გადაწყვეტილება №25059/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.05.2025
№ დოკუმენტი 25059/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25059/2/2025

13 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---- ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 01.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 14.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/2/2025).

 

დავის საგანი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის N 5736 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 400 ლარი

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისთვის (სილამაზის სალონში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ორი პირის არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის (თითოეულზე 200 ლარი) ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.03.2025 წლის N 5736 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 2885 მუხლით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით და განმარტავს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

სალონი მდებარეობს იმავე ოთახში, რომელშიც მდებარეობს სხვა პირის მაღაზია. 12.02.2025 წელს იმყოფებოდა თბილისში. ამასთან, სალონში მყოფი პირები არ იყვნენ მისი დაქირავებულები, ხოლო თავისი სამივე თანამშრომელი ასახული ჰყავს დაქირავებულ პირთა რეესტრში. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.

5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის მიხედვით, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მისი სალონი მდებარეობს იმავე ოთახში, რომელშიც მდებარეობს სხვა პირის მაღაზია. 12.02.2025 წელს იმყოფებოდა თბილისში. ამასთან, სალონში მყოფი პირები არ იყვნენ მისი დაქირავებულები, ხოლო თავისი სამივე თანამშრომელი ასახული ჰყავს დაქირავებულ პირთა რეესტრში.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის N -----21-12 წერილიდან ირკვევა, რომ დაქირავებულ პირთა რეესტრში გადამოწმების შედეგად დადგინდა რომ მომჩივანს სილამაზის სალონში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ორი პირი (----- (პ/ნ -----) და ----- (პ/ნ -----)) არ იყო დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული. 12.02.2025 წელს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB-----. ადგილზე გადამოწმების დროს ორივე პიროვნება სამუშაო პროცესში იქნა დაფიქსირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 12.02.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად და არ არსებობს მისი გაუქმების და დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისთვის (სილამაზის სალონში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ორი პირის არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის (თითოეულზე 200 ლარი) ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

დაქირავებულ პირთა რეესტრში გადამოწმების შედეგად დადგინდა რომ მომჩივანს სილამაზის სალონში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ორი პირი არ ჰყავდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული. ხოლო ადგილზე გადამოწმების დროს, ორივე პიროვნება სამუშაო პროცესში იქნა დაფიქსირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად, არ არსებობს მისი გაუქმების და დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 12; 2885; 269 (7);.