ბრძანება N 11813
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11813
29 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- (ს/ნ ----- ) (ფაქტ. მის.: ----- )
2026 წლის 13 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი N 41) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) 2026 წლის 13 მაისის N 102337/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილის ID:----- შესაგებელთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. აცხადებს, რომ ზედმეტობა წარმოშობილია იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე 180 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული ექსპორტის ოპერაციისას გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის შემცირების შედეგად. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ შესაძლო საგადასახადო რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) 2026 წლის 12 მარტის მოთხოვნის (ID: ----- ) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე 180 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული ექსპორტის ოპერაციისას გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის შემცირების შედეგად.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე, 2026 წლის 30 მარტს განისაზღვრა ხარვეზი (ID: ----- ) და გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაციები, რომელთა შესწავლის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად 2026 წლის 15 აპრილს შედგა დასკვნა (ID: ----- ) და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფომარციისა და გადამხდელის მიერ წადგენილი მონაცემების დამუშავების შედეგად, გამოვლინდა შეუსაბამობები 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახულ მაჩვენებლებთან, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება რამდენიმე ათეული ფიზიკური პირის მიერ არაიდენტიფიცირებული თანხების ჩარიცხვა, რომლებიც შესაძლოა წარმოშობდეს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, თანხების ახლობელი პირებისგან მიღების თაობაზე, ვერ აქარწყლებს წარმოშობილ რისკებს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:
ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;
ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);
გ) „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი;
ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი);
ვ) ამ ინსტრუქციის 132 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელმა მოითხოვა ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების 18%-ზე მეტი ოდენობით ზედმეტად გადახდილი თანხა;
ზ) მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო ორგანოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიმართვისას, გადამხდელი ამავე ფორმით თანხმობას განაცხადებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე, აღნიშნულ სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხებთან დაკავშირებით. ამასთან, ამ ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კი გაეგზავნება შესაგებელი);
თ) გადამხდელმა მოითხოვა დეკლარაციის წარდგენის გადავადება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად (გადავადების პერიოდში გადავადებული საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენამდე);
ი) „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება;
კ) გადამხდელის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი საგადასახადო ორგანოა) ან/და გადამხდელი იმყოფება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში;
ლ) „მოთხოვნა“ მოიცავს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის N 21655 ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით შესამცირებლად გაანგარიშებული ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით შესასწავლ დეკლარაციაში შესამცირებლად გაანგარიშებულ (ზედმეტად გადახდილ) თანხას და მიღებულია გადაწყვეტილება დეკლარაციის საგადასახადო შემოწმების თაობაზე;
მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ ზედმეტობა წარმოშობილია იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე 180 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული ექსპორტის ოპერაციისას გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის შემცირების შედეგად. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რადგან არ დადგენილა კონკრეტული საგადასახადო ვალდებულება და აუდიტის გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ შესაძლო საგადასახადო რისკებს. მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ წარდენილი საბანკო ჩარიცხვები არ წარმოადგენს დასაბეგრ ეკონომიკურ საქმიანობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურმა განიხილა მეწარმის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე. შემოწმებისას დადგინდა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებობდა შეუსაბამობები და საბანკო ოპერაციები შეიცავდა გაურკვეველ ჩარიცხვებს, რაც შესაძლო დამატებით საგადასახადო ვალდებულებებზე მიუთითებდა. ამ მიზეზით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილი.