გადაწყვეტილება №24310/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24310/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24310/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12596 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №031-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2024 წლის №23715 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 77 698,02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 26 863
დღგ - 10 177
საშემოსავლო გადასახადი - 16 686
ჯარიმა - 46 187
საურავი - 4 648,02
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. გადამხდელად რეგისტრირებულია 30.06.2022 წელს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 30.06.2022 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2024 წლის 30 ივნისიდან 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება, როგორც დოკუმენტური, ასევე, საცალო (უდოკუმენტო) რეალიზაციები. გადასახადის გადამხდელის გამოწერილი, მიღებული და შიდა გადაზიდვის ზედნადებების შესწავლის შედეგად დადგინდა რეალიზაციები, რომლებიც კომპანიის მიერ არ იყო ჩართული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გამოვლენილი სხვაობები შემოწმებით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდი) დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9640 ბრძანება და ამავე თარიღის №031-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 23.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12596 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დათქმულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მასალების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12596 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა. დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა წერილობითი ფორმით ინფორმაცია (ახსნა-განმარტება), რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას, ისედაც იყო შესწავლილი. წარდგენილი ინფორმაცია არ ჩაითვალა გადაანგარიშების საფუძვლად.
დასკვნის საფუძველზე 2024 წლის 9 ოქტომბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №22042 ბრძანება და ამავე თარიღის №031-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2024 წლის №23715 ბრძანებით, საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №031-16 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც არ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №031-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ფორმით ინფორმაცია (ახსნა-განმარტება), რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას ისედაც იყო შესწავლილი და აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს. შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ ყველა შიდა გადაზიდვა მიჩნეული იქნა რეალიზაციად, რამაც გამოიწვია დარიცხვა, ვინაიდან იმ ადგილებში სადაც განხორციელდა შიდა გადაზიდვა შეძენები არ ფიქსირდებოდა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად ახსნაგანმარტების სახით მიაწოდეს ინფორმაცია სასაქონლო-ზედნადებების რეკვიზიტების მითითებით პროდუქციის მოძრაობის თაობაზე, რომელის შინაარსობრივ მხარეს გაეცნო აუდიტორი და მოწონებული იქნა მისი მხრიდან, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა. ვინაიდან აუდიტორს არც აქვს წაკითხული ახსნაგანმარტების შინაარსი მარტივი მიზეზის გამო. როდესაც შედეგი არ შეიცვალა სატელეფონო საუბარი ჰქონდა აუდიტორთან თუ რატომ დარჩა იგივე შედეგი. მაგალითისთვის დაასახელა წალენჯიხიდან განხორციელებული შიდა გადაზიდვის განხორციელების ფაქტი მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე საზოგადოებას შეძენა არ უფიქსირდებაო. არადა ახსნა-განმარტების პირველ პუნქტში წერია, რომ:
1. 2022 წლის 22 ოქტომბერის №0699667490 სასაქონლო ზედნადებით განხორციელებული შიდა გადაზიდვა შეძენილია 2022 წლის 20 ოქტომბერს №0699290789 სასაქონლო ზედნადებით. და ა.შ:
2. 2022 წლის 23 სექტემბრის №0768577969 სასაქონლო ზედნადებით განხორციელდა 10.5 მეტრ. კუბი ფიცრის შიდა გადაზიდვა ქ. "------"-დან ქ. "------"-ში. ხოლო ამავე დღეს №0768744284 სასაქონლო ზედნადებით მოხდა შიდა გადაზიდვა "------".2022 წლის 23 სექტემბრის №0768744134 სასაქონლო ზედნადებით განხორციელდა 10.6 მეტრ. კუბი ფიცრის შიდა გადაზიდვა ქ. "------"-დან "------"-ში .მავე დღეს მოხდა "------"-დან №0768799657 სასაქონლო ზედნადებით 10.6+10.5 მეტრ კუბი ფიცრის შიდა გადაზიდვა ქ. "------"-ში.
3. 2023 წლის 07 მარტის N 0725991084 სასაქონლო ზედნადებით განხორციელდა 6 მეტრ. კუბი დახერხილი ხის მასალის შიდა გადაზიდვა ქ. "------"-ის "------"-ში.ხოლო 2023 წლის 08 მარტის №0726244202 სასაქონლო ზედნადებით მოხდა 4 მეტრ. კუბის რეალიზაცია. 2023 წლის 8 მარტის №0726269193 სასაქონლო ზედნადებით მოხდა 2 მეტრ. კუბი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირება "------" -დან ქ. "------"-ში.
4. 2022 წლის 13 ივლისს №0678546067 სასაქონლო ზედნადებით განხორციელდა 7 მეტრ. კუბი დახერხილი ხის მასალის შიდა გადაზიდვა ქ. "------".ხოლო 2022 წლის 14 აგვისტოს №0685310162 და №0696607009 სასაქონლო ზედნადებებით მოხდა შიდა გადაზიდვა "------"--ში. 5. 2022 წლის 20 ივლისს №0680103760 სასაქონლო ზედნადებით განხორციელდა 5 მეტრ. კუბი დახერხილი ხის მასალის შიდა გადაზიდვა ქ. "------"-ის 197-დან "------"-ში. ხოლო 2022 წლის 21 ივლისს №0680348095 სასაქონლო ზედნადებით მოხდა შიდა გადაზიდვა"------"--ში.
ამდენად განხორციელებული ყველა შიდა გადაზიდვა იდენტიფიცირებადია, ნაწილი გაყიდულია ზედნადებში მითითებული საბოლოო მისამართიდან ან სხვა დანარჩენი დაბრუნებულია კომპანიის საქმიანობის ადგილზე და შემდეგ არის რეალიზებული. ვინაიდან აუდიტორი ვერ გაერკვა ბოლომდე დამატებით მოხდება შეძენის, შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების წარდგენა, რომლებიც აუდიტორის მიერ მიჩნეული იქნა რეალიზებულად, რითაც მოხდა ერთი და იგივე პროდუქციის ორჯერ რეალიზაცია და დაბეგვრა. საჩივარს ერთვის 171 სასაქონლო ზედნადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ (აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №031-16 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში) გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.11.2024 წლის №23715 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლის შედეგად დადგინდა რეალიზაციები, რომლებიც კომპანიის მიერ არ იყო ჩართული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გამოვლენილი სხვაობები შემოწმებით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).