ბრძანება N 21060

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.09.2025
№ დოკუმენტი 21060
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21060

26 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 2 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 და 11 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №72 და №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 2 აგვისტოს №97304/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №067-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, კერძოდ, აუდირებული ფასნამატის გავრცელებას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ხვედრითი წილის გათვალისწინებით გამოანგარიშებული და გამოყენებული უნდა ყოფილიყო დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმების აქტში საერთოდ არ საბუთდება მისი შერჩევის კრიტერიუმები, ამასთან, დადგენილი ფასნამატი 60% ოდენობით, რეალობასთან შეუსაბამოა ტანსაცმლის ჯგუფის ნაწილში. ითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9060 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 22 სექტემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ივნისის №13838 ბრძანება და ამავე თარიღის №067-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 202 957 ლარი, მათ შორის გადასახადი 132 004 ლარი, ჯარიმა 66 002 ლარი და საურავი 4 951 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

● შპს „-------" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქონლის, კერძოდ, საკვები დანამატების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენა ძირითადად იმპორტის რეჟიმით (მცირე ოდენობა შეძენილია ადგილობრივად) და ადგილობრივი რეალიზაცია. შემოსავალი დაფიქსირებული არ არის უნაღდო ანგარიშსწორებით. შპს „-------" არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, რითაც დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 126 678 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ შეძენილი საქონელი (459 947) მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციებში დაფიქსირებულ რეალიზაციის მოცულობას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია კომპანიის სავაჭრო ობიექტისა და არსებული სმფ-ის ნაშთის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა დაბეგვრის ობიექტის დადგენის არაპირდაპირი მეთოდებით, რომლის შედეგად გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი სრულად შეძენილი პროდუქციის თვითრირებულებაზე ძირითადად აუდირებული ფასნამატის გამოყენებით (ფასნამატი შეძენილი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით: საკვები დანამატები-25% ნაწილობრივ დაიდენტიფიცირდა დოკუმენტურ რეალიზაციასთან; საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი-60%). ვინაიდან შეძენილი საქონელი არ წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქციას, შემოწმებამ გაითვალისწინა დღგ-ის ნებაყოფლობით რეგიტრაციის თარიღამდე საქონლის ნაშთის არსებობა და არ შეცვლილა დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი. შესაბამისად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და დასაბეგრი ბრუნვის ჯამური ოდენობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 73-ე, 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე მუხლების გათვალისწინებით, დეკლარირებულ და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე (450 769 ლარი) განისაზღვრა კომპანიის დამატებითი საგადასახადო ვალდებულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

● მიმდინარე საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შპს „-------" ფულადი სახსრების მოძრაობისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ კომპანიის მხრიდან რაიმე სახის ინფორმაცია არ ფიქსირდება. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის N10161 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია შპს „-------" სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელთან ვერ განხორციელდა დაკავშირება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დოკუმენტით შპს „-------" სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია. კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი შემოწმების მიერ გაკეთდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რეალიზაციიდან, შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, გაწეულ ხარჯად კი - ადგილობრივი და იმპორტირებული საქონლის (საინვოისო) სრული ღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლიბის შესაბამისად დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულება (459 947 ლ.) მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციებში დაფიქსირებულ რეალიზაციის მოცულობას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია კომპანიის სავაჭრო ობიექტისა და არსებული სმფ-ის ნაშთის შესახებ, დაბეგვრის ობიექტის დადგენისას შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის შედეგად გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი სრულად შეძენილი პროდუქციის თვითრირებულებაზე ძირითადად აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, კერძოდ, საყოფაცხოვრებო ნივთების და ტანსაცმელის ნაწილში დადგენილ იქნა აუდირებული ფასნამატი -60%, ხოლო საკვები დანამატები ნაწილობრივ დაიდენტიფიცირდა დოკუმენტურ რეალიზაციასთან, შესაბამისად დადგენილ იქნა 25%-იანი ფასნამატი. დეკლარირებულ და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რეალიზაციიდან, შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, გაწეულ ხარჯად კი - ადგილობრივი და იმპორტირებული საქონლის (საინვოისო) სრული ღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენებას და ასევე, აუდირებული ფასნამატის გამოყენებას ტანსაცმლის ჯგუფის ნაწილში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ხვედრითი წილის გათვალისწინებით გამოანგარიშებული და გამოყენებული უნდა ყოფილიყო დოკუმენტური ფასნამატი. განმარტავს, რომ ტანსაცმლის ჯგუფის საერთო თვითღირებულება შემოწმების მიერ განსაზღვრულია 229 919 ლარით. აქედან ყველა ძირითად საქონელზე დოკუმენტური ფასნამატი არის 25%-ის ფარგლებში. მაგალითად, რეალიზებულ საქონელში შედის საბაჟო ღირებულებით 79 785 ლარის მხოლოდ ქალის ბამბის ქურთუკი/ჟილეტი, რომლის ერთეულის ღირებულება არის 20 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით გასაყიდი ფასი 25 ლარი (სულ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 685 ერთეული ქურთუკი/ჟილეტი). ასევე, მაგალითად, რეალიზებულ საქონელში შედის საბაჟო ღირებულებით 22 528 ლარის მხოლოდ ქალის ჩანთა, რომლის ერთეულის ღირებულება არის 6,15 ლარი, ხოლო სასაქონლო ზედნადებით გასაყიდი ფასი 7,7 ლარი (სულ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულია 340 ერთეული ჩანთა).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დაიდენტიფიცირდება დოკუმენტით რეალიზებული საქონელი, აღნიშნულზე არ გაავრცელოს ფასნამატი და შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დაიდენტიფიცირდება დოკუმენტით რეალიზებული საქონელი, აღნიშნულზე არ გაავრცელოს ფასნამატი და შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქონლის, კერძოდ, საკვები დანამატების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენა ძირითადად იმპორტის რეჟიმით (მცირე ოდენობა შეძენილია ადგილობრივად) და ადგილობრივი რეალიზაცია. შპს არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, შემოწმებამ იხელმძღვანელა დაბეგვრის ობიექტის დადგენის არაპირდაპირი მეთოდებით, რომლის შედეგად გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი სრულად შეძენილი პროდუქციის თვითრირებულებაზე ძირითადად აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. დეკლარირებულ და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე განისაზღვრა კომპანიის დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.

კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი შემოწმების მიერ გაკეთდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რეალიზაციიდან, შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, გაწეულ ხარჯად კი - ადგილობრივი და იმპორტირებული საქონლის (საინვოისო) სრული ღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დაიდენტიფიცირდება დოკუმენტით რეალიზებული საქონელი, აღნიშნულზე არ გაავრცელოს ფასნამატი და შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163