ბრძანება N 10775

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2026
№ დოკუმენტი 10775
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10775

15 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 14 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 14 აპრილის №101725/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის №----- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ არ იქნა სათანადოდ გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები, რის შედეგადაც არასწორად განისაზღვრა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის წილი. ის მითითება, რომ აქტები არ აკმაყოფილებს პირველადი საგადასახადო დოკუმენტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, არ გამორიცხავს ოპერაციების რეალურობას და არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მათი სრულად უგულებელყოფისთვის. მიუთითებს, რომ საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება აგრარულ ბაზრებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია გამყიდველების იდენტიფიცირება, რაც წარმოადგენს პრაქტიკაში გავრცელებულ გარემოებას და არ უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელის საწინააღმდეგოდ. მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით ბრუნვის სტრუქტურის გაანგარიშების შედეგად, არ იქნა ასახული მათი საქმიანობის რეალური მონაცემები და დაიკარგა ის მნიშვნელოვანი გარემოება, თუ რა წილი ჰქონდა მათ საერთო ბრუნვაში დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებს, რაც არსებით გავლენას ახდენს საბოლოო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. ითხოვს მათ მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების ხელახალი გადაანგარიშებას, კერძოდ, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის წილის სწორად განსაზღვრას.

2. გადასახადის გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 იანვრის №1826 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ -----) 2025 წლის 31 დეკემბრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 იანვრის №1826 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 23 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა 114 925 ლარით, მათ შორის, გადასახადი 81 225 ლარით, ჯარიმა 33 700 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 26 მარტის №---- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილ იქნა შესყიდვის აქტები 2024 წლის მარტიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე. წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მოთხოვნებს. კერძოდ, წარმოდგენილი შესყიდვის აქტების საფუძველზე შეუძლებელია ოპერაციის მონაწილე პირების (გამყიდველი) იდენტიფიცირება. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნა მიღებული მხედველობაში. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის ფასნამატის (18%) გათვალისწინებით, საკონტროლოსალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული ბრუნვებიდან გამიჯნულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 იანვრის №1826 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2026 წლის 23 მარტს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2025 წლის 4 დეკემბრის №---- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული დღგ 81 225 ლარით, ხოლო ჯარიმა 33 700 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ გადაიანგარიშა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მოთხოვნებს, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის ფასნმატის (18%) გათვალისწინებით, საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული ბრუნვებიდან გამიჯნულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი საკითხი, რაც შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 იანვრის №1826 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ არ იქნა სათანადოდ გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები, რის შედეგადაც არასწორად განისაზღვრა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის წილი.

2. გადასახადის გადამხდელი, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

წარმოდგენილი შესყიდვის აქტების საფუძველზე შეუძლებელია ოპერაციის მონაწილე პირების (გამყიდველი) იდენტიფიცირება. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნა მიღებული მხედველობაში. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის ფასნამატის (18%) გათვალისწინებით, საკონტროლოსალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული ბრუნვებიდან გამიჯნულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:72;304(21)