ბრძანება N 3754
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3754
28.02.2023
ი/მ --------ის (ს/ნ --------)
(მის.: ქ.--------------------)
2022 წლის 4 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა ი/მ --------ის (ს/ნ --------) №75990/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №028-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ,1. ითხოვს შეძენილ საქონელზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შეზღუდვის მოხსნას საქონლის მომწოდებელ პირებზე ი/მ --------ის (ს/ნ --------) და შპს „----------“ (ს/ნ ------------). აცხადებს, რომ საქონლის შეძენის მომენტში აღნიშნულ პირებს არ ჰქონდათ შეზღუდვები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერაზე. ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა არ მომხდარა იმ მიზეზით, რომ ი/მ ------------ შეძენის მომენტისთვის არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენს 23 053 ლარს. აცხადებს, რომ -----------ის მიერ საქონლის შეძენა და ანაზღაურება განხორციელდა დღგ-ის ჩათვლით, დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა არ უნდა აზარალებდეს მეწარმეს, რომელსაც უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი დღგ.
2. გადამხდელი ითხოვს მიეცეს ბუღალტრის მიერ შეცდომით არასწორ პერიოდში (2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის დეკლარაციებზე) მიბმული და ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დეკლარაციებიდან ჩამოხსნის საშუალება, ითხოვს ჩათვლილი დღგ-ის თანხის დაკორექტირებას (შემცირებასს) და საგადასახადო შემოწმების პერიოდის ფარგლებში გათვალისწინებას.
3. ძირითადი საშუალებების შესაქმნელად (აღნიშნული ქონება დაბეგრილია ქონების გადასახადით) შეძენილ საქონელზე მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. განმარტავს, რომ შეძენები განხორციელებული იყო ფიზიკური პირებისგან, რომლის დასტურადაც წარმოადგინა შესყიდვის აქტების ნაწილი. საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში სრულად ვერ მოხერხდა დოკუმენტების წარდგენა. დღეის მდგომარეობით გადამხდელი მზად არის სრულყოფილად წარმოადგინოს შესყიდვის და ურთიერთშედარების აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15646 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №028-55 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ ----------ის (ს/ნ -----------) 2022 წლის 26 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ -------------ის (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15646 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 22 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 169 374 ლარი, მათ შორის, გადასახადი 155 643 ლარი და ჯარიმა 13 731 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 5 ოქტომბრის №028-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების შედეგად, პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის ნოემბრიდან, რის საფუძვლეზეც გადამხდელმა რეგისტრაციის შემდგომი პერიოდის მიღებულ მომსახურებასა და საქონელზე მეორე მხარეებს გამოაწერინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვა აღნიშნული დღგ-ის თანხებით დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ დამატებით ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 136 617 ლარი. აღნიშნული თანხით შემცირდა დარიცხული გადასახადი.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები. აღნიშნული წარმოადგენს გადამხდელის ძირითადი საქმიანობისთვის განკუთვნილ მასალებს. წარმოდგენილი შესყიდვის აქტები აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, შემოწმების მიერ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხების ჯამით გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯები.
გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია და არგუმენტები, რაც გავლენას მოახდენდა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებულ მომსახურებასა და საქონელზე დამატებით ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 136 617 ლარი, რის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული გადასახადი. ასევე, გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები, რომლებიც აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------------ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.