გააფორმა სხვა ექსპერტთან ხელშეკრულება. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს გარკვეული დაინტერესება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ.
საკითხი№2 - აუდიტორი ასკვნის რომ სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ) ქვეპუნქტის მიხედვით საქონლის მიწოდებად განიხილება: საწარმოოს ან/და ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორებისათვის ან ამხანაგობის წევრებისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში მიღება.
გაგახსენებთ თუ რა წერია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 20.06.52023 წლის ბრძანება №14041-ში, დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდეს 01.01.2020 წლიდან 01.06.2023 წლამდე პერიოდში იურიდიული პირის კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარაციის სისწორე. ბრძანებაშიც ნათლად ჩანს რომ შენატანის დაბრუნებასთან არის საქმე და არა წილის განაწილების სანაცვლოდ არაფულადი სახით უძრავი ქონების მიღებასთან. და როგორც ჩანს ფაქტიურადაც ასე მოხდა. კაპიტალში შეტანილი ქონება დაიბრუნა უკან არა მოგების განაწილების სანაცვლოდ და არც წილის სანაცვლოდ, მისი წილი კომპანიაში უცვლელი დარჩა როგორც იყო 100 % ისევ 100% -ია. აქედან გამომდინარე აღნიშნული სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ) ქვეპუნქტი არ შეესაბამება ფაქტიურად განხორციელებულ ოპერაციას. ასევე აღნიშნული არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც საქონლის მიწოდება და შესაბამისად არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით.
მის მიერ მომჩივანის კაპიტალიდან ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების გატანა განხორციელდა ახალი ფირმის გახსნიდან გამომდინარე, კერძოდ როდესაც მომჩივანის კაპიტალიდან გაიტანა უძრავი ქონება, რომელიც მის სახელზე დარეგისტრირდა 28.03.2022 წელს, ჩემს მიერ 29.03.2022 წელს შეტანილ იქნა განცხადება იუსტიციის სახლში ახალი კომპანიის, კერძოდ შპს N1-ის დასარეგისტრირებლად, შპს N1-ის იუსტიციის სახლში დარეგისტრირდა 30.03.2022 წელს, იმავე დღეს ანუ 30.03.2022 წელს მან მომჩივანის კაპიტალიდან გამოტანილი უძრავი ქონება შეიტანა შპს N1-ის კაპიტალში, აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანის კაპიტალიდან ქონების გამოტანა და შემდგომ მისი შპს N1-ის შეტანა წარმოადგენს ერთ ოპერაციას და კაპიტალში შეტანაგატანა არ უნდა იწვევდეს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას და ის უნდა განიხილებოდეს როგორც ერთ ოპერაციად.
აუდიტორის ქმედებით მან მიიღო როგორც ფინანსური ასევე მორალური ზიანი. მასზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიბარეს და დაკითხეს ფინანსურ პოლიციაში, როგორც ფინანსური თაღლითი და გადასახადის თავის ამრიდებელი. არის კეთილ სინდისიერი ბიზნესმენი და მისთვის აღნიშნული წარმოუდგენელია და მიუღებელია, მას აუდიტორის არაკვალიფიციურობის გამო გასწია საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯი სამი ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. მას აღარ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ კიდევ გასწიოს დამატებითი ხარჯები ექსპერტიზის დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით.
აუდიტის მიმდინარეობის დროს და მას მერე წარმოშობილი არსებითი კითხვები:
1. აღნიშნული საკითხი ოთხჯერ გაასაჩივრა და არც ერთ შემთხვევაში არ მიუღია პასუხი საჩივრებში მის მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვებზე, რატო ხდება გადამხდელისათვის მნიშვნელოვანი კითხვების იგნორირება?
2. ითხოვს განემარტოს რატომ წერს აუდიტორი აქტში ფრაზას „გადამხდელის პოზიცია უცნობია“?
3. რატომ შეაფასა აუდიტორმა მხოლოდ საწარმოს კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანის მდგომარეობით?
4. რატომ უნდა შეფასდეს უკვე მესამედ უძრავი ქონება საწარმოს კაპიტალიდან მისი გატანის მდგომარეობით, როდესაც ვალის მართის დეპარტამენტს ის უკვე შეფასებული აქვს? არასწორად მოხდა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების შეფასება?
5. განემარტოს თუ რატომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა და რა არსებითი შეუსაბამობები აღმოაჩინა მის მიერ პირველად წარმოდგენილი 2018 წლის ექსპერტიზის დასკვნაში?
6. აუდიტორი რატომ არ იყენებს კაპიტალში შეტანის პერიოდისთვის მოქმედი სსკ-ით გათვალისწინებულ 168 მუხლს, რომელიც განმარტავს დღგ-ს გადასახადისგან განთავისუფლებას. მუხლი 168-ე გადასახადისგან განთავისუფლება: 1) ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან განთავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა; ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ზემოთ მოყვანილი სსკ-ის მუხლი განმარტავს შემდეგს მაგალითად: კომპანიამ შეიტანა სავაჭრო ობიექტზე საქონელი, რომელიც განთავისუფლებულია დღგ-სგან. გარკვეული დროის გავლის შემდეგ კომპანიამ თავისი საქონელი უკან დაიბრუნა უცვლელად, აქედან გამომდინარე აღნიშნული ოპერაცია არ იბეგრება დღგ-თი, ეს ოპერაცია ითვლება კორექტირებად, შეტანილის უკან დაბრუნება.
7. რატომ არ დგება აუდიტორის კომპეტენციის საკითხი?
საჩივარზე დამატებით წარმოდგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 13 ივნისის №50003454625 წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2025 წლის 5 ივნისს თქვენს მიერ დაინიშნა განცხადება №1004151225, რომლითაც ითხოვდით ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ რამდენად არის შესაძლებელი რვა წლის წინანდელი მდგომარეობის ფართის შეფასების დადგენა ფართზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია ექსპერტისთვის ცნობილი იყოს შეფასების თარიღისთვის შესაფასებელი ქონების მდგომარეობა, ამისთვის საჭიროა დამკვეთმა ექსპერტებს წარუდგინოს შეფასების თარიღის მდგომარეობით სარწმუნო ფოტო ან ვიდეო მასალა, რომლითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების მდგომარეობის დადგენა მითითებულ პერიოდში.
ასევე ექსპერტმა უნდა შეძლოს შეფასების თარიღისთვის მსგავსი ტიპის უძრავი ქონების შეთავაზება/გაყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა“.
საჩივარზე ასევე დართულია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2024 წლის 29 ივლისის (რეგისტრაციის ნომერი №1006037324) ექსპერტიზის დანიშვნის დოკუმენტი, ამასთან 01.10.2024 წელს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში №1006037324 საქმესთან დაკავშირებით მიღებულია დამატებითი მასალა - დოკუმენტის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 19.09.2025 წლის №20579 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს N2-თან გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული კონკრეტული მითითება, კერძოდ, წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 11 აგვისტოს საჩივარზე თანდართულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება/კონტრაქტი საექსპერტო მომსახურების შესახებ, მომჩივანის კაპიტალის შეფასებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური 21.05.2025 წლის №10275 ბრძანებაში ასევე ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლითაც გადამხდელი უარს აცხადებს ზემოაღნიშნული დასკვნის წარმოდგენაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და ითხოვს შემოწმების მიერ შპს N2-ის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, დავის წარმოების პროცესში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომჩივანის (ს/ნ "-------") მომართვის საფუძველზე გაფორმებული 2024 წლის 29 ივლისის №------- კონტრაქტის მიხედვით მომზადდა თუ არა უძრავი ქონების ს/კ "-------" ექსპერტიზის დასკვნა მისი საბაზრო ღირებულებების შესახებ (2018 და 2022 წლების მდგომარეობით), ხოლო თუ აღნიშნული კონტრაქტით ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა მომზადებული ან/და შეწყდა ხელშეკრულება, მოეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული მიზეზების შესახებ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 2 მაისის საპასუხო წერილით ირკვევა, რომ 2024 წლის 29 ივლისს მომჩივანის დირექტორის მიერ დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში იმავე დღეს გაფორმდა კონტრაქტი №"-------", ხოლო 2024 წლის 1 ოქტომბერს, საექსპერტო კვლევის დასრულებამდე, მომჩივანის დირექტორის მხრიდან დაყენებულ იქნა მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ამასთან, ზემოაღნიშნულ წერილში დამატებით მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით "-------") საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საექსპერტო კვლევის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანებით გადამხდელისთვის დავალებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, ხოლო დავის წარმოების პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მოთხოვნით შეწყდა სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება. ამდენად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N2-ის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შემოწმებისთვის წარდგენა სცდება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანებით დავალებულ კონკრეტულ მითითებას, შემოსავლების სამსახურს, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებისას, მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინება.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 25.02.2025 წლის №59 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
მომჩივანს (ს/ნ "-------") საჩივარზე დართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20579 ბრძანების შემდგომ წარმოდგენილი იქნა სხვა ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული კონკრეტული მითითება, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დავის ეტაპზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის დავალებას იყო შემდეგი, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნას თუ წარმოადგენდა მომჩივანი, დასკვნაში ასახული შედეგების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ვინაიდან აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი არ არის მომჩივნის მიერ, შესაბამისად არ მომხდარა გადაანგარიშება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მომჩივანმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მაგივრად წარმოადგინა შპს N2-ში დასაქმებული პირის შეფასება. აღნიშნული წარმოდგენილია არა დავების ეტაპზე, არამედ შემდგომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2024 წლის 11 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე თანდართულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება, შემოსავლების სამსახურმა, 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება რომ სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, აღსანიშნია, რომ შპს N2-თან ხელშეკრულება გაფორმებულია 2024 წლის ოქტომბერში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების (19.09.2024 წელი) გამოცემის შემდეგომ, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალების განსაზღვრის დროს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20579 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
გადაწყვეტილება №25309/2/2025
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2018 წლის ოქტომბრის თვეში ფიზიკურმა პირმა საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება,რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 125 400 ლარის ოდენობით. 2022 წლის მარტის თვეში აღნიშნული უძრავი ქონება ფიზიკურმა პირმა გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან,რომლის ღირებულებაც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით განისაზღვრა 106 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ზემოხსენებული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ და კაპიტალიდან გატანის მომენტში ქონების ღირებულებად განისაზღვრა 589 000 ლარი. მომჩივანს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 23 მარტი და დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, ხოლო,სსკ-ის 96-ე, 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, კაპიტალში შეტანისა და გატანის თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა დივიდენდის განაწილებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით, მომჩივანს ასევე შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20579 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
275,282.