ბრძანება N 5716
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5716
23.03.2023
ი/მ ------------ს (ს/ნ -------------)
(მის: -----------------------------------)
(იურ. მის:----------------------------)
2023 წლის 25 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი N--) განიხილა ი/მ ------------ს (ს/ნ -------------) N------/-/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი 2023 წელს წარმოადგენს პირველ შემთხვევას, ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის --- ლარის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ი/მ ------------ს (ს/ნ -------------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის N1257 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის ----- თებერვალს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 10 ლარის ღირებულების პროდუქციაზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი (აგრეთვე შეთავაზებული იქნა -------- ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა). აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა N---------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა ----- ლარის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ბოლო 12 თვის განმავლობაში წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებითი შემთხვევა), შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------------ს (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი 2023 წელს წარმოადგენს პირველ შემთხვევას, ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის N1257 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის ----- თებერვალს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა,რა დროსაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი . აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა .
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ბოლო 12 თვის განმავლობაში წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებითი შემთხვევა), შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 259(2); 269(1,8); 270(7); 281(3); 286(1,11); 291; 302(6);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტი;