გადაწყვეტილება №23018/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.06.2025
№ დოკუმენტი 23018/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№23018/2/2024

09 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 4.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23018/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2024 წლის №006-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8377 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 217 655 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 182 816

დღგ - 185 578

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 495

საშემოსავლო გადასახადი - 996 743

ჯარიმა - 592 047

საურავი - 442 792

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ნაღდი ფულის მოძრაობის და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ასევე, არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე, ელექტრონული და გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საგადასახადო შემოწმების პერიოდში, კომპანიას უფიქსირდებოდა უძრავი ქონება თბილისში,---ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო ტიპის ნაკვეთზე (1500 კვ.მ.) მშენებარე შენობა-ნაგებობები - საერთო ფართობით 8 899 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 5 569 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 967 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 780 კვ.მ., დამხმარე ფართობი 59 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1 523 კვ.მ.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული ბინების რეალიზაციის ნაწილში კუთვნილი დღგ. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით და ნასყიდობის ხელშეკრულების შესწავლის საფუძველზე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა, ---მ, საწარმოს გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და კომპანიასა და ფიზიკურ პირებს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33055 ბრძანება და №006-649 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანებით:

1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ბინების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 112 602 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 75 768 ლარით, ჯარიმა 36 834 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 იანვრის №612 ბრძანება და №006-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8377 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, საგადასახადო დავის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „---სთან“ --- ჰესზე გვირაბის გათხრის სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება, მიღებაჩაბარების აქტი და ფორმა N2. წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულების სხვადასხვა ეტაპებზე გახარჯული მასალის ღირებულებამ შეადგინა 231 319 ლარი.

შემოწმების მიერ, N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, გაწეული ხარჯების 75%-ით შემცირდა შპს „---ის“ ნაღდი ფულის ნაშთი. ასევე, ფულის ნაშთი შემცირებული იქნა ფ.პ. ---ზე რეალიზებული ბინის თანხითაც. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანმა 4.05.2024 წლის №23018/2/2024 საჩივარზე, 4.08.2024 წელს წარმოადგინა №23634/2/2024 დაზუსტებული საჩივარი, სადაც განმარტავს შემდეგს:

შემოსავლების სამსახურმა გადამხდელის გარეშე განიხილა საჩივარი, არ მიეცა პოზიციის დაცვის და მტკიცებულებების წარდგენის საშუალება, რითაც დაზარალდა გადამხდელის ინტერესები.

როდესაც 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მიეწოდა გადამხდელის მიერ დამუშავებული საბუღალტრო დოკუმენტაცია, კერძოდ:

1) შპს ----სთან, --- ჰესზე გვირაბის გათხრის სამუშაოებთან - დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება;

2) მიღება-ჩაბარების აქტი;

3) ფორმა N2;

4) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები).

• აღმოჩნდა, რომ გადამხდელის მიერ მათი წარმომადგენლისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან მათი წარმომადგენლების მიერ დედნების დასკანერების დროს გამორჩენის/შეცდომის შედეგად აუდიტის დეპარტამენტისთვის არ იქნა მიწოდებული ზემოაღნიშნულ 2 კომპანიას შორის ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია.

ამ შეცდომამ სამწუხაროდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გადამხდელის მიმართ აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შედეგებზე.

• წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარს დანართის სახით თან ერთვის დამკვეთს შპს „---სა“ და შემსრულებელს შპს ---ს შორის გაფორმებული სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები და შედარების აქტები სხვადასხვა პერიოდებში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.

აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებას სალაროში არსებულ ნაშთთან მიმართებით და მასთან დაკავშირებული გადაანგარიშების შედეგებთან მიმართებით და წარმოადგენს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, კერძოდ:

• აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სალაროს ნაშთის გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შპს „---“-სთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა N2-ში არსებული მასალის ხარჯის 231 319 ლარის - 75%, 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

• არ ეთანხმება აღნიშნულ გაანგარიშებას, ვინაიდან 231 319 ლარი არის თანხა ზედნადები ხარჯების და რაც ყველაზე მთავარია დღგ-ის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, სწორად იქნეს დადგენილი მასალების მთლიანი დანახარჯი და მხოლოდ ამის შემდგომ იქნეს გამოყენებული 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.

• აუდიტის დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ სალაროს ნაშთის დადგენისას გათვალისწინებულია საკასო ხარჯები.

შპს „---თან“ გაფორმებულია მიღებაჩაბარების აქტი 3 506 600 ლარზე, მაგრამ ხარჯებში 0256 მენუალის საფუძველზე გათვალისწინებულია მხოლოდ 231 319 ლარის 75%. ფაქტია რომ აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდით მიღებულად ჩათვალა 3 506 600 ლარი, მაგრამ ამ ფორმა N2-ის საფუძველზე გაწეულ მომსახურებებზე ანაზღაურებული თანხები არ ჩათვალა ანაზღაურებულად საკასო მეთოდით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული თანხის მიღება გადარიცხვით არ იკვეთება.

• აღნიშნულ გაანგარიშებაზე გავლენას ასევე მოახდენს საჩივარში დაფიქსირებული პირველი ნაწილიც, სადაც აისახება შპს „---სა“ და შპს „---ს'' შორის განხორციელებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დასადგენ ნაშთზე.

• ამასთანავე, სალაროში არსებული ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით თუ ვიხელმძღვანელებთ, 2021 წლის 16 აპრილის N11349 ბრძანებით დანიშნული შემოწმების შედეგად, სალაროში არსებულ არაგონივრულ ნაშთზე დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2021 წლის მარტის თვეში, რაც გამოიწვევდა გადამხდელის მიმართ დარიცხული სანქციის მნიშვნელოვან შემცირებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში შუალედური აქტის გამოცემის გამო დამძიმებულია გადამხდელის ტვირთი სალაროში არსებული ნაღდი ფულის შესახებ ბოლო მეთოდური მითითების გათვალისწინებით.

ამასთანავე თვლის, რომ შუალედურ აქტზე გამოცემული 2023 წლის 27 დეკემბერს გამოცემულ N006-738 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, რადგან დარიცხული გადასახადი შეადგენს 332 445 ლარს, ხოლო ამავე მოთხოვნის დარიცხული საურავი შეადგენს 306095 ლარს, რაც გადასახადის თანხის 92%-ს შეადგენს.

• საწარმოში ჩატარებული აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ შპს „---მა“ შეუსრულა სამშენებლო სამუშაოები შპს „ჰ---“-ს. საპროექტო ხარჯთაღრიცხვის ნაწილი 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ჩაითვალა კრედიტორებისთვის გადახდილად და აღნიშნულით შემცირებულ იქნა სალაროში არსებული ვირტუალური ნაშთი.

• არაფერია ნახსენები ამავე მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული მომსახურებების მომწოდებელი კრედიტორების მიმართ ანგარიშსწორების შესახებ და ვინაიდან ეს წარმოადგენს საკასო ხარჯს, აღნიშნულს მონაწილეობა უნდა მიეღო სალაროს უძრავი ნაშთის დადგენის პროცესში, რაც არ მომხდარა.

• ვინაიდან და რადგანაც არ ირკვევა კრედიტორების დავალიანების დაფარვის ზუსტი დრო, ითხოვს კრედიტორების დაფარვის თარიღად მიჩნეულ იქნეს შესამოწმებელი პერიოდის ბოლო - 2021 წლის მარტის თვე, საკასო შემოსავლის მომენტად კანონის შესაბამისად დადგენილ იქნება სალაროს შემოსავლის ორდერში დაფიქსირებული საანგარიშო პერიოდები, ზემოაღნიშნული ორი პირობის გათვალისწინებით მოხდეს საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის განსაზღვრა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს სალაროს არაგონივრული ნაშთის დადგენა.

• სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ზემოაღნიშნული პრინციპით გამოანგარიშებული სალაროს უძრავი ნაშთი სრულად არ უნდა იქნეს განხილული ხელფასად, ვინაიდან 2022 წლის 2 თებერვალს მეწარმეს ბიუჯეტში ჩარიცხული აქვს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა 1 040 070 ლარი.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან - 2021 წლის მარტიდან 2022 წლის 02 თებერვლამდე შპს „---ს არ უფიქსირდება არანაირი ეკონომიკური საქმიანობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჯერ სალაროში დადგენილი ზენორმატიული ნაშთის დირექტორზე ხელფასად გაცემა, ხოლო 2022 წლის 2 თებერვალს 1 040 070 ლარის კომპანიის ანგარიშზე აღმოჩენა დამფუძნებლის შენატანის სახით არასამართლიანი და არალოგიკურია.

• ითხოვთ ზემოაღნიშნული თანხა (2021 წლის მარტის თვეში სალაროში მისი აღმოჩენის შემთხვევაში) განხილულ იქნეს საზოგადოების დირექტორზე გაცემულ სესხად, რათა 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ფაქტის (ბიუჯეტში ჩარიცხულია 1 040 070 ლარი) საფუძველზე გადამხდელმა შეძლოს დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.

• ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თუ შემოსავლების სამსახურმა საკითხი განიხილა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე, ხოლო დავების განხილვის საბჭოზე საკითხის განხილვისას წამოჭრილი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადამხდელის მიმართ განხორციელებულ დარიცხვაზე, დავების განხილვის საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებას საკითხი ხელახალი შესწავლის მიზნით დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს.

• აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ არ მიეცა პოზიციის სრულყოფილად დაცვის საშუალება ითხოვს, მისი მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, მიეცეს აუდიტის დეპარტამენტს მითითება წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზუსტებული საკასო ხარჯების გათვალისწინებით სწორად იქნეს განსაზღვრული უძრავი ნაშთის ოდენობა და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანებით:

1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ბინების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის დასკვნის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შპს „---თან“ --- ჰესზე გვირაბის გათხრის სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება, მიღებაჩაბარების აქტი და ფორმა N2. წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულების სხვადასხვა ეტაპებზე გახარჯული მასალის ღირებულებამ შეადგინა 231 319 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის N11162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გაწეული ხარჯების 75%-ით შემცირებულ იქნა შპს „---ის“ ნაღდი ფულის ნაშთი. ასევე, ფულის ნაშთი შემცირებულ იქნა ფ/პ ---ზე რეალიზებული ბინის თანხითაც.

● 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ფ/პ ---ზე რეალიზებული ჰქონდა საცხოვრებელი ბინა (ჯამში 142 კვ.მ) 67 000 დოლარად. ხელშეკრულების შესაბამისად, 14 000 დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, ხოლო 53 000 დოლარი 2018 წლის 19 სექტემბრამდე. 2019 წლის 2 დეკემბრის თარიღით შედგენილი აქტის შესაბამისად, აღნიშნული თანხა სრულად დაბეგრილი იყო 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, 2019 წლის თებერვლის თვეში გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად, 2022 წლის 26 დეკემბრის აქტის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა აღნიშნული ბინის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვის საანგარიშო პერიოდებში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „---გან“ და შპს „---სგან“ დღგ-ის ჯამური თანხით 2 101 ლარი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლილი არ ჰქონდა გადამხდელს. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხით გაიზარდა ჩასათვლელი დღგ. შესაბამისად, შემცირდა დარიცხვა დღგ-ის ნაწილში. შედეგად დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 112 602 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 75 768 ლარით, ჯარიმა 36 834 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ, როგორც საჩივარში, ისე ზეპირი განხილვისას დასახელებულ შემდეგ არგუმენტებზე:

1. კომპლექსურად უნდა მოხდეს საგადასახადო შემოწმების, როგორც შუალედური აქტით, ისე სრული განსახილველი აქტის მიხედვით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის და შესაბამისად, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშების საკითხის შესწავლა, ვინაიდან, ხელფასად ჩათვლილია იმაზე მეტი ვიდრე საწარმოს ჰქონდა სულ ამონაგები;

2. ხელფასად განხილული თანხის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნას 2022 წლის 2 თებერვალს საგადასახადო შეთანხმებით გადახდილი თანხა 1 040 070 ლარი, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან - 2021 წლის მარტიდან 2022 წლის 2 თებერვლამდე შპს „---ს'' არ უფიქსირდება არანაირი ეკონომიკური საქმიანობა;

3. შპს „---სთან“ (ს/ნ ---) დაკავშირებით დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (მხარეებს შორის თანხის მიღებაზე გაფორმებული ხელწერილები და სალაროს შემოსავლის ორდერები) გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ხელფასად ჩათვლილი თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული არგუმენტების და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ზემოთდასახელებული არგუმენტაციის და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებისას გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირებული თანხების და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობას, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8377 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ნაღდი ფულის მოძრაობის და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ასევე, არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე, ელექტრონული და გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

საგადასახადო შემოწმების პერიოდში, კომპანიას უფიქსირდებოდა არასასოფლო-სამეურნეო ტიპის ნაკვეთზე (1500 კვ.მ.) მშენებარე შენობა-ნაგებობები - საერთო ფართობით 8 899 კვ.მ.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული ბინების რეალიზაციის ნაწილში კუთვნილი დღგ. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით და ნასყიდობის ხელშეკრულების შესწავლის საფუძველზე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა, საწარმოს გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და კომპანიასა და ფიზიკურ პირებს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

 

გადაწყვეტილება

ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8377 ბრძანება; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 1, ბ.