ბრძანება N 4363
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4363
28 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ ------)
(მის.: ----------)
2023 წლის 12 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 და 16 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №10 და №16) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №20854/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“-ს (ს/ნ ------) №83012/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №EL216426, №EL216430, №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11111/56 (№001-56) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, რომ შპს „-------“-ს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საბაჟო საწყობის მიერ ასევე არ დარღვეულა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები და შესაბამისად არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
მომჩივნის მოსაზრებით, კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა. გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, რაც მისი მოსაზრებით არ არსებობს და ასეთი აქტის არსებობის შემთხვევაში, ის მას არ გადასცემია, ხოლო საბაჟო სამართლდარღვევის ოქმში არ არის მითითებული არც საქონლის ის ნაწილი, რომლის განკარგვასაც საბაჟო ორგანო შპს „-------“-ს ედავება. გარდა ამისა, ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია.
ასევე მიუთითებს, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც მისი მითითებით, ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „-------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი. ამასთან, როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დანაკლისის დადგენა კი უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც საჩივრის ვატორის მითითებით ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში. ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად მიაჩნია, რომ თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტებსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი დრო, ადგილი, ვითარება“. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა ყველა აღნიშნული კანონისმიერი პირობა.
საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებია და მისთვის გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს ამ სამართალდარღვევის ოქმს შპს „-------“- თან.
მომჩივანმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურში წარდგენილ საჩივარში განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმ ნაწილში, რომლითაც საჩივარი №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, თითქოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. სადავო აქტის მიხედვით, თითქოს კომპანიას უნდა წარმოედგინა შპს „-------“-ს მიერ გაცემული მინდობილობა, რაც საქმეს არ ერთვის. მომჩივნის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53- ე მუხლის მე-5 ნაწილის და 96-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში (-------) განთავსებული, შპს „------“- ის (ს/ნ ------) კუთვნილი, 31791,53 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (მ/მ ტანსაცმელი 19 600 კგ) 2022 წლის 25 მარტს №------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში. შპს „-------“- მა აღნიშნულ საქონელზე საკუთრების უფლება გადასცა შპს „-------“-ს (ს/ნ -------). საქონლის ახალი მესაკუთრის – შპს „-------“-ის (ს/ნ ------) მიერ მითითებული საქონელი 2022 წლის 11 მაისს №------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.
2022 წლის 18 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა №7780/15- 047- 02 წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა №------- (11.05.2022) საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №1/08/06/2022 08.06.2022), რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, საბაჟო საწყობში დეკლარირებული 19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის ნაცვლად, აღმოჩნდა 16 620 კგ მ/მ ტანსაცმელი.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 ივლისს შედგენილ იქნა №EL216430 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ ------) შპს „------“-სთან (ს/ნ -----) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL216426) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3509.44 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ასევე შედგენილ იქნა №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, 2023 წლის 14 ივლისს გამოიცა №EL11111/56 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ ------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 3509.44 ლარი, ასევე საურავი 752.77 ლარის ოდენობით.
შპს „------“-ს (ს/ნ ------) №83012/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №21257 ბრძანებით 2023 წლის 14 ივლისის №EL216430, №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და №EL11111/56 (№001-56) საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2023 წლის 14 ივლისის №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული აქტი შედგენილია შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №21257 ბრძანება შპს „-------“-ის (ს/ნ -----) მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №20854/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტზე და მხარეთა არგუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით უფლებამოსილების საკითხი, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21257 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ასევე ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის (შპს „-------“-თან (ს/ნ ------) ერთად სოლიდარულად - №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ არ არსებობს დადასტურებული აქტი საქონლის დანაკლისის შესახებ, ხოლო დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა კი „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა №------- (11.05.2022) საბაჟო დეკლარაციის კამერალური (დოკუმენტების) შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რასაც ესწრებოდა საწყობის თანამშრომელი (გაფორმების უფროსი ინსპექტორი ------- და შპს „-------“-ს წარმომადგენელი ------- (პ/ნ ------), აღნიშნული პირები ესწრებოდნენ ასევე დათვალიერებული საქონლის დალუქვას), დათვალიერების შედეგებზე შედგენილია დათვალიერების აქტი №1/08/06/2022 08.06.2022, ხოლო კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ: საბაჟო საწყობში დეკლარირებული 19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის ნაცვლად, აღმოჩნდა 16 620 კგ მ/მ ტანსაცმელი.
ამდენად, საჩივარში მითითებული აღნიშნული და ასევე სხვა გარემოებები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია და დადასტურებული აქტი არსებობის შემთხვევაში მას არ გადასცემია, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №EL216426, №EL216430, №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL11111/56 (№001-56) საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა 2022 წლის 18 მაისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის №7780/15-047-02 წერილით განსაზღვრული შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №1/08/06/2022 08.06.2022), რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, საბაჟო საწყობში დეკლარირებული 19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის ნაცვლად, აღმოჩნდა 16 620 კგ მ/მ ტანსაცმელი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 ივლისს შედგენილ იქნა №EL216430 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს შპს -სთან ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL216426) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3509.44 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ასევე შედგენილ იქნა №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, 2023 წლის 14 ივლისს გამოიცა №EL11111/56 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 3509.44 ლარი, ასევე საურავი 752.77 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172, 176(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N455 დადგენილება.